საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, დაუმარცხებელმა “აიამ” მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლა გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შედეგი წელს შარშანდელზე უკეთესი იქნება.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქუთაქისელები მიღწეულს დაჰყაბულდებიან. “აიას” წელს ქვეყნის ჩემპიონობა სურს და ათიდან ათი თამაში მოიგო. სატურნირო ცხრილში ისეთი სიტუაციაა, რომ მას პირველობას სავარაუდოდ ვერავინ შეეცილება, აი ფლეი ოფებში რა მოხდება, ამისი განსაზღვრა ცოტა რთულია. X ტურში “აია” “არმაზს” თბილისში დაუპირისპირდა. ბოლო დროს კარგად მობურთალმა “არმაზმა”, საუკეთესო ოთხეულშიც მოახერხა შეღწევა და იქ დამკვიდრება სურდა, მაგრამ მეტოქე მისთვის ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ქუთაისელებმა მებრძოლი მეტოქე მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხეს. პირველი ნახევრის მიწურულს, “არმაზმა” ჩამორჩენის შემცირება მოახერხა და ტაიმი 10:12 დათმო, მაგრამ მეტის გასაკეთებლად ძალა აღარ ეყო და 17:31 დამარცხდა.
მორიგი გამარჯვება იზეიმა და საფლეიოფო ოთხეულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა “არმიამ”, რომელიც უშუალო კონკურენტ “ლელოს” დაუპირისპირდა და მეტოქე 29:9 დაამარცხა. დანარჩენ ორ შეხვედრაში დიდი ბრძოლები გაიმართა და ჩემპიონატის აუტსაიდერებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, რის შემდეგაც ქვედა ექვსეულში ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა. აუტსაიდერმა “ყოჩებმა”, მიმდინარე წელს პირველი გამარჯვება ქვეყნის ჩემპიონ “ლოკომოტივთან” მოიპოვა - 12:10, მაგრამ უშუალო კონკურენტ რუსთავის “ხარებს” მაინც ვერ დაეწია. რუსთაველებმა საფლეიოფო ოთხეულის საგზურისთვის მებრძოლი “აკადემია” 17:16 დასცა და სამქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა.
რეგულარული პირველობის დარჩენილ ოთხ ტურში, საფლეიოფო ოთხეულისთვის და ბოლოსწინა ადგილისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა და სავარაუდოდ, ბოლო მომენტამდე ვერაფერი გაირკვევა.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
17 სექტემბერი. X რაუნდი
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 17:31
თბილისი. “ავჭალა”. 18:00 საათი
არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი) 29:9
თბილისი. “ვისოლი”. 17:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 10:12
თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 16:17
1 | აია | 10 | 10 | 0 | 0 | 275-120 | 20 |
2 | არმია | 10 | 7 | 1 | 2 | 239-162 | 15 |
3 | ლოკომოტივი | 10 | 5 | 0 | 5 | 188-180 | 10 |
4 | აკადემია | 10 | 3 | 3 | 4 | 185-204 | 9 |
5 | არმაზი | 10 | 4 | 1 | 5 | 198-218 | 9 |
6 | ლელო | 10 | 4 | 0 | 6 | 224-218 | 8 |
7 | ხარები | 10 | 3 | 0 | 7 | 115-212 | 6 |
8 | ყოჩები | 10 | 1 | 1 | 8 | 132-242 | 3 |
XI რაუნდი
24 სექტემბერი: აკადემია - არმია , ყოჩები - ლელო, აია - ლოკომოტივი, ხარები - არმაზი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია