ამბები

12:56 | 17.09.2011 | ნანახია 3018 - ჯერ

არგენტინამ რუმინეთთან გაილაღა

ყველა ელოდა, რომ ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის უკიდურესი სამხრეთით მდებარე ქალაქ ინვერქარგილში მაყურებელი კიდევ ერთ “დახურულ” თამაშს იხილავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. არგენტინამ შერკინებით თამაშზე უარი თქვა, რუმინეთიც აიყოლია და ბურთაობა-ბურთაობით მეტოქე 43:8 დაამარცხა.
“პუმებმა” პირველი შეხვედრა ინგლისთან 9:13 დათმეს, არადა, დიდი ხნის განმავლობაში მეტოქეს 9:3-ს უგებდნენ და რომ არა მათი მთავარი დამრტყმელის, მარტინ როდრიგესის შეცდომები, შესაძლოა, ახლა ორიდან ორი გამარჯვება ჰქონოდათ. მართალია, როდრიგესს პირველი დარტყმა ახლაც გაუფუჭდა, მაგრამ მერე შედარებით უკეთ გამოიყურებოდა და ჯამში გუნდს 13 ქულა შესძინა. არგენტინელებმა სულ ექვსი ლელო გაიტანეს, მაგრამ რომ არა რუმინელთა თავდადებული თამაში დაცვაში, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა. ამასთან, რუმინელები არც შეტევებს ივიწყებდნენ, ერთი საპასუხო ლელო თავადაც გაიტანეს და მეორეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ სისწრაფე არ ეყოთ.
როდრიგესმა გასატანი ჯარიმა მე-4 წუთზე გააფუჭა, მაგრამ არგენტინამ იერიშები არ შეწყვიტა, რექიდან სწრაფად გამოტანილი ბურთი სანტიაგო ფერნანდესმა მიიღო, ხაზი გაჭრა და მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა, როდრიგესმა კი, რეალიზაცია გამოიყენა. მე-9 მეორე ლელო გავიდა. ნიკოლას ვერგალომ მოულოდნელად შეცვალა შეტევის მიმართულება, როდრიგესმა მარჯვენა კიდესთან ხუან მანუელ ლეგიზამონმა გზად სამი მცველი ჩამოიშორა, 25 მეტრი დაფარა და ანგარიში გაზრდა, როდრიგესმა კი, ეს რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა. რუმინეთმა მე-12 წუთისთვის იგდო ბურთი ხელთ, ეტაპობრივად შეუტია, კარის წინ მოლის აგორება სცადა, არგენტინა დაჯარიმდა და ტიბერიუს იონუტ დიმოფტემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 3:14.
მეოთხედის თავზე, არგენტინამ უკვე ძალისმიერად შეუტია, ბურთი ფიგალომ აიტაცა და თანაგუნდელის დახმარებით, მიუხედავად რუმინელთა წინააღმდეგობისა, ხაზი გადაკვეთა. ამჯერად რეალიზაცია არაზუსტი იყო. 30-ე წუთზე “პუმებმა” მეოთხე ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულა გაინაღდეს. ლუკას გონსალეს ამოროზინომ კარის გასწვრივ დაახლოებით 25 მეტრში მიიღო ბურთი, მოულოდნელად მაღალი სიჩქარით გაიჭრა წინ, ორ მცველს შუა ისე გაძვრა, ხელი ვერავინ წაავლო და ლელო ძელებსშუა გაიტანა, როდრიგესმა კი, რეალიზაცია გამოიყენა. ორ წუთში რუმინეთმა ძალიან კარგი, შედეგიანი შეტევით უპასუხა. მათ სამხრეთამერიკელთა დაცვა მოკლე დარტყმებით გაჭიმეს, მერე ბურთი მარცხენა ფლანგამდე ბოლომდე ჩაათამაშეს და იონელ კაზანმა ლელო ალამთან გაიტანა. დიმოფტეს რეალიზაცია გაუცუდდა და ზედ შესვენების წინ, ჯარიმაც ვერ გამოიყენა, რის სემდეგაც ტაიმი 8:26 დათმო.
მეორე ნახევრში რუმინეთი კარგად იცავდა თავს, ამასთან, როდრიგესს პირველი ტაიმის მსგავსად, 43-ე წუთზე ჯარიმა გაუფუჭდა, მაგრამ ერთ წუთში განმეორებითი შანსი მიიღო და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. 53-ე წუთზე “მუხის ფოთლები” 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ - რეფერიმ მიჰაი ლაზარი რაქში ხელით თამაშისთვის გაასინბინა. არგენტინამ მეტობა და უპირატესობა მთელი 10 წუთი ვერ გამოიყენა, რუმინელები მამაცურად იცავდნენ თავს და სამხრეთამერიკელთა ორი სალელოვე შეტევა მოიგერიეს, მაგრამ 64-ე წუთზე “პუმებმა” მეხუთე ლელო მაინც გაიტანეს. შეცვლაზე შესულმა ხუან იმჰოფმა, რომელიც მანამდე ჩათვლის მოედნიდან უკუაგდეს, თავისუფალი დერეფანი გამოძებნა, ხაზი გაჭრა და ძელებსშუა შეცურდა. 72-ე წუთზე, რუმინელებმა თავის 22-ში ჩაჭრეს ბურთი, მაგრამ დიმოფტემ სიჩქარე ვერ აკრიფა, ცენტრთან მას მეტოქე წამოეწია, ბურთის ფლანგზე გადატანა წარუმატებელი აღმოჩნდა, ოვალი ახლა არგენტინელებმა იგდეს ხელთ, თავად შეუტიეს და ფესიამ მატჩის უკანასკნელი, მეექვსე ლელო გაიტანა, როდრიგესმა კი, რეალიზაციით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ახლა გუნდები ერთი კვირა დაისვენებენ. ინგლისი ჯგუფის მესამე შეხვედრას 24 სექტემბერს ინგლისთან გამართავს, 28 სექტემბერს კი, მსოფლიო თასზე გამოსვლას საქართველოსთან დაასრულებს. არგენტინელებს მომავალი მატჩი 25 სექტემბერს შოტლანდიასთან უწევთ, 2 ოქტომბერს კი, საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებენ.

B ჯგუფი
არგენტინა - რუმინეთი 43:8 (26:8)

1.    შოტლანდია      2    2    0    0    49-30    9
2.    არგენტინა         2    1    0    1    52-21    6
3.    ინგლისი            1    1    0    0    13-9       4
4.    საქართველო    1    0    0    1    6-15       0
5.    რუმინეთი         2    0    0    2    32-77    0
 

18 სექტემბერი. დანედინი
ინგლისი- საქართველო
24 სექტემბერი. დანედინი
ინგლისი - რუმინეთი
25 სექტემბერი. ველინგტონი
არგენტინა - შოტლანდია
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083297