ევროპულ სანაკრებო ასპარეზზე ერთკვირიანი პაუზაა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები თავთავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ და 5-6 მარტს გასამართი ტოპ-14-ის მე-16-ე ტურის მატჩებში ჩაერთვებიან.
მართალია ტური გუშინ ღამით, „გრენობლისა“ და „კლერმონის“ შეხვედრით დაიწყო, მაგრამ ამ შეხვედრაში ჩვენს ლეგიონერებს მონაწილეობა არ მიუღიათ - დავით ზირაქაშვილი ტრამვის, ხოლო ვიქტორ კოლელიშვილი დისკვალიფიკაციის გამო განაცხადში არ იყვნენ.
გათამაშების ცხრილის შუაში მყოფი „ბრივი“ პლეიოფში ადგილისთვის მებრძოლ „ტულუზს“ მიიღებს. მასპინძელთა რიგებში თამაშს ძირითადში დაიწყებს ბურჯი კარლენ ასიეშვილი, ხოლო მისი თანაგუნდელები - გოდერძი შველიძე და გიორგი ჟღენტი სათადარიგონი არიან. „ტულუზის“ შემადგენლობაში ძირითადშია ვასილ კაკოვინი.
სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება თამაშში „სტად ფრანსეს“ ბურჯი ზურაბ ჟვანია „პოსთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრაში. შარშანდელ ჩემპიონებს გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებათ, რათა საჩემპიონო პლეიოფში მოსახვედრი ადგილისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნონ. სანუკვარ ადგილამდე მათ 15 ქულა და 5 საფეხური აშორებთ. „პოს“ შემადგენლობაში კვლავ არ ჩანს ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი.
ამ ტურში წლის ქართველ ბურჯ გიორგი თეთრაშვილს ერთგვარი დებიუტი იქნება. ის ტოპ 14-ის მატჩში პირველად იქნება სასტარტო შემადგენლობაში, მისი „აჟენი“ კი, პარიზში „რასინგ 92“-ს ეთამაშება. თამაშს იწყებს საქართველოს ნაკრების გარემარბი თამაზ მჭედლიძე, ხოლო მასპინძელთა სასტარტოშია ვეტერანი ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი.
დავით ქუბრიაშვილის და მიხეილ ნარიაშვილის „მონპელიე’“ უშუალო კონკურენტ „კასტრს“ შინ მიიღებს - ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაშია, ხოლო ქუბრიაშვილი ამჯერად განაცხადში ვერ მოხვდა.
5 მარტს გასამართ კიდევ ერთ შეხვედრაში „ბორდო“ „ოიონაქსს“ უმასპინძლებს. ტურის ბოლო მატჩი „ლა როშელსა“ „ტულონს“ შორის 6 მარტს გაიმართება და მისი შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია.
გიორგი ბეჭვაია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია