ამბები

23:53 | 22.09.2011 | ნანახია 3430 - ჯერ

ნიჟარაძე ზელანდიიდან

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, საქართველოში მყოფი სპორტული ჟურნალისტები “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე მიიწვია, ტელეფონით ახალი ზელანდიიდან ჩაგვერთო და ეროვნული გუნდის განვლილ შეხვედრებზე, აწმყოსა და მომავალზე გვესაუბრა:

გიორგი ნიჟარაძე: პირველ მატჩში შოტლანდიასთან, გუნდმა დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ვერ ვაჩვენეთ ის პოტენციალი, რაც შეტევაში გაგვაჩნდა. პირველი თამაშის სინდრომმა, ნერვიულობის ამ კუთხით ტრანსფორმაცია მოახდინა და შეტევაში ვერ ვივარგეთ. მიუხედავად ამისა, ძალიან ძლიერ გუნდს კარგად ვეთამაშეთ, ალბათ, მოგების შანსიც იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ინგლისელებთან მატჩში გამოჩნდა, რომ ჩვენ შეტევაში თამაშიც შეგვიძლია. მეორე შეხვედრაში ყველანაირი სტატისტიკური მონაცემი ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებდა, მაგრამ კლასში სხვაობა გამოჩნდა და ამის გამო წავაგეთ. უბრალოდ, არ შეიძლება ამ დონის გუნდებთან მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ გქონდეს თამაშის საშუალება. მაღალი დონის გუნდებთან ხშირი თამაშით მოდის ის კლასი, რომელმაც წარმატებები უნდა მოგიტანოს. მაღალი კლასის გუნდებმა იციან როგორ დაგსაჯონ და ეს დაგვემართა ჩვენც. ვფიქრობ, ჯამში საქართველოს ნაკრებმა ორი ღირსეული თამაში ჩაატარა. 
- ტრავმირებულ მოთამაშეებთან დაკავშირებით რა სიტუაციაა?
- ირაკლი მაჩხანელი, დიდი ალბათობით, ამ მსოფლიო თასზე ვეღარ ითამაშებს. ალექსანდრე თოდუას და დავით ქუბრიაშვილს ტვინის შერყევა ჰქონდათ და ვნახოთ, მათი მდგომარეობა როგორი იქნება. შალვა სუთიაშვილს მყესები აქვს გაჭიმული, გადაწყვეტილი არაფერია და მისი მდგომარეობა ჯერ გაურკვეველია. 
- ორი ასეთი თამაშის შემდეგ, ბიჭები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად როგორ მდგომარეობაში არიან?
- ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გუნდში არანაირი პრობლემა არაა. სამი დღე განტვირთვის პერიოდი იყო. დღეს მასტერტონში ცენტრალური ქუჩა გადაიკეტა და საქართველოს ნაკრების საპატივცემულოდ აღლუმი გაიმართა. ჩვენს ბიჭებს მთელი ქალაქი ქუჩაში ეგებებოდა. ყველაფერი წესრიგშია და ვემზადებით რუმინეთთან მატჩისთვის.
- საქართველოს ნაკრების თამაშს როგორი გამოხმაურება მოჰყვა?
- არა მარტო პრესა და ჟურნალისტები, ექსპერტები, რაგბის ვეტერანები და სპორტის ამ სახეობაში თავგამოჩენილი ადამიანები, ერთმნიშვნოვლად აღნიშნავენ ქართული რაგბის პროგრესს _ არავინ ელოდა ჩვენგან ასეთ სწრაფ განვითარებას. ახლა აღიარებენ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი სარაგბო ნაკრები. სწორედ ამან გამოიწვია საუბრები, რომ უსამართლობაა, საქართველოს ნაკრები, წლიდან წლამდე, მხოლოდ ერთი და იმავე ნაკრებებს ეთამაშებოდეს და საჭიროა ახალი ტურნირების დაარსება. მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ მხოლოდ საუბრები დაიწყო და კონკრეტული არაფერი იქნება, თუ უზარმაზარი განსხვავება არ ვაჩვენეთ. 
- რუმინეთის ნაკრების ასეთ გამოსვლას თუ ელოდით?
- მათი შოტლანდიასთან კარგი თამაში მოულოდნელობა არ ყოფილა. რუმინელებმა ლელოები გაიტანეს, თუმცა, თავად უფრო მეტი მიიღეს. მათგან ასეთ თამაშს მით უფრო არ ველოდით, რომ თავიდანვე გაცხადდა, ისინი ჩვენთან მოსაგებად ემზადებოდნენ, ისევე, როგორც ჩვენ მათთან. ყოველ შემთხვევაში, რუმინელებმა ღირსეული თამაში აჩვენეს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ შოტლანდიის ნაკრები ჩვენთან თამაშზე იყო კონცენტრირებული და პირველ მატჩში ძალების დაზოგვას შეეცადა. სწორედ ამის გამო მოხდა მათ რიგებში 11 ცვლილება.
- ხომ არ ყოფილა კონკრეტული საუბრები და ხომ არ დაგეგმა საქართველოს ნაკრებმა სამომავლოდ რაიმე ტესტ-მატჩი?
- სანამ მსოფლიო თასი არ დასრულდება, მანამ მსგავსი რამ არ მოხდება. ახლა ჩვენ, მხოლოდ რუმინეთთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული, ასევე არიან სხვა ნაკრებებიც. მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ზელანდიაში სწორედ იმიტომ ვრჩები, რომ მსგავსი საკითხები მოვაგვარო და დანარჩენი ცოტა მოგვიანებით გაირკვევა.
 
ზურა ქსოვრელი
 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082849