იტალიის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის C ჯგუფში გამართულ თავის მეორე შეხვედრაში რუსეთი დიდი ძალისხმევის გარეშე, 53:17 გაანადგურა. იტალიელებმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს შერკინებაში, “დათვებს” სხვა კომპონენტებშიც აჯობეს და გარდასახვები უფრო ზუსტად რომ ერტყათ, ან შეხვედრის მეორე ნახევარში საქმეზე ხელი ისეთივე სერიოზულობით მოეკიდათ, როგორც პირველ ტაიმში, სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა.
მაგრამ “აძურიმ” პროგრამა მინიმუმი 23 წუთში შეასრულა და მერე, მომავალი ჯახებისთვის ძალები დაზოგა. 23-ე წუთზე ირალიელებმა პრემიის მომტანი მეოთხე ლელო გაიტანეს, შესვენებამდე კიდევ ორი მიითვალეს, ჯამში კი, რუსებს ცხრა ლელო “მიუძღვნეს”. მეორე ნახევარში სახალისო თამაშში რუსებმა ორი ლელოს გატანა შეძლეს, მანამდე ერთი პირველ ნახევარშიც ჰქონდათ გატანილი, მაგრამ პრემიალური მეოთხე ლელოს გატანა ვერ შეძლეს. შეხვედრის გმირად იტალიელთა კაპიტანი სერხიო პარისე იქცა, რომელმაც მოედანზე სულ 56 წუთი გაატარა, ერთი ლელო თავად გაიტანა, სამში კი, უშუალო მონაწილეობა მიიღო.
როგორც ჩანს, “აძურის” მეორე დონის სხვა გუნდების თამაშის შემხედვარეს, რუსთა რიდი ჰქონდა და მატჩის დებიუტში ჯარიმა კარში დაარტყა, მაგრამ რიკარდო ბოჩინას სიზუსტემ უმტყუნა. მე-4 წუთზე უკეთესი პოზიციიდან იტალიელებმა ბურთი უკვე აუტში გაიტანეს, იგივე გაიმეორეს 22 მეტრიდან და არც შემცდარან. დერეფნის მოგებას რამდენიმე დარტყმა მოყვა, პარისემ ხაზი უპრობლემოდ გაჭრა და ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა, ბოჩინიმ კი, რეალიზაცია გამოიყენა. ეს იყო იტალიელთა პირველი ლელო 2011 წლის მსოფლიო თასზე, რომელმაც პირველი მატჩი ავსტრალიასთან 6:32 დათმო, არადა, ტაიმი 6:6 დასრულდა...
“აძურამ” მიძალება გააგრძელა, რუსთა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში, მეტოქის შერკინება მოიგო, შუამარბმა მატეო პრატიჩეტიმ კარგად დაარტყა, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, პარისეს დიდებული, დაფარული გადაცემა მარკო ბორტალამიმ უფრო მარჯვნივ გაუგზავნა და ჯულიო ტონიოლატიმ ლელო ალამთან გაიტანა. აცილებული რეალიზაციიდან ორ წუთში, ოსტროუშკომ და არტიომოვმა მათ 22-ში ფეხით ჩაკიდებული ბურთი მარტივ სიტუაციაში ვერ დაიმორჩილეს, მას ტომასი ბენევენუტი უპრობლემოდ დაეუფლა და იტალიელთა მესამე ლელო მიითვალა. 23-ე წუთზე იტალიამ აუტიდან სწრაფად დააბრუნა ბურთი თამაშში, პარისემ მოკლე მანძილზე ორი მბოჭავი ჩამოიშორა და ტონიოლატი ჩათვლის მოედანზე გაგზავნა. ამით იტალიამ პრემიალური ქულა ნაადრევად მიითვალა და ანგარიში 24:0 გახდა.
სანამ რუსები გონს მოეგნენ, “აძურიმ” 29-ე წუთზე მეხუთე ლელო მიითვალა. რუსებმა იტალიელთა იერიში კი შეაჩერეს, მაგრამ 5-მეტრა შერკინება მიიღეს, იქ ზედიზედ სამჯერ დაჯარიმდნენ და ტექნიკური ლელოთი დაისაჯნენ.
32-ე წუთზე იტალიელი პირველხაზელი ფაბიო ონგარო უბურთო იგორ კლუჩნიკოვთან უხეშად შეჯახებისთვის სინბინით დაისაჯა, რუსებმა 20 მეტრიდან ჯარიმა აუტში გაიტანეს, შეუტიეს, შეცვლაზე შესულმა 9 ნომერმა ალექსანდრ იანუშკინმა მოძრაობა ჯერ ერთ მხარეს დაიწყო, მერე მიმართულება სწრაფად შეცვალა, რაქს შემოურბინა, პასის იმიტირებით ორი მეტოქე გააბითურა და რუსეთის ნაკრებმა მსოფლიო თასზე თავისი პირველი ლელო გაიტანა. ამაზე კაცნაკლულმა იტალიამ 37-ე წუთზე უპასუხა, მარჯვნივ ჩათამაშებული ბურთი ცენტრისკენ სწრაფად დააბრუნა, ედუარდო გორიმ ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ტაიმი კი, 38:7 დასრულდა.
მეორე ტაიმის მერვე წუთზე, იტალიელთა სწრაფი შეტევა ლელოთი ბენვენუტიმ დააგვირგვინა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ფეხით შეაცურა და თავადვე მიყვა. 50-ე წუთზე პრატიჩეტიმ ბურთის ჩაჭრა სცადა, გათვლა არაზუსტი გამოუვიდა და ვლადიმირ ოსტროუშკომ რუსთა მეორე ლელო გაიტანა. 61-ე წუთზე “დათვების” კაპიტანი ვლადისლავ კორშუნოვი ქართველმა პირველხაზელმა ვალერი ცნობილაძემ შეცვალა, რომელსაც თავის დროზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 64-ე წუთზე საოცრად ითამაშა ლუკ მაკლინმა, რომელიც რუსთა მთელ დაცვას ისე გაექცა, ხელი ვერავინ შეავლო და ჩათვლის მოედნამდე 45 მეტრი ირბინა. გახსნილი თამაშის 71-ე წუთზე, რაჩკოვმა გრძელი გადაცემით ფლანგზე ალექსეი მაკოვეცკი მოძებნა, სადაც იტალიელთაგან აღარავინ იყო დარჩენილი და მან “დათვების” მესამე ლელო მიითვალა. შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, იტალიამ მეტოქის შერკინება მოიგო და ალესანდრო ძანიმ იტალიელთა მე-9 ლელოს გატანით რუსთა რბევა დაასრულა.
რუსეთის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 25 სექტემბერს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს, 1 ოქტომბერს კი, ავსტრალიას ეთამაშება. ფლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლი იტალია 27 სექტემბერს აშშ-ს ეთამაშება, 2 ოქტომბერს კი, ირლანდიასთან გადამწყვეტი ჯახი ელის.
C ჯგუფი
იტალია - რუსეთი 53:17 (38:7)
1. ირლანდია 2 2 0 0 37-16 8
2. ავსტრალია 2 1 0 1 38-21 5
3. იტალია 2 1 0 1 59-49 5
4. აშშ 2 1 0 1 23-28 4
5. რუსეთი 2 0 0 2 23-66 1
23 სექტემბერი. ველინგტონი
ავსტრალია - აშშ
25 სექტემბერი. როტორუა
ირლანდია - რუსეთი
27 სექტემბერი. ნელსონი
იტალია - აშშ
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია