კანადის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ლამის სასწაული ჩაიდინა, საფრანგეთს მთელი საათის განმავლობაში, წვიმასა და ავდარში უშეღავათო ბრძოლა გაუმართა და მეტოქე აიძულა, ქულების ასაღებად ჯარიმები კარში ერტყა. თითქმის საათი ტოლსწორი თამაში მიმდინარეობდა და კაციშვილი ვერ იტყოდა, რომ პირველი დონის საფრანგეთი კანადას დაამარცხებდა, მაგრამ შემდეგ ჩრდილოამერიკელები მოიქანცნენ და “მამლებმაც” თავისებურად დაიყივლეს.
ანგარიში ნაადრევად კანადელებმა პრიტჩარდის ჯარიმით გახსნეს, მაგრამ იქვე, საფრანგეთმა შეტევით და ფეხით გადაკიდებით უპასუხა, კანადელებმა ბურთი მარტივ სიტუაციაში ვერ დაიმორჩილეს, ის ვინსენტ კლერს მიუვიდა და მანაც მე-4 წუთზე ნაჩუქარი ლელო შეირგო. რეალიზაცია კი ზუსტი იყო, მაგრამ სამ წუთში უკვე კანადელებმა ჩაჰკიდეს ფეხით მეტოქის ჩათვლის მოედანში, არეულობით რაიან სმიტმა ისარგებლა და ძელებსშუა დაამიწა. გარდასახვა კი ზუსტი იყო, მაგრამ პრიტჩარდმა მალე ჯარიმა გააფუჭა, მერე კი, მონრომ არეკნი ააცილა.
შემდეგ მორგან პარამ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა და რადგანაც მიხვდნენ ფრანგები, რომ მეტოქე ჯაბანი არ იყო, ქულების ამ ხერხით მოგროვება მთავარ მიზნად დაისახეს. 26-ე წუთზე, პრიტჩარდს ჯარიმაც გაუცუდდა, მერე კი, შესვენებამდე დარჩენილ სამ წუთში, კანადელები სამჯერ დაჯარიმდნენ და მორგან პარამ ეს 9 ქულად აქცია.
44-ე წუთზე, ანდერ მონრომ დაახლოებით 40 მეტრიდან არეკნი გაიტანა და კანადელებს იმედი დაუბრუნა. 48-ე წუთზე, პარას მიერ გატანილ ჯარიმას, მონრომ კვლავ არეკნით უპასუხა და ჩრდილოამერიკელებმა ბრძოლა განაგრძეს, მაგრამ ფრანგებმა უკვე იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ. 57-ე წუთზე, ტრინ-დუკმა საპასუხო არეკნი გაიტანა, სამ წუთში პრიტჩარდმა ჯარიმით უპასუხა, მაგრამ კანადას ძალა გამოელია და... 19:25-ის შემდეგ, დაიმენ ტრაილემ 50 მეტრი ისე ირბინა, ყველა პირდაღებული დატოვა და ლელო ძელებსშუა გაიტანა.
ამის შემდეგ, ფრანგთა სათამაშო უპირატესობა კლერმა კიდევ ორ ლელოდ აქცია, თავად ჰეთ თრიკი მიითვალა, საფრანგეთმა კი, მისთვის მოულოდნელად, მსაჯის მიერ დამატებულ დროში პრემიალური ქულა მოიპოვა და მეოთხედფინალისკენ გაიხედა.
A ჯგუფი
საფრანგეთი - კანადა 46:19 (19:10)
1 | ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 124-17 | 10 |
2 | საფრანგეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 93-40 | 10 |
3 | კანადა | 2 | 1 | 0 | 1 | 44-66 | 4 |
4 | ტონგა | 2 | 0 | 0 | 2 | 30-66 | 1 |
5 | იაპონია | 2 | 0 | 0 | 2 | 280-130 | 0 |
21 სექტემბერი. უონგარეი
ტონგა - იაპონია
24 სექტემბერი. ოკლენდი
ახალი ზელანდია - საფრანგეთი
27 სექტემბერი. ნეიპირი
კანადა - იაპონია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია