ამბები

17:35 | 20.09.2011 | ნანახია 6241 - ჯერ

სიურპრიზი “ბორჯღალოსნებისთვის” – ჯორჯია ქართველი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე გადაინაცვლა, მისი სამხრეთით, ვაირარაპას რეგიონში საოცარი დახვედრა მოუწყვეს. მიუხედავად გადაუღებელი წვიმისა, ფეზერსტონის მაცხოვრებლები და სკოლის მოსწავლეები ქუჩებში იყვნენ გამოფენილი და “ბორჯღალოსნებს” “ლელოს, ლელოს” შეძახილებით შეხვდნენ.
ადგილობრივების თქმით, ავტობუსიდან ჩამოსულ ქართველებს ისეთი ოვაციები შეაგებეს, როკვარსკვლავებსაც შეშურდებოდათ. ტრადიციულ ჰაკას სიმღერები და მისასალმებელი სიტყვები მოყვა. მიუხედავად ინგლისთან გადატანილი მძიმე მატჩისა, ამ ყველაფერმა “ბორჯღალოსნები” გააღიმა და კარგ ხასიათზე დააყენა.
“ფანტასტიკური დახვედრა მოგვიწყვეთ, აქ საოცარი ბავშვები გყავთ. ვაირარაპაში მართლაც რომ არნახულად სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ახალ ზელანდიაში გატარებული ყოველი წუთით უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ”, - თქვა საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანმა, მეორეხაზელმა ილია ზედგინიძემ.
დღის მთავარი სიურპრიზი ქართველებს ჯერ კიდევ ელოდათ - 9 წლის სკოლის მოსწავლე სახელად ჯორჯია და გვარად - ქართველი, რომელიც ევრაზიის ისტორიას არც კი იცნობდა, მაგრამ ის ნამდვილად იცოდა, რომ მსოფლიო თასის B ჯგუფში მისი სეხნია-მოგვარე, საქართველოს ნაკრები თამაშობს და მისი დიდი გულშემატკივარიცაა. გიორგი ჩხაიძემ და ვიტო კოლელიშვილმა ემოცია ვერ დამალეს, ეს ბავშვი აიტაცეს და მხრებზე შესმული ატარეს.
ქალაქის მერი “ბორჯღალოსნებს” თეთრ-წითელ ფერებში გამოწყობილი დაუხვდა და მათ ყველანაირი პრობლემის აღმოფხვრა აღუთქვა, მერე კი, სადილზე მიიწვია და არაერთ გასართობ ღონისძიებასაც დაპირდა.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080802