ამბები

16:04 | 20.09.2011 | ნანახია 2910 - ჯერ

კრისტიან პეტრე: “კარგი იქნება, ინგლისს ქართველებივით თუ ვეთამაშებით”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, რუმინეთის ნაკრების გამოცდილი მეორეხაზელი კრისტიან პეტრე იმედოვნებს, რომ “მუხის ფოთლები” ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ისეთ თამაშს აჩვენებენ, როგორიც “ბორჯღალოსნებმა” აჩვენეს.
როგორც ჩანს, ქართველთა მამაცურმა გარჯამ თვით მეტოქის მოწონებაც კი დაიმსახურა. რუმინელებს “ბორჯღალოსნებთან” 28 სექტემბერს გასამართ სამკვდრო-სასიცოცხლო ჯახამდე, 24 სექტემბერს “ვარდებთან” დაპირისპირება ელით და იმედოვნებენ, რომ ძველებურად არ შერცხვებიან.
32 წლის პეტრეს რუმინეთის ნაკრებში დებიუტი 2001 წლის 17 ნოემბერს ჰქონდა და იმ დღეს თვიქნემში ინგლისთან 0:134 შერცხვა. ეს არის რუმინეთის ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი არსებობის ისტორიაში. მას შემდეგ 115-კილოგრამიანმა პეტრემ, რომლის სიმაღლე 1,97 მეტრია, ნაკრების მაისური 83 შეხვედრაში მოირგო, იმედოვნებს, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზეც ამ კვართით იქნება და პირველი რუმინელი მორაგბე გახდება, რომელიც 100-მატჩიან ზღვარს გადააბიჯებს.
“ათი წლის წინ რუმინეთის რაგბის კავშირში ცვლილებები მოხდა, ბევრ წამყვან მორაგბეს ნაკრების ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ინგლისში მეორე შემადგენლობით გავემგზავრეთ, დაცვაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ამის გამო შევრცხვით. ვიმედოვნებდი, რომ ჩემს სადებიუტო მატჩში კარგად ვითამაშებდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. კარგი იქნება, თუ ინგლისს ახლა იმ დონეზე ვეთამაშებით, როგორც ეს საქართველოს ნაკრებმა მოახერხა. ამასთან, მსურს, რომ 2015 წლის ინგლისის, ჩემთვის მეოთხე მსოფლიო თასზეც მივიღო მონაწილეობა და გავხდე პირველი რუმინელი მორაგბე, რომელსაც ნაკრებში 100 მატჩი ექნება ჩატარებული”, - თქვა პეტრემ.
ვეტერანმა რუმინელმა განვლილ კარიერაში თავისი და ნაკრების საუკეთესო მატჩებიც გაიხსენა და 2010 წლის ნოემბერში ურუგვაის 39:12 დამარცხება (რომელმაც რუმინეთს მსოფლიო თასის საგზური მოუტანა) და გასულ თებერვალში რუსეთის 33:3 განადგურება გამოარჩია. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ მსოფლიო თასზე რუმინელები შოტლანდიასთან 24:34, ხოლო არგენტინასთან 8:43 დამარცხდნენ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07622