მსოფლიოს ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ 2011 წლის მსოფლიო თასის მეორე შეხვედრაში, ფიჯის წინააღმდეგობა 25 წუთის შემდეგ გატეხა, მეტოქეს ექვსი უპასუხო ლელო გაუტანა და 49:3 იმარჯვა.
აფრიკელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს, სწრაფი გარღვევებით მათი დაცვის ზღუდეები მოშალეს და დაამტკიცეს, რომ თასს იოლად არავის დაუთმობენ. ანგარიშის გახსნის შანსი მე-3 წუთზე ხელიდან მორნი სტეინმა გაუშვა, როდესაც ახლოდან გასატანი ჯარიმა ძელებსშუა ვერ გააძვრინა. ფიჯელებმა შეტევა სცადეს, მაგრამ დაჯარიმდნენ და ფრანსუა სტეინმა საკუთარი ნახევრიდან, 60 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. “ბოკემ” სალელოვედ შეუტია, მაგრამ კუნძულელები საკუთარი ჩათვლის მოედნის ხაზზე კედელივით დადგნენ და მეტოქეს მისი გარღვევის საშუალება არ მისცეს, მერე კი, თავადვე შეუტიეს, 22 მეტრიდან ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და ბეიმ წონასწორობა აღადგინა.
26-ე წუთზე ფიჯიმ აფრიკელთა შეტევა უკვე ვეღარ შეაჩერა. მსოფლიოს ჩემპიონმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია, ბურთი პირველხაზელმა სტიენკამპმა მოიხელთა, ორი მოწინააღმდეგე დაჯახებებით ჩამოიშორა, შვიდი-რვა მეტრი დაფარა და ლელო ალამთან გაიტანა, მორნი სტეინმა კი, რეალიზაცია გამოიყენა. მანვე 30-ე წუთზე უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, მერე ფრანსუა სტეინს არეკნი გაუფუჭდა, 34-ე წუთზე კი, “ბოკემ” კიდევ ერთხელ გაარღვია მეტოქის დაცვა მარცხენა ფლანგზე და ჟაკ ფურიმ მეორე ლელო გაიტანა. მორნი სტეინს რეალიზაცია გაუფუჭდა, ერთხელ ჯარიმაც ვერ გამოიყენა, მაგრამ ზედ შესვენების წინ, ჯარიმიდან იხეირა და ტაიმი 21:3 დასრულდა.
მეორე ნახევრის დასაწყისში ფიჯი რაღაცას კიდევ ეცადა, მაგრამ “ქურციკებმა” მალევე საბოლოოდ იგდეს ხელთ უპირატესობა, 48-ე წუთზე დანი რუსომ კარგად გაჭრა ხაზი, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, ჰენრიც ბრუსომ ის ჭკვიანურად გადაკიდა ფეხით, ფრანსუა სტეინი კარგად შეყვა, ცრუ მოძრაობებით ორი მცველი ჩამოიშორა და აფრიკელთა მესამე ლელო გაიტანა, მორნიმ რეალიზაცია გამოიყენა. პრემიის მომტან მეოთხე ლელოს “სპრინგბოკი” 63-ე წუთამდე ელოდა, მერე მორნი სტეინმა ხაზი მოხდენილად გაჭრა და ანგარიში გაზარდა. ფიჯიმ საპასუხო ლელოს გატანა კი მოახერხა, მაგრამ ბოლო მომენტში წინპასი გამოუვიდა, არადა, ფლანგზე იმხელა რიცხვობრივი უპირატესობა ჰქონდა, მიზანს ამის გარეშეც ადვილად მიაღწევდა. დასკვნით 10 წუთში მაყურებელმა კიდევ ორი ლელო იხილა. ჯერ მორნი სტეინმა გაჭრა ხაზი კარგად, ბურთი ფრანსუა სტეინს გააყოლა, ის ჩათვლის მოედნიდან ერთ მეტრში შებოჭეს, მაგრამ ბურთის ამოგდება მოახერხა და მთავარი რამ - ძელებსშუა დაამიწა. ფიჯი პრესტიჟის ლელოსთან კიდევ ერთხელ იყო ახლოს, მაგრამ შემტევს ბოჭვისას უკვე ჩათვლის მოედანში ბურთი წინ დაუვარდა, ხოლო 76-ე წუთზე, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე რუსომ თავისი წილი, დამსახურებული ლელო მიითვალა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
D ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 49:3 (21:3)
1. სამხრეთ აფრიკა 2 2 0 0 66-19 9
2. სამოა 1 1 0 0 49-12 5
3. ფიჯი 2 1 0 1 52-74 5
4. უელსი 1 0 0 1 16-17 1
5. ნამიბია 2 0 0 2 37-98 0
18 სექტემბერი. ჰემილტონი
უელსი - სამოა
22 სექტემბერი. ოკლენდი
სამხრეთ აფრიკა - ნამიბია
25 სექტემბერი. ოკლენდი
ფიჯი - სამოა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია