ამბები

15:52 | 17.09.2011 | ნანახია 4842 - ჯერ

ირლანდიამ სამხრეთელი ბობოლა წააქცია

ირლანდიის ნაკრები გახდა პირველი ევროპული გუნდი, რომელმაც ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე, სამხრეთელი ბობოლა, ავსტრალია დაამარცხა და ტურნირის ორგანიზატორების წინასწარი გათვლები თავდაყირა დააყენა.
2011 წლის მსოფლიო თასის მოგების მთავარ პრეტენდენტად, ახალი ზელანდიის შემდეგ, სწორედ “სამი ერის” თასის ბოლო გათამაშების გამარჯვებული “ვოლაბები” მიიჩნეოდნენ, მაგრამ ირლანდიამ საოცარი თამაში აჩვენა დაცვაში, შერკინებაში საკუთარი უპირატესობა სათანადოდ გამოიყენა, მეტოქეს არც შეტევაში ჩამორჩა და 15:6 იმარჯვა. თამაშმა მაღალ ტემპში, თითქმის თანაბარ ბრძოლაში, ორმხრივ შეტევებში ჩაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ლელო არ გასულა, ოკლენდის “იდენ პარკზე” შეკრებილმა 60 ათასმა მაყურებელმა დიდად ისიამოვნა.
შეხვედრა ავსტრალიელთა იერიშებით დაიწყო და მე-5 წუთზე მსაჯმა პატარა შეცდომა დაუშვა. გენიას ბოჭვისას ბურთი წინ დაუვარდა, რის შემდეგაც ის ბეილიმ აიტაცა და შეტევა გააგრძელა, მცველმა კი, კისრით შებოჭა. ზელანდიელმა რეფერიმ წინ პასი არად ჩააგდო და ავსტრალიელთა სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა, მაგრამ ჯეიმს ოკონორმა მისი გამოყენება ვერ მოახერხა და სამართლიანობა ბუნებრივად აღდგა. საგულისხმოა, რომ ასეთი ბოჭვისთვის ირლანდიელი ყვითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ წინთამაშის არდაფიქსირების ფონზე, მსაჯმა ევროპელი აღარ გაასინბინა.
საწყის ათ წუთში მოპოვებული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ქულებში მაინც აისახა. ირლანდიელები ზედ კარის გასწვრივ შერკინებაში დაჯარიმდნენ და ოკონორმა ამჯერად დარტყმა შეასრულა. მალე ავსტრალიელები საკუთარ ნახევარზე, შეტევისას ბურთის ჩახურვისთვის დაჯარიმდნენ და ჯონათან სექსტონმა კარის გასწვრივ დაახლოებით 41 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელებსშუა ვერ გააძვრინა. მას მეორე შანსი მე-16 წუთზე მიეცა და ამჯერად ის ხელიდან აღარ გაუშვა - 3:3. ირლანდიამ ტემპს უმატა, მეტოქის 22-ში შევიდა, მერე ბურთი სექსტონზე კარგად გავიდა და მანაც არეკნით ევროპელები დააწინაურა. რადგან ორივე გუნდის ხაზი დაცვაში კარგად თამაშობდა და ხელდახელ მისი გარღვევა ვერ ხერხდებოდა, ავსტრალიელი ბეილი და ირლანდიელი კერნი მანძილის მოგებას ფეხით გადაკიდებით ცდილობდნენ და ერთი ხანობა თამაში მათ შეჯიბრს დაემსგავსა, რადგან ჩახურვაზეც თავად ადიოდნენ. 20 წუთის თავზე, უპირატესობა კვლავ ავსტრალიელებმა მოიპოვეს, თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს და 25-ე წუთზე ოკონორმა ახლო მანძილიდან ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, თუმცა, სამიოდე წუთში 40 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. შესვენებამდე ერთი ჯარიმა სექსტონსაც გაუფუჭდა და ტაიმი 6:6 დასრულდა.
მეორე ნახევარში ავსტრალიელები სწრაფი, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული უკანა ხაზის ხარჯზე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ ირლანდიის დაცვა მყარად იდგა. ამასთან, ირლანდიელებმა მეტოქე შერკინებაში უკვე საგრძნობლად დაჯაბნეს, ავსტრალიელებიც ხშირად ჯარიმდებოდნენ და ირლანდიელ დამრტყმელებს ქულების მოპოვების შანსი ეძლეოდათ. 50-ე წუთზე ავსტრალიის კაპიტანმა ჯეიმს ჰორვილმა რაქში თამაშგარიდან ითამაშა, დაჯარიმდა და სექსტონმა საკუთარი გუნდი კვლავ დააწინაურა. სამი წუთის შემდეგ, სექსტონს აღარ გაუმართლა, მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა, დამატებაზე წასული ბრაიან ოდრისკოლი კი, ბურთს ვერ მიწვდა.
ჯარიმის დარტყმის უფლება შეცვლაზე შესულმა რონან ოგარამ გადაიბარა და 63-ე წუთზე ირლანდიელთა უპირატესობა ექვს ქულამდე გაზარდა, 70-ე წუთზე კი, ავსტრალიელებმა 5-მეტრა შერკინება ჩააქციეს და ოგარას დარტყმა ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა - 15:6. დარჩენილ ცხრა წუთში ავსტრალია მეტოქეს მიეძალა, ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში გამოკეტა და ლელოს გატანა სცადა, მაგრამ 78-ე წუთზე ქუადე კუპერის ძალიან ცუდი პასი ტომი ბოუმ ჩაჭრა და დაახლოებით 80 მეტრი ირბინა. ლელოს გასატანად მას სისწრაფე არ ეყო, დაზღვევაზე გადასულმა ჯეიმს ოკონერიმ ჩამორჩენის აღმოფხვრა მოასწრო და მეტოქე ბოჭვით გვერდით ხაზს იქით გადაიყვანა, მაგრამ ეს აღაფერის ცვლიდა, ირლანდიამ ხიფათი აირიდა, დარჩენილი ორი წუთი მეტოქის ნახევარზე, ცენტრის სიახლოვეს გაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ამრიგად, C ჯგუფის სათავეში ირლანდია მოექცა და თუ დარჩენილ ორ შეხვედრაში რაიმე სასწაული არ მოხდა, პირველობას ვეღარავინ შეეცილება. ის 25 სექტემბერს როტორუაში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ჯგუფურ ეტაპს კი, იტალიასთან ჯახით დაასრულებს. ავსტრალიელებს ძირითად მეტოქეებთან საქმე მოთავებული აქვთ და 23 სექტემბერს აშშ-ს, ხოლო 1 ოქტომბერს რუსეთს დაუპირისპირდებიან.

C ჯგუფი
ავსტრალია - ირლანდია 6:15 (6:6)

1.    ირლანდია      2    2    0    0    37-16    8
2.    ავსტრალია    2    1    0    1    38-21     5
3.    აშშ                    2    1    0    1    23-28    4
4.    რუსეთი          1    0    0    1    6-13       1
5.    იტალია           1    0    0    1    6-32       0

20 სექტემბერი. ნელსონი
იტალია - რუსეთი
23 სექტემბერი. ველინგტონი
ავსტრალია - აშშ
25 სექტემბერი. როტორუა
ირლანდია - რუსეთი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100865