ამბები

15:34 | 21.09.2011 | ნანახია 2180 - ჯერ

ტონგამ იაპონიას აჯობა

ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ტონგას ნაკრებმა თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტონგელებმა და იაპონელებმა სამ-სამი ლელო გაცვალეს, მაგრამ ოკენეთის წარმომადგენლებმა ჯარიმები მეტოქეზე უკეთ გამოიყენეს და 31:18 იმარჯვეს.
ნამატჩევს მათმა დამრტყმელმა კურტ მორატმა განაცხადა კიდეც, რომ მატჩისწინა პერიოდში ამ კომპონენტს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა და გათვლამ არ დააღალატა. მან ოთხივე ჯარიმა გამოიყენა, სამიდან ორი რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და გუნდს 16 ქულით შეეწია. ამის შემდეგ, იაპონელთა თავგანწირული მცდელობა, ჩამორჩენა შეემცირებინათ და შეხვედრის მოგების შანსი ჰქონოდათ, არაფრისმომტანი გამოდგა. ეს იმიტომ, რომ მორატის ვიზავის, იაპონელთა დამრტყმელ ჯეიმს ერლიჯს სამივე რეალიზაცია გამოუყენებელი დარჩა და იაპონია A ჯგუფში ბოლო ადგილს ვერ ასცდა.
კანადასთან განცდილი მარცხის შემდეგ, ტონგამ შეტევაში ძალიან მოინდომა. პირველ წუთებზე ტონგელებმა შერკინებაში იძალეს, მეტოქე დაჩაგრეს და ვილიამ მააფუს იაპონელებმა მცველებმა მესამე წუთზე ლელო არ დაადებინეს, მაგრამ მე-7 წუთზე ის კიდევ ერთხელ მოწყდა ბურთიანად 5-მეტრა შერკინებას და ამჯერად ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ ლელო გავიდა. რეალიზაცია არაზუსტი იყო და ახლა იაპონია მიეძალა რაქებიდან მოკლე დარტყმებით. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მე-14 წუთზე კვლავ ვიდეორეფერის საქმეში ჩართვა გახდა საჭირო და დადასტურდა, რომ ჰატაკეიამამ ჩათვლის მოედნის ხაზი გადალახა. განახლდა თუ არა თამაში, ბურთი ტონგელთა მეორეხაზელმა ლოკოტუიმ მოიხელთა და ჩათვლის მოედნამდე ირბინა, მორატმა კი, რთული რეალიზაცია ძელის გავლით გამოიყენა - 12:5.
26-ე წუთზე იაპონელთა ჯერი დადგა, მაიკლ ლიჩმა სამ იაპონელთან ჯაჯგურში 10 მეტრი დაფარა და ლელოების ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ რეალიზაცია ზუსტი არ აღმოჩნდა. 30-ე წუთზე ტონგამ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, კიდევ ერთ წუთში კი, ერლიჯმა თამაშგარიდან განზრახ ითამაშა, თავად სინბინით დაისაჯა, მორატმა კი, ჯარიმა კვლავ ზუსტად შეასრულა. ზედ შესვენების წინ, იაპონელთაგან ჯარიმის კარში დარტყმა შონ უებმა იკისრა და სხვაობა შეამცირა - 13:18. მეორე ტაიმის დასაწყისი ტონგელებისა იყო. ფეტუუ ვაინიკოლომ საოცრად ითამაშა, მაღალ სიჩქარეზე იაპონიის დაცვა ფინტებით გაარღვია, მაგრამ ბოლო პასი ონოზავამ ჩაუჭრა და ულამაზესი ლელო არ გავიდა.
სამაგიეროდ, 50-ე წუთზე ტონგამ ჯარიმა, ხოლო 54-ე წუთზე ლელო გაიტანა და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. კარგად ითამაშა კურტ მორატმა, რომელმაც ფეხით გადაკიდებული ბურთი თავადვე აიღო, ცრუმოძრაობებით იაპონელთა დაცვა თავის გარშემო შემოიკრიბა, მერე მარჯვნივ დროული გადაცემა გააკეთა და ლელო ვაინიკოლომ მიითვალა, რომელმაც წინა ეპიზოდში კარგი თამაშის გარდა, ეს კონტრშეტევაც თავად წამოიწყო, მორატმა კი, ზედ რეალიზაცია დაამატა - 28:13. დასკვნით 20 წუთში ინიციატივას იაპონია დაეუფლა. ტონგელებმა ჯარიმებს უხშირეს და 61-ე წუთზე რეფერიმ მორკინალი აულიკა გაასინბინა. ორ წუთში ტუპუაილეი ჯვარზე შეიყვანეს, მანაც ხაზი გაჭრა და იაპონიამ ლელოების ანგარიში გაათანაბრა, ჩამორჩენა კი, 10 ქულამდე დავიდა. ერლიჯმა გასატანი რეალიზაცია ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, 68-ე წუთზე მორატმა ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ტონგელებს შედარებით მშვიდად ყოფნის საშუალება მისცა. მიუხედავად იაპონელთა თავგანწირული იერიშებისა, ტონგამ ლელო აღარ გაუშვა, სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურამდე აღზევდა და კანადა-იაპონიის დაპირისპირებას მისი შენარჩუნების იმედით შეხვდება.

A ჯგუფი
ტონგა - იაპონია 31:18 (18:13)
 

1  ახალი ზელანდია  2 2 0 0 124-17 10
2 საფრანგეთი 2 2 0 0 93-40 10
3 ტონგა 3 1 0 2 61-84 5
4 კანადა 2 1 0 1 44-66 4
5  იაპონია 3 0 0 3 46-161 0


24 სექტემბერი. ოკლენდი
ახალი ზელანდია - საფრანგეთი
27 სექტემბერი. ნეიპირი
კანადა - იაპონია
1 ოქტომბერი. ველინგტონი
საფრანგეთი - ტონგა
2 ოქტომბერი. ველინგტონი
ახალი ზელანდია - კანადა
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.129943