საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ორი მორაგბე, დავით ქუბრიაშვილი და ალექსანდრე თოდუა ტრავმების გამო 2011 წლის მსოფლიო თასზე ვეღარ ითამაშებენ, ირაკლი მაჩხანელის ბედი კი, უახლოეს ხანს გაირკვევა.
სამივე ეს მორაგბე მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, ინგლისის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაშავდა. შერკინების პირველხაზელმა დავით ქუბრიაშვილმა შეხვედრის პირველ ტაიმში ტვინის შერყევა მიიღო და 24-ე წუთზე დავით ზირაქაშვილმა შეცვალა. უკანახაზელმა, გარემარბმა სანდრო თოდუამ ტვინის შერყევა ბოჭვისას, 67-ე წუთზე მიიღო და გონზე ძლივს მოიყვანეს. მას თამაშის გაგრძელება სურდა, თუმცა, ექიმებმა დასვენება გამოუწერეს და ამ მსოფლიო თასზე ვეღარ ითამაშებს.
ირაკლი მაჩხანელმა ფეხი ტაიმის მიწურულს იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ის ლაშა ხმალაძემ შეცვალა. ქართველ უკანახაზელს მუხლმა უმტყუნა, ახლა მას გამოკვლევა უტარდება და ექიმები ჯერ ვერ ამბობენ შეძლებს თუ ვერა ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. ნაკრების სხვა წევრებს მიკროტრავმები აწუხებთ, მაგრამ 28 სექტემბრამდე, ანუ რუმინეთთან გასამართ მატჩამდე, ისინი აღდგენას მოასწრებენ და თუ მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი ისურვებს, მოედანზეც იქნებიან.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია