საქართველოს მორაგბეთა ერთპიროვნულ ლიდერ ქუთაისის “აიას” ეძლევა შანსი, რომ რეგულარული პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, საჩემპიონო ფლეი ოფში თამაში დაიბევოს.
რაღა თქმა უნდა, ქუთაისელები ფლეი ოფში ნაადრევად მოხვედრის შემთხვევაშიც კი, მიღწეულზე არაფრის დიდებით არ შეჩერდებიან და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ავსტრალიური ფლეი ოფის თავისებურება ისაა, რომ პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, გარკვეულ უპირატესობას იღებენ. პირველ ეტაპზე ისინი ერთმანეთს ეთამაშებიან და გამარჯვებული ფინალში თამაშის უფლებას იღებს, დამარცხებულს კი, იქ მოხვედრის შანსი კიდევ რჩება. ის მესამე-მეოთხე ადგილზე გასული გუნდების წყვილს შორის გამარჯვებულს მცირე ფინალში დაუპირისპირდება და ამ უკანასკნელის მოგებული, ფინალში “ბზის თასისთვის” იბრძოლებს. ამასთან, რეგულარული პირველობის პირველი და მესამეადგილოსანი გუნდები მასპინძლის უფლებით სარგებლობენ და ერთმატჩიან ფლეი ოფს შინაურ გარემოში ატარებენ.
X რაუნდზე ერთბაშად ორი ცენტრალური შეხვედრა მოდის და ორივე მათგანი “ავჭალაზე” გაიმართება. 16:00 საათზე წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი მოულოდნელობა თბილისის “არმაზი”, “აიას” დაუხვდება და საჩემპიონო ოთხეულში ადგილის შენარჩუნებას ეცდება. “არმაზმა” მეორე წრე საოცრად დაიწყო, ჯერ “ლელოს” სძლია, გასულ ტურში “ყოჩები” 23:3 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში ცხრილის ზედა ნაწილში პირველად აღმოჩნდა, ახლა კი, იქ დამკვიდრებას ეცდება. აღსანიშნავია, რომ წელს ეს გუნდი მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა და თუ არ ჩავთვლით საწყის ტურებს, იოლად არავის დანებდა. პირველ წრეში ის “აიას” ფოთის გარეუბანში, მალთაყვაში ეთამაშა და 16:36 დამარცხდა. რაც შეეხება ქუთაისელებს, ამ გუნდმა წელს ჩემპიონატში ჩატარებული ცხრა თამაშიდან ყველა მოიგო (ერთიც საქართველოს თასის მეოთხედფინალში) და ახლა ეცდება, რომ ეს სერია კიდევ უფრო გაახანგრძლივოს და ოთხეულში ადგილი ნაადრევად დაიბევოს.
18:00 საათზე “ავჭალაზე” უკვე ის გუნდები, გავლენ, რომლებიც ჩემპიონობის მაძიებლებად თავიდანვე მოიაზრებოდნენ. თბილისის “ლელო” ქართული საკლუბო რაგბის ფლაგმანად ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, “არმიამ” კი, უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა, თავი ძალიან ძლიერ შემადგენლობას მოუყარა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი ღირსეულად უჭირავს. “არმიამ” მსოფლიო თასზე ორი მორაგბე მიავლინა (ბიძინა სამხარაძე და ჯაბა ბრეგვაძე), მაგრამ წრეებს შორის შესვენებისას ძალიან დიდი შევსებაც მიიღო და ეს შედეგებზეც აისახა. მეორე წრის დასაწყისში მათ ჯერ “ლოკომოტივი” დაამარცხეს 23:6, მერე კი, რუსთავში “ხარებს” სძლიეს 34:13 და მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ. მართალია, არმიელები ლიდერს მთელი ხუთი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ უახლოეს მდევარსაც კარგად უსწრებენ (3 ქულით) და ახლა სიტუაციის გაუმჯობესებას ეცდებიან.
ნაკრებში სამი კაცი გაუშვა “ლელომ” (სანდრო თოდუა, ლექსო გუგავა და ლაშა ხმალაძე), ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი გიორგი ჩხაიძეც ჯერ ეროვნული გუნდის წარმატებისთვის იბრძვის და ამ ყველაფერმა გუნდის შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონია. შარშანდელი გათამაშების ფინალისტს, აგერ უკვე სამი თამაშია არ მოუგია. პირველი წრის მიწურულს “აკადემიასთან” მარცხის შემდეგ, მეორე წრის დასაწყისში ჯერ “არმაზთან” 17:22, მერე კი, “ლოკომოტივთან” 20:25 წააგეს და შედეგად, ოთხეულში ადგილი დაკარგეს. ამჟამად “ლელო” მეექვსე ადგილზეა, თუმცა, საჩემპიონო ფლეი ოფის ადგილს სულ რაღაც ქულით ჩამორჩება და მის აღმოფხვრას აქედანვე ეცდება. პირველ წრეში “ლელო” მეტოქეს თამაშით ჯობდა, მაგრამ ბოლო წუთებზე ახლო მანძილიდან გასატანი ჯარიმის კარში დარტყმის ნაცვლად, ლელოს გატანა მოინდომა, ამის გამო დაისაჯა და 21:23 დამარცხდა.
თბილისში გაიმართება X რაუნდის დანარჩენი ორი შეხვედრაც. დედაქალაქურ დერბიში, ქვეყნის ჩემპიონი “ლოკომოტივი” “ყოჩებს” 17:00 საათიდან “ვისოლზე” დაუპირისპირდება. “ყოჩები” მიმდინარე სეზონს ძალიან ცუდად ატარებს და ცხრა შეხვედრაში პირველი ქულა მხოლოდ მეორე წრის სტარტზე, მერვე შეხვედრაში მოიპოვა, როდესაც “აკადემიას” 19:19 დაუზავდა, მაგრამ გასულ ტურში “არმაზთან” ვერაფერს გახდა და 3:23 დამარცხდა. ამრიგად, კინკილა ქულას ამარად დარჩენილი ეს გუნდი, სატურნირო ცხრილის ფსკერზე დაილექა და მომავალი წლისთვის პირველ ლიგაში დაქვეითების უმთავრესი კანდიდატია. შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის ბოლოადგილოსანი, ქვედა დივიზიონში პირდაპირ ვარდება, ბოლოდან მეორეადგილოსანი კი, პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან უძლიერესთა შორის დარჩენისთვის ორმატჩიან დუელს მართავს.
“ყოჩები” გადამრჩენ მეექვსე საფეხურს მთელი 7 ქულით ჩამორჩება და იქამდე აღზევება უფრო ოცნებას ემსგავსება, მეშვიდე ადგილამდე კი, სამი ქულა აშორებს (მოგება და ფრე) და თუ ხელი ახლავე არ გამოიღო, მერე შეიძლება გვიანი იყოს. “ლოკომოტივმა” ორი მესამეხაზელი მოისაკლისა - გივი ბერიშვილი ნაკრებთან ერთად ახალ ზელანდიაში იმყოფება, ზვიად მაისურაძე კი, “ბორჯღალოსანთა” ფრანგული შეკრებისას ისე დაშავდა, რომ საოპერაციო შეიქნა. პირველი წრე ჩემპიონმა ოთხეულს მიღმა, მეხუთე ადგილზე დაასრულა და მეორე წრის პირველ მატჩში “არმიასთან” 6:23 მარცხის შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო დაუმძიმდა. სამაგიეროდ, “ლოკომოტივმა” ერთი კვირის წინ “ლელო” 25:20 დასცა, ხასიათი გამოიკეთა და ერთბაშად მესამე ადგილამდეც აღზევდა. მიუხედავად ამისა, მდევრები ძალიან ახლოს არიან, ორი მხოლოდ ქულით, ერთი კი, ორი ქულით ჩამორჩება და “ლოკომოტივს” მდგომარეობის შესანარჩუნებლად ყველა მატჩში ბრძოლა მოუწევს. პირველ წრეში ჩემპიონმა “ყოჩები” არ დაინდო და 33:17 დაამარცხა.
X რაუნდის მეოთხე შეხვედრა “შევარდენზე” 17:00 საათზე დაიწყება და ოთხეულისთვის მებრძოლი “აკადემია”, გადარჩენისთვის მებრძოლ “ხარებს” დაუხვდება. “აკადემიამ”, ამ ყველაზე მშვიდობისმოყვარე მოყვარულთა გუნდმა, მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის მიწურულს, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა “ლოკომოტივი” და “ლელო”, მანამდე დაუზავდა და “არმაზს” და “არმიას” და ორთვიან შესვებენაზე მესამე ადგილით გავიდნენ. მეორე წრის დასაწყისში, აკადემიელებმა მერვე შეხვედრაში მესამე ფრე ითამაშეს (“ყოჩებთან” 19:19), მაგრამ მერე “აიასთან” 7:33 დამარცხდნენ და მეხუთე ადგილამდე დაეშვნენ.
მთლიანობაში, “აკადემიას” ცხრა თამაშიდან სამ-სამი მოგება, ფრე და მარცხი აქვს. აღსანიშნავია, რომ წაგებული შეხვედრებიდან, ორჯერ მათ ქუთაისელებმა მოუგეს, ერთხელ კი, რუსთავში “ხარებმა” (22:19) და ახლა აკადემიელებს რევანშის შანსი ეძლევათ. ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფი “ხარების” უმთავრესი მიზანი, ამ პოზიციის შენარჩუნება და მერე პირველლიგელი მეტოქის ორრაუნდიან ბრძოლაში დამარცხებაა. ამისათვის აუცილებელია, რომ მათ მდევარ “ყოჩებთან” სამქულიანი უპირატესობა რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნონ და თუ საშუალება მიეცემათ, გაზარდონ კიდეც. რუსთაველებმა მიმდინარე ჩემპიონატში “აკადემიის” გარდა მხოლოდ უშუალო კონკურენტი “ყოჩები” დაამარცხეს. ეს აგვისტოს ბოლოს, პირველი წრის გადადებულ შეხვედრაში მოხდა, მეორე წრეში კი, “აიასთან” და “არმიასთან” საკუთარ ქალაქში შერცხვნენ და სიტუაციის გამოსწორებას ახლა თბილისში ეცდებიან.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
17 სექტემბერი. X რაუნდი
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ავჭალა”. 18:00 საათი
არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი)
თბილისი. “ვისოლი”. 17:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
1 | აია | 9 | 9 | 0 | 0 | 244-103 | 18 |
2 | არმია | 9 | 6 | 1 | 2 | 210-153 | 13 |
3 | ლოკომოტივი | 9 | 5 | 0 | 4 | 178-168 | 10 |
4 | არმაზი | 9 | 4 | 1 | 4 | 181-187 | 9 |
5 | აკადემია | 9 | 3 | 3 | 3 | 169-189 | 9 |
6 | ლელო | 9 | 4 | 0 | 5 | 215-189 | 8 |
7 | ხარები | 9 | 2 | 0 | 7 | 98-196 | 4 |
8 | ყოჩები | 9 | 0 | 1 | 8 | 120-232 | 1 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია