საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის მეორე შეხვედრაში აჩვენა, რომ მხოლოდ მეტოქეთა იერიშების მოგერიება კი არა, თავდასხმაში თამაშიც ძალიან კარგად შეუძლია. შოტლანდიასთან 9-ქულიანი მარცხის შემდეგ, ინგლისთან 31 ქულით დამარცხდა, მაგრამ ითამაშეს შემტევი, აგრესიული რაგბი, რაც პირადად ჩემი აზრით, უფრო მეტად დასაფასებელია, ვიდრე მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული საბოლოო ანგარიში.
ვიცი, საკამათო გახდება, მაგრამ ასეთი წაგება მირჩევნია... ბიჭებმა მაშინაც და ახლაც იბრძოლეს, მაგრამ ახლა იბრძოლეს საკუთარი შანსისათვის და არა სხვისი შანსის მოსასპობად. გაუშვეს 6 ლელო და თავად მხოლოდ ერთი გაიტანეს, მაგრამ 2003 წლის მსოფლიო თასის მფლობელს და წინა გათამაშების ფინალისტს, “ექვსი ერის” და პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დიდი ბრძოლა გაუმართეს.
“ბორჯღალოსნებს” ასე შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ რომ ეთამაშათ, დიდი ალბათობით, გამარჯვების მოპოვების უკეთესი შანსიც ექნებოდათ და ამის თქმის საფუძველს, სწორედ ქართველთა თამაში იძლევა.
მამაც ქართველებს შოტლანდიასთან შეტევაზე თითქმის არ უფიქრიათ. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ დიდი ანგარიშით მარცხის შიშით, ხელმძღვანელობისგან ისეთი დავალებები მიიღეს, რომ მხოლოდ დაცვაზე იზრუნეს. თუ ეს ასე არ იყო და უბრალოდ, ნაკრების წევრებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვეს, მაშინ რატომ დარჩა თითქმის უცვლელი ქართველთა შემადგენლობა?
რომ დაინახეს მწვრთნელებმა, ქართველებს დაცვაში თითქმის ყველაფერი კარგად გამოუვიდათ და ეს, უწინარესად, შოტლანდიისგან ლელოს არგაშვებაში გამოიხატა, მათ ბევრად უფრო ძლიერ ინგლისთან შეტევაში თამაშის უფლებაც მისცეს და მართალია, ენერგია დაცვას დააკლდა და 6 ლელო გავუშვით, მაგრამ ვითამაშეთ რაგბი, რაც დანარჩენ მსოფლიოს, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ნაღდად მოეწონებოდა.
რატომ გავუშვით 6 ლელო? აქ ერთხელ კიდევ უნდა ვახსენოთ მწვრთნელები. პირველი ტაიმის სათამაშო დროის 80 პროცენტი, საქართველოს ნაკრებმა მეტოქის ნახევარზე გაატარა და ბურთსაც უმეტესად ის აკონტროლებდა. შეხვედრის ბოლოს, ტერიტორიული უპირატესობა გათანაბრდა, თუმცა, ბურთის ფლობაში უპირატესობა - 57-43-ზე - კვლავ ჩვენი იყო. “ბორჯღალოსნებმა” მეტოქის 22-ში თითქმის 11 წუთი გაატარეს, მეტოქემ ჩვენსაში შვიდ წუთზე ნაკლები. ამ მაჩვენებლების “ამოქაჩვა”, ინგლისელებმა დასკვნით ოც წუთში მოახერხეს, მაშინ, როდესაც ექვსიდან 3 ლელო გაიტანეს და ეს იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრების მორაგბეებს უბრალოდ ენერგია აღარ შერჩათ. საქართველოსაც, ისე, როგორც ყველა სხვა გუნდს, მსოფლიოზე 30 მორაგბე ჰყავს, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ნაკრები აღმოჩნდა გამონაკლისი და როტაციას არ მიმართა, ანუ, 4 დღის შემდეგ ის ბიჭები აომეს, რომელთაც ჯერ ჭრილობები მოშუშებული არ ჰქონდათ.
შედეგად, მივიღეთ ჩავარდნილი ბოლო 20 წუთი და უამრავი ტრავმა. სწორედ ტრავმების გამო, პირველ ტაიმშივე მოგვიხდა იძულებითი შეცვლების გაკეთება და მე-60 წუთიდან იმ დონემდე მივედით, რომ ხაზის მოთამაშის არყოლის გამო, იქ ხან მამუკა გორგოძე და ხანაც გივი ბერიშვილი ირჯებოდნენ, არადა, ეს მორაგბეები მესამე ხაზის მორკინალები არიან - შეცვლაზე სულ ერთი უკანახაზელი გვყავდა, რომელმაც მანამდე ასევე ტრავმირებული ირაკლი მაჩხანელი შეცვალა. რა დააშავა მალხაზ ურჯუკაშვილმა შოტლანდიასთან ნათამაშებ დასკვნით 13 წუთში არ ვიცი, მაგრამ ის სათადარიგოებშიც არ იყო და მის ადგილას სხვა უკანახაზელიც ვერ მოიძებნა. მაშინ რატომ წავედით ზელანდიაში 30 კაცით? ზემოთ, ურჯუკაშვილის განსაკუთრებულად ხსენება პირადი სიმპატია არაა, უბრალოდ, როცა მერაბ კვირიკაშვილს დარტყმები არ წაუვიდა, გუნდში მისი შემცვლელი არავინ აღმოჩნდა, ამ დროს კი, საქართველოს ნაკრების არსებობის ისტორიაში მისი საუკეთესო ბომბარდირი ურჯუკაშვილი რატომღაც განაცხადში ვერ მოხვდა!
ჩემის აზრით, ეს იყო მწვრთნელის შეცდომა და კიდევ ის, რომ შოტლანდიასთან დიდი ანგარიშით არწაგების შიშით, მორაგბეებს მხოლოდ დაცვითი ფუნქციების დავალებები მისცა, შეტევაში თამაშის შანსი კი - არა. კარგად ვითამაშეთო, ვამბობთ, მაგრამ მთლად ასე რომ ყოფილიყო საქმე, მაშინ აუცილებლად მოვიგებდით. გუნდმა მრავლად დაუშვა შეცდომები (ხელით არცთუ დამაჯერებელი თამაში დღესაც უნდა ვახსენოთ), თუმცა, მათი ლომის წილი დასკვნით ოც წუთზე მოდის, როცა უბრალოდ ძალა გამოელიათ და დავალების შესრულების ენერგია აღარ ჰქონდათ. ამას დაემატა კვირიკაშვილის უჩვეულოდ ცუდი თამაში, რომელმაც ისეთი ჯარიმები ვერ გამოიყენა... არადა, გარდამტეხ მომენტებში მას გუნდისთვის ასე მნიშვნელოვანი ქულების მოტანა შეეძლო. ამასთან, “მეკოს” არც პასი წაუვიდა და თანაგუნდელებს ბურთს კოჭებში აწვდიდა, ასეთი გადაცემის მიღება კი, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.
ინგლისმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც მათი 22-დან გადაკიდებული ბურთი დიმიტრი ბასილაიამ ვერ დაიჭირა და შონტაინ ჰეპიმ ძელებსშუამდე დაუბრკოლებლივ ირბინა. საქართველომ მალევე უპასუხა, თუმცა, ირაკლი მაჩხანელს ხელი კრის ეშტონმა შეუშალა და ბურთის ჩათვლის მოედანში დამიწებამდე, მას ფეხის გვერდით ხაზს იქით გადადგმა აიძულა. მერე კვირიკაშვილს 2 ჯარიმა გაუცუდდა. 21-ე წუთზე, ინგლისელებმა ქართველთა დაცვის გარღვევა მოახერხეს და ჰეპიმ თავისი და გუნდის მე-2 ლელო გაიტანა. კვირიკაშვილს მალე კიდევ ერთი გასატანი ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა, ოთხიოდე წუთში, თედო ზიბზიბაძის უხეში ბოჭვისთვის დანიშნული დარტყმა გამოიყენა და ჩამორჩენა ოდნავ შეამცირა.
ინგლისი მიხვდა, რომ საქმე ჯაბანთან არ ჰქონდა და 34-ე წუთზე, ჯარიმა თავადაც კარში დაარტყა. შესვენებამდე დარჩენილმა ხუთმა წუთმა ინგლისის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს განვლო, დილან ჰარტლი რაქში ხელის განუწყვეტლივ ფათურისთვის ყვითლით დაჯარიმდა, ქართველებმა კი, კვლავ შერკინება ირჩიეს, ბასილაია კარგად მოეხსნა, გაიწია და ინგლისელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ლელოს გატანა მოახერხა, კვირიკაშვილმა კი, რეალიზაცია გამოიყენა.
10:17 და მე-2 ტაიმის საწყის 9 წუთში ქართველებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ინიციატივა ინგლისმა იგდო ხელთ და რომ არა ლაშა ხმალაძის გარჯა, ლელო მალევე გავიდოდა - მან ერმიტეიჯი ბურთის დამიწებამდე გვერდით ხაზს იქით გადაიყვანა.
ერმიტეიჯმა 47-ე წუთზე მიზანს მაინც უწია და ინგლისელთა მე-3 ლელო გაიტანა. მე-60 წუთამდე, ანგარიში 10:22 იყო და ბრძოლა გრძელდებოდა, მაგრამ კვირიკაშვილმა კიდევ 2 ისეთი ჯარიმა ვერ გაიტანა, ასპროცენტიანი რომ ეთქმოდა, განსაკუთრებით მე-2, რომელიც ძელმა აისხლიტა და ქართველებსაც თითქოს მოტივაცია დაეკარგათ.
63-ე წუთზე, მეტოქემ ქართველთა 22-თან საკუთარი დერეფანი იოლად მოიგო, ცენტრისკენ ჩაათამაშა, მანუ ტუილაგიმ ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. 65-ე წუთზე, ინგლისელებმა უკვე ქართველთა მოშლილი დაცვის ზღუდე გაჭრეს და კრის ეშტონი ძელებსშუა შეფრინდა. ამ ყველაფერს, 67-ე წუთზე, ძალიან კარგად მობურთალი ალექსანდრე თოდუას ტვინის შერყევა და მისი იძულებითი შეცვლა მოჰყვა, მსაჯის დამატებულ დროში კი, ეშტონმა ერთი ლელოც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 41:10.
მიუხედავად მარცხისა და 6 ლელოს გაშვებისა, მსოფლიო რაგბის წამყვანმა სპორტულმა გამოცემებმა და რაგბის საერთაშორისო საბჭომ, შეხვედრის მომენტად ქართველთა მიერ გატანილი ლელო დაასახელა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი, მამუკა გორგოძე აღიარეს, რომელმაც სხვა ქართველებთან ერთად, ამ ბრძოლაში სული და გული ჩადო. ხშირად შეგხვედრიათ ასეთი რამ, რომ მატჩის მომენტად და საუკეთესო მოთამაშედ წაგებული გუნდის წარმომადგენლები შეერჩიოთ?!
ნამატჩევს, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსმა აღიარა, რომ ქართველებმა ის სასიამოვნოდ გააოცეს და “ლამის სახლში გაისტუმრეს”, მაგრამ ტემპს დროულად უმატეს და გამარჯვება მოიპოვეს. თავად განსაჯეთ, პირველ ნახევარში ინგლისი 11-ჯერ დაჯარიმდა, 40 წუთის თითქმის 80-მა პროცენტმა მათ ნახევარზე ჩაიარა. “თუ ასე გავაგრძელებთ, სახლში ნაადრევად დაბრუნება მოგვიწევს. დღევანდელი თამაშის შემდეგ, ცოტა არ იყოს, შეშფოთებული ვარ” - თქვა ჯონსონმა, რომელმაც კვირიკაშვილის მხრიდან გაფუჭებულ ჯარიმებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამან მისი გუნდის თამაში დიდწილად განაპირობა.
“ინგლისელები ჩვენი თამაშით გავაკვირვეთ. ისინი არ ელოდნენ ქართველებისგან ასეთ შეტევას, მაგრამ სისწრაფეები არ გვეყო”, - დაამატა საქართველოს ნაკრების თავკაცმა რიჩი დიქსონმა.
2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. B ჯგუფი.
დანედინი. “ოტაგო სტედიუმი”.
ინგლისი - საქართველო 41:10 (17:10)
საქართველოს ნაკრები: 15. რევაზ გიგაური, 14. ირაკლი მაჩხანელი (22. ლაშა ხმალაძე 40), 13. დავით კაჭარავა, 12. თედი ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა (18. ლევან დათუნაშვილი 67), 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 64); 1. დავით ხინჩაგიშვილი (16. გოდერძი შველიძე 57), 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი (17. დავით ზირაქაშვილი 24), 4. ილია ზედგინიძე (18. ლევან დათუნაშვილი 6-16), 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი (19. გიორგი ჩხაიძე 32), 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია (21. გივი ბერიშვილი 61).
1 ლელო: ბასილაია
1 რეალიზაცია: კვირიკაშვილი
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
ინგლისის ნაკრები: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი (22. მატ ბენაჰანი 67), 12. შონტაინ ჰეიპი, 11. დელონ არმიტაჯი, 10. ტობი ფლადი, 9. ბენ იანგსი (20. ჯო სიმფსონი 67); 1. მეტ სტივენსი (3. დენ კოული 75), 2. დილან ჰარტლი (16. სტივ ტომპსონი 61), 3. დენ კოული (17. ალექს კორბიზიერო 65), 4. საიმონ შოუ, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ ვუდი, 7. ლუის მუდი (18. ტომ კროფტი 58), 8. ნიკ ისტერი.
6 ლელო: ჰეიპი (2), არმიტაჯი, ტუილაგი, ეშტონი (2)
4 რეალიზაცია: ფლადი
1 ჯარიმა: ფლადი
1 სინბინი: ჰარტლი
მწვრთნელი: მარტინ ჯონსი
1 | ინგლისი | 2 | 2 | 0 | 0 | 54-19 | 9 |
2 | შოტლანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 49-30 | 9 |
3 | არგენტინა | 2 | 1 | 0 | 1 | 52-21 | 6 |
4 | საქართველო | 2 | 0 | 0 | 2 | 16-56 | 0 |
5 | რუმინეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 32-77 | 0 |
24 სექტემბერი. დანედინი
ინგლისი - რუმინეთი
25 სექტემბერი. ველინგტონი
არგენტინა - შოტლანდია
28 სექტემბერი. პალმერსტონი
საქართველო - რუმინეთი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია