უელსის ნაკრებმა, 2011 წლის მსოფლიო თასის მეორე შეხვედრაში, სამოას, დაძაბულ ბრძოლაში, 17:10 აჯობა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. პირველი ნახევრის 6:10 წაგების შემდეგ, ევროპელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და პირველ მატჩში 16:17 მარცხის შემდეგ, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
უელსელთა ზელანდიელ მთავარ მწვრთნელ უორენ გეტლანდს, შაბათს 48 წელი შეუსრულდა და მორაგბეებს საჩუქრად მეორე დღეს სამოელთა დამარცხება სთხოვა. აქამდე, მსოფლიო თასზე, ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ გადაეყარნენ, ორივე შემთხვევაში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ და ახლა ევროპელებს ნავსის გატეხა ეწადათ. აღსანიშნავია, რომ თამაში გეტლანდის მშობლიურ ქალაქ ჰემილტონში გაიმართა და წაგების შემთხვევაში, მისი, როგორც უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კარიერა, იქვე დასრულდებოდა, მაგრამ მისთვის ყველაფერი კარგად განვითარდა.
ჯეიმს ჰუკმა ანგარიშის გახსნის შანსი მე-2 წუთზე მიიღო, მაგრამ ცენტრიდან დარტყმულმა ჯარიმამ მიზანს ვერ უწია. ამას სამოელთა კარგი შეტევა მოჰყვა, მაგრამ ზედ ჩათვლის მოედნის წინ, შემტევს ბურთი ხელიდან წინ გაუვარდა და მომენტი გამოუყენებელი დარჩა. თამაში საყურებლად კარგი არ გამოდგა, იგრძნობოდა დაძაბულობა და ხშირი იყო დაუნდობელი ბოჭვები. სწორედ კისერში ბოჭვისთვის დაჯარიმდა სამოა მე-12 წუთზე და ჯეიმს ჰუკმა ამჯერად ზუსტად დაარტყა. 21-ე წუთზე, ჯარიმის შესრულების უფლება უკვე კუნძულელებმა მიიღეს და პოლ უილიამსმა 40 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა.
ნელ-ნელა, შერკინებაში უელსელთა უპირატესობა გამოიკვეთა. 27-ე წუთზე, ჰუკმა ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღო და ის ზუსტად შეასრულა. მერე კუნძულელებმა ლელო გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა გააუქმა (შემტევმა დაწოლის შემდეგ მეორე მოძრაობა გააკეთა), ხოლო 32-ე წუთზე, უილიამსმა ჯარიმით წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხა.
ტაიმის სათამაშო დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც სამოელებმა 19-ფაზიანი შეტევა ლოგიკურად დაასრულეს. რაქიდან ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, ენტონი პერენისი სამ უელსელს დაუსხლტა და მეტოქის ჩათვლის მოედანში შეიჭრა. უილიამსმა რეალიზაცია გამოიყენა და ტაიმი 10:6 დასრულდა.
მე-2 ნახევარი ევროპელების იერიშებით დაიწყო და სამოა უდისციპლინობამ დააღალატა, თანაც იღბალიც მეტოქის მხარეს აღმოჩნდა. 43-ე წუთზე, სამოელები რაქში დაჯარიმდნენ, რის პრისტლენდმა დაახლოებით 45 მეტრიდან, კარიდან მარცხნივ დაარტყა, ბურთი ქვედა ძელს დაეცა და ისე გავიდა. სამოას უპირატესობის გაზრდა 51-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ უილიამსმა გასატანი ჯარიმა ვერ გამოიყენა. 66-ე წუთზე, სამოამ უაზრო ჯარიმა “აიკიდა” და პრისტლენდმა 30 მეტრიდან თანაგუნდელები წინ გაიყვანა, ერთ წუთში კი, ლელოც გავიდა. ფეხით გადაკიდებული ბურთი საკუთარი 22-ის ხაზთან ჰალფპენიმ აიღო, მეტოქეს დაუსხლტა და გვერდითი ხაზის გაყოლებაზე კარგად გაიქცა, მას ჯონათან დევისი მიყვა, რომელმაც თავის მხრივ ჰალფპენის ცუდი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ საქმეში შეინ უილიამსი დროულად ჩაერთო და ლელო ალამთან დადო. სამოელთა დაცვა ამ ეპიზოდში აშკარად აიჭრა, პრისტლენდს გარდასახვა გაუფუჭდა და სამოამ დასკვნითი 10 წუთი შეტევებში გაატარა, მაგრამ ლელოს გატანა ვერ შეძლო და ახლა უელსს მეოთხედფინალში გასვლაზე ფიქრი თავისუფლად შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ სამოა ბურთს მეტოქეზე მეტხანს ფლობდა, მის ნახევარზეც მეტი დრო გაატარა და უელსელთა 22-ში თითქმის 12 წუთი იმყოფებოდა, მეტოქე კი, მხოლოდ 5,5 წუთი, მაგრამ გამარჯვება მაინც ევროპელებს დარჩათ.
სამოას მეოთხედფინალში თამაშზე ფიქრი მაინც შეუძლია, მაგრამ ამისათვის 25 სექტემბერს ფიჯი, ხოლო 30 სექტემბერს სამხრეთ აფრიკა უნდა დაამარცხოს. უელსს, რომელიც სატურნირო ცხრილში ჯერ მხოლოდ მე-3 ადგილზეა, შედარებით იოლი თამაშები ელის - 26 სექტემბერს ნამიბიას, ხოლო 2 ოქტომბერს ფიჯის დაუპირისპირდება.
D ჯგუფი
უელსი - სამოა 17:10 (6:10)
1 | სამხრეთ აფრიკა | 2 | 2 | 0 | 0 | 66-19 | 9 |
2 | სამოა | 2 | 1 | 0 | 1 | 59-29 | 6 |
3 | უელსი | 2 | 1 | 0 | 1 | 33-27 | 5 |
4 | ფიჯი | 2 | 1 | 0 | 1 | 52-74 | 5 |
5 | ნამიბია | 2 | 0 | 0 | 2 | 37-98 | 0 |
22 სექტემბერი. ოკლენდი
სამხრეთ აფრიკა - ნამიბია
25 სექტემბერი. ოკლენდი
ფიჯი - სამოა
26 სექტემბერი. ნიუ პლიმუთი
უელსი - ნამიბია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია