ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, იაპონიასთან მატჩში რამდენიმე ლიდერი დაასვენა (კარტერი, მაკქოუ), მაგრამ მატჩი მაინც ძლიერად ჩაატარა და მოწინააღმდეგე 83:7 გაანადგურა.
“ოლ ბლექსმა” მამაც იაპონელებს 13 ლელო გაუტანა და 9 რეალიზაცია გამოიყენა, რითაც მიმდინარე მსოფლიო თასზე, პირველი და მეორე ეშელონის ნაკრებებს შორის ერთგვარი თანაფარდობა დაარღვია და ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირა. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ანგარიშისა, ზელანდიელებმა ეპიზოდებში უპატიებელი შეცდომები დაუშვეს. მათ არც მსაჯები ჩამორჩნენ და მასპინძელთა სასარგებლოდ რამდენიმეჯერ უხეშად შეცდნენ: ვერ დაინახეს მათი წინ პასი და ფეხით გადაკიდებულზე თამაშგარედან მოთამაშე მორაგბე, მაშინ, როდესაც იაპონელებს მილიმეტრებიანი წინ პასი არ აპატიეს და მეორე ლელო ჩამოართვას და უმთავრესი - მესამე ლელოს გატანამდე, ბურთი გვერდით ხაზს იქით, თითქმის ნახევარ მეტრზე დაეცა და იქიდან დაუბრუნდა მოედანზე ზელანდიელ მორაგბეს, მაგრამ მთავარი რეფერი და გვერდითი მსაჯი დაბრმავდნენ, “ოლ ბლექსმა” შეტევა გააგრძელა და ლელოთი დააგვირგვინა.
შესაძლოა, ამ მატჩის საბოლოო შედეგზე მსაჯების ასეთ შეცდომებს დიდი გავლენა არ მოეხდინა, მაგრამ ასეთი თვალშისაცემი შეცდომები ზოგადად ცუდის მანიშნებელია და კაცმა არ იცის, მომავალში რა მოხდება. შეგახსენებთ, რომ მსაჯებმა სრულიად უსაფუძვლოდ არ ჩაუთვალეს უელსს სამხრეთ აფრიკასთან გატანილი ჯარიმა და შედეგად, უელსელებმა ის შეხვედრა 16:17 დათმეს, საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირების დროს კი, ირლანდიელმა რეფერიმ შოტლანდიელებისადმი სიმპატია ვერ დამალა, მათ სასარგებლოდ ჯარიმები მოიგონა, დანაშაულებზე კი, თვალი დახუჭა და სქოთებს 15:6 მოაგებინა. შესაძლოა, იმ შეხვედრაში შოტლანდიას მსაჯის შეცდომების გარეშეც ემარჯვა და სავარაუდოდ, ასეც იქნებოდა, მაგრამ “ბორჯღალოსნებს” თავდადებული თამაშისთვის პრემიალური ქულა მაინც ერგებოდათ და ეს ქულა სწორედ მსაჯმა წაართვა.
რაც შეეხება ჰემილტონში გამართულ შეხვედრას, ზელანდიელებმა სულ ნაირ-ნაირი ლელოები დადეს, მატჩის გამორჩეული მოთამაშე და ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი, მაა ნონუ იყო, ვისი შეჩერებაც იაპონელებმა ვერაფრით მოახერხეს. ის თითქმის ყველა სალელოვე გარღვევაში მონაწილეობდა, გადამწყვეტ როლს ასრულებდა და სალელოვე პასებს არიგებდა, ბოლოს კი, ერთი ლელო თავადაც მიითვალა. იაპონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თამაშის ჩახურვაზე არ უფიქრიათ, ალბათ იმიტომ, რომ ამას აზრი მაინც არ ჰქონდა, ანგარიშს ყურადღება არ მიაქციეს, კარის გასწვრიდან 20 მეტრიდანაც კი, ჯარიმა კარში არ დაარტყეს და მეტოქეს ლელოს გასატანად, საკუთარი 22-დანაც კი, ხელდახელ უტიეს. აზიელებმა თავიანთი შეცდომების გამო შანსები ვერ გამოიყენეს, მაგრამ ერთხელ მეტოქის შეცდომით ისარგებლეს, ონოზავამ ბურთი ჩაჭრა და საპასუხო ლელო გაიტანა, უილიამსის რეალიზაციაც ზუსტი იყო და ანგარიში 7:59 გახდა. იაპონელებს მეორე ლელოს გატნაც შეეძლოთ, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რეფერიმ მილიმეტრებიანი წინპასი ზუსტად დააფიქსირა.
ანგარიში მე-3 წუთზე კონარდ სმიტმა გახსნა, მეორედ იაპონელთა ჩათვლის მოედანში რიჩარდ კაჰუიმ შეაღწია, მერე იყო ვერდანახული (თუ არდანახული) აუტი და 22-ე წუთზე ჯერომი კაინოს ლელო, 30-ე წუთზე კი, კევენ მეალამუმ პრემიის მომტანი მეოთხე ლელო მიითვალა. შესვენებამდე, ორწუთიან ინტერვალში, 34-ე და 36-ე წუთებზე ლელოები ენდი ელისმა და კოლინ სლეიდმა მიითვალეს და ზელანდიამ ტაიმი 38:0 მოიგო. კაჰუიმ თავისი მეორე ლელო 45-ე წუთზე გაიტანა, 51-ზე თავი სონი ბილი უილიამსმა გამოიჩინა, 56-ეზე ისაია ტოეავამ, რასაც 58-ე წუთზე იაპონიამ თავისი ლელოთი უპასუხა. ამან “ოლ ბლექსი” გააბრაზა და ორ წუთში ენდრიუ ჰორიმ, ხოლო კიდევ ორ წუთში მაა ნონუმ ლელოები მიითვალეს. 15-წუთიანი შესვენების შემდეგ, 77-ე და 79-ე წუთებზე, იაპონელთა რბევა ადამ ტომსონმა და სონი ბილი უილიამსმა დაასრულეს.
იაპონიის ნაკრებს ახლა ორი ისეთი თამაში დარჩა, სადაც გამარჯვების იმედი ექნება. 21 სექტემბერს ისინი ტონგას, ხოლო 27 სექტემბერს კანადას დაუპირისპირდებიან. თავის მხრივ, ახალი ზელანდია A ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში 24 სექტემბერს საფრანგეთს დაუპირისპირდება, ჯგუფურ ეტაპს კი, 2 ოქტომბერს კანადასთან დაასრულებს.
A ჯგუფი
ახალი ზელანდია - იაპონია 83:7 (38:0)
1 | ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 124-17 | 10 |
2 | საფრანგეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 47-21 | 5 |
3 | კანადა | 1 | 1 | 0 | 0 | 25-20 | 4 |
4 | ტონგა | 2 | 0 | 0 | 2 | 30-66 | 1 |
5 | იაპონია | 2 | 0 | 0 | 2 | 28-130 | 0 |
18 სექტემბერი. ნეიპირი
საფრანგეთი - კანადა
21 სექტემბერი. უონგარეი
ტონგა - იაპონია
24 სექტემბერი. ოკლენდი
ახალი ზელანდია - საფრანგეთი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია