ამბები

11:49 | 17.09.2011 | ნანახია 5130 - ჯერ

ორი ცვლილება საინგლისოდ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 18 სექტემბერს ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის მეორე ქალაქ დანედინში, 2011 წლის მსოფლიო თასზე თავის მეორე შეხვედრას გამართავს. “ოტაგო სთედიუმზე”, თბილისის დროით 10 საათზე, “ბორჯღალოსნების” წინაშე 2003 წლის მსოფლიო თასის მფლობელი, ოთხი წლის წინანდელი გათამაშების ფინალისტი და დღეისათვის მსოფლიო რეიტინგის მეოთხეადგილოსანი ინგლისი წარდგება.
შოტლანდიასთან ოთხი დღის წინ 6:15 წაგებული მატჩის შემადგენლობაში, სულ ორი ცვლილება მოხდა. შერკინების პირველ ხაზში დავით ზირაქაშვილის ნაცვლად დავით ქუბრიაშვილი ითამაშებს, რომელიც წინა შეხვედრაზე შეცვლაზე შევიდა. შესაძლოა, ეს ცვლილება გარკვეულწილად ზირაქაშვილის ტრავმასთან იყოს დაკავშირებული. ჯერ კიდევ ზელანდიაში გამგზავრებამდე, ზირაქაშვილს თავი მენისკმა შეახსენა და ამის გამო საკონტროლო შეხვედრაც გამოტოვა. ის ამჯერად სათადარიგოთა შორის იქნება და თამაშში საჭიროების შემთხვევაში ჩაებმება. მეორე ხაზში გამოჩნდა “ბორჯღალოსანთა” ექს-კაპიტანი ილია ზედგინიძე, რომელმაც ფრანგული შეკრებისას თითი მოიტეხა, ოპერაცია გაიკეთა და თავიდანვე ცხადი იყო, რომ შოტლანდიასთან ვერა, მაგრამ ინგლისის წინააღმდეგ ითამაშებდა.
ლევან დათუნაშვილმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და საჭიროების შემთხვევაში მოედანზე შესასვლელად მზად იქნება. საგულისხმოა, რომ მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა სათადარიგოებს შორის ხუთი მორკინალი და მხოლოდ ორი უკანახაზელი გაამწესა. 14 სექტემბრის მატჩის განაცხადისგან განსხვავებით, ამჯერად სათადარიგოთა შორისაც ვერ მოხვდნენ მალხაზ ურჯუკაშვილი და ვიტო კოლელიშვილი. მათ ნაცვლად შემცვლელებში გამოჩნდა თბილისის “ლოკომოტივის” მესამეხაზელი გივი ბერიშვილი, რომელსაც ნაკრებში დებიუტი გასულ ივნისში, ბუქარესტში ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი იმედოვნებს, რომ გუნდი ისეთივე დაცვას ითამაშებს, როგორც შოტლანდიის წინააღმდეგ და ამავდროულად, შეტევების ორგანიზებასაც მოახერხებს. ოთხი დღის წინანდელი შეხვედრის შემდეგ, ის სწორედ შეტევაში სუსტ თამაშს აღნიშნავდა და ინგლისთან მატჩში ამის გამოსწორებას გეგმავდა. სანამ მომავალ შეხვედრაზე ისაუბრებდა, მან პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა:
“ბიჭები გასაოცარი ძალითა და შემართებით თამაშობდნენ. სამწუხაროდ, შოტლანდიელებთან თამაშზე თავისი ნეგატიური გავლენა ე. წ. “პირველი მატჩის” სინდრომმა მოახდინა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩვენმა შერკინებამ ვერ მოახერხა ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება. გაწბილებულები ვართ იმით, რომ ვერ მოვახერხეთ თამაშის კონტროლი და იმის გაკეთება, რაც დაგეგმილი გვქონდა. რაღა თქმა უნდა, ინგლისს მაგარი შერკინება ეყოლება. ჩვენი ამოცანა იქნება, ვითამაშოთ ორივე ტაიმი შესაბამის დონეზე, ისე, რომ ჩავარდნა არ გვქონდეს მატჩის არცერთ მონაკვეთში. შოტლანდიასთან ულელოო თამაშის შემდეგ, ჩვენი დაცვის ორგანიზებულობა ინგლისთან თამაშშიც უნდა გამოჩნდეს. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია მათთან ღირსეული დაპირისპირება. 2003 წელს, მსოფლიო თასზე, ინგლისმა დებიუტანტ საქართველოს დიდი უპირატესობით მოუგო. ამ თამაშში ჩვენი ნაკრები შეძლებს, რომ ინგლისელებს არ მისცეს ამგვარი სათამაშო უპირატესობა”.
8 წლის წინ, “ბორჯღალოსნები” ინგლისთან ავსტრალიაში 6:84 დამარცხდნენ და ეს ანგარიში დღემდე რჩება საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი სხვაობით მარცხად. თუნდაც შოტლანდიასთან მატჩმა, ყველას დაგვანახა, რომ დღეს საქართველოს ნაკრები ის გუნდი აღარაა, ვინმემ ასე ადვილად დაიბრიყვოს, თუმცა, გამარჯვების იმედი თავად მწვრთნელებს და მორაგბეებსაც არ აქვთ და მიზნად ღირსეულ თამაშს ისახავენ, რაც სრულიად მიღწევადია.
ინგლისის ნაკრებმა, 10 სექტემბერს არგენტინასთან 13:9 მოგებული შემადგენლობიდან, ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ცხრა მორაგბე შეცვალა. მიუხედავად მოგებისა, ინგლისელებმა სამხრეთამერიკელებმა დამაჯერებელი თამაში ვერ აჩვენეს, უამრავი შეცდომა დაუშვეს, მათ შორის მთავარმა ვარსკვლავმა ჯონ უილკინსონმაც და ახლა მან სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, მის ადგილს კი, ტობი ფლადი დაიკავებს. გუნდს დაუბრუნდა ტრავმირებული კაპიტანი, ვეტერანი ლუის მუდი, რომელმაც არგენტინელებთან მატჩი გამოტოვა. გუნდის მთავარი მწვრთნელი მარტინ ჯონსონი ქართველების შესაძლებლობას სათანადოდ აფასებს და მძიმე მატჩისთვის ემზადება:
“ადრეც ვამბობდი და ახლაც მინდა გავიმეორო - შეუძლებელია ვერ დავინახოთ მათი წინსვლა. “ახალ” სარაგბო ერებთან დაპირისპირება უკვე აღარ ნიშნავს გარანტირებულ გამარჯვებას. საქართველოს ნაკრებს, რომელიც 2003 წელს პირველად თამაშობდა მწოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე, გამანადგურებელი ანგარიშით მოვუგეთ - 84:6. დღესდღეობით, მსგავსი შედეგით მოგება უკვე ვეღარ წარმომიდგენია. მე ვხედავ უკეთეს ორგანიზაციას მინდორზე და მათ ნაკრებში პროფესიონალიზმის განვითარებას, რაც წინსვლის ბაზისია. უკეთ თამაშობს დაცვა და სივრცეს აღარ ტოვებს. აშკარაა - მათ აქვთ ტექნიკა და სისტემა”.
ჯონსონმა ისიც აღნიშნა, რომ ქართველი მორაგბეების უმეტესობა ფრანგულ კლუბებში თამაშობს და ქართველი სპორტსმენების მაღალ ოსტატობას ხაზი ჰუკერმა სტივ ტომპსონმაც აუბა, რომელიც “ბრივში” დავით ხინჩაგიშვილის თანაგუნდელია: “ხინჩაგიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო ბურჯია, ვისთან ერთადაც მე შერკინებაში დგომა მომიწია”.
ინგლისელებმა კარგად იციან, რომ წარმატების მისაღწევად, უწინარესად, ქართველთა შერკინებას არ უნდა მისცენ უპირატესობის მოპოვების საშუალება და სწორედ ამიტომ, შერკინების მეორე ხაზში ვეტერანი, 38 წლის საიმონ შოუ გამოჩნდა. ინგლისელებს მიზნად მინიმუმ მეოთხედფინალში გასვლა აქვთ დასახული და ქართველებთან პრემიალური ქულით მოგებას გეგმავენ, შერკინების გარდა კი, ისინი მერაბ კვირიკაშვილსაც უფრთხიან, რომელმაც შოტლანდიასთან მატჩში ორი ურთულესი ჯარიმა გაიტანა, აქედან ერთი - საკუთარი ნახევრიდან. არგენტინელებს მათი დასჯა შეეძლოთ, მაგრამ ჯარიმები ძალიან ცუდად ურტყეს, ახლა კი, ბრიტანელები ეცდებიან, რომ ჯარიმებით ქულების მოგროვების შანსი კვირიკაშვილს არ მისცენ.
“არგენტინასთან ძალიან რთული მატჩი გადავიტანეთ და დარწმუნებული ვარ, იოლი შეხვედრა არც საქართველოსთან გველის. მათ ჰყავთ მორაგბე, რომელსაც ჯარიმის გატანა საკუთარი ნახევრიდანაც შეუძლია და შერკინების გარდა, უკანა ხაზშიც რამდენიმე კარგი მორაგბე თამაშობს. ამიტომ, მაქსიმალური ყურადღება გვმართებს” - თქვა ტომ კროფტმა, რომელიც ქართველებთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან იწყებს.
“ინგლისელებმა ნახეს ჩვენი თამაში შოტლანდიის წინააღმდეგ და ალბათ კარგად იციან, როგორ უნდა გვეთამაშონ. შოტლანდიასთან დაშვებული შეცდომების შემდეგ, ჩემმა ბიჭებმაც კარგად იციან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. პირველი მატჩის შემდეგ, ისინი საკუთარი თამაშით იმედგაცრუებულები არიან და ახლა განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან”, - აღნიშნა დიქსონმა, რომელიც დაცვაში კარგ თამაშს ახლაც დიდ ყურადღებას დაუთმობს და შეტევებში მამუკა გორგოძის ძალისა და სისწრაფის უკეთ გამოყენებას ეცდება.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ინგლისელებთან მარცხის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები რეიტინგში არაფერს დაკარგავს, სამაგიეროდ, ფრის შემთხვევაში მონაგარს 2,0 სარეიტინგო ქულას შემატებს, თუ მცირე სხვაობით მოიგებს, მაშინ ნამატი 4,0 ქულა იქნება, ხოლო ინგლისელთა 15 ქულაზე მეტი სხვაობით განადგურება, რეიტინგში 6,0 ქულის ტოლფასი იქნება.

2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. B ჯგუფი.
დანედინი. “ოტაგო სტედიუმი”. 10:00 საათი (თბილისის დროით)
ინგლისი - საქართველო
საქართველოს ნაკრები: 15. რევაზ გიგაური, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედი ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპიტანი); 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით ზირაქაშვილი, 18. ლევან დათუნაშვილი, 19. გიორგი ჩხაიძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. გივი ბერიშვილი, 22. ლაშა ხმალაძე.
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
ინგლისის ნაკრები: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. შონტაინ ჰეიპი, 11. დელონ არმიტაჯი, 10. ტობი ფლადი, 9. ბენ იანგსი; 1. მეტ სტივენსი, 2. დილან ჰარტლი, 3. დენ კოული, 4. საიმონ შოუ, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ ვუდი, 7. ლუის მუდი (კაპიტანი), 8. ნიკ ისტერი.
სათადარიგოები: 16. სტივ ტომპსონი, 17. ალექს კორბიზიერო, 18. ტომ კროფტი, 19. ჯეიმს ჰასკელი, 20. ჯო სიმფსონი, 21. ჯონი უილკინსონი, 22. მატ ბენაჰანი.
მწვრთნელი: მარტინ ჯონსი


1.    შოტლანდია      2    2    0    0    49-30    9
2.    არგენტინა         2    1    0    1    52-21    6
3.    ინგლისი             1    1    0    0    13-9      4
4.    საქართველო     1    0    0    1    6-15       0
5.    რუმინეთი          2    0    0    2    32-77    0

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090606