სიახლეები

0:07 | 8.02.2016 | ნანახია 971 - ჯერ

ფრე დუბლინში

2016 წლის ექვსი ერის პირველი რაუნდის ცენტრალურ მატჩში, ირლანდიისა და უელსის ნაკრებების მომქანცველმა ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დუბლინში, „ავივაზე“ გამართული მატჩი ფრედ 16:16 დასრულდა.

ესაა პირველი შემთხვევა 1974 წლიდან, როდესაც ირლანდია და უელსი ურთიერთშეხვედრისას ქულებს იყოფენ, სულ კი, 125-ე ჯახში ფრე მერვედ დაფიქსირდა.

ჯო შმიდტის შეგირდებმა ტიტულის დაცვა ღირსეულად დაიწყეს და ნახევარი საათის თავზე კონორ მარეის ლელოთი და ჯონათან სექსტონის ზუსტი დარტყმებით 13:0 დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა მშვიდად გააგრძელეს თავისი საქმე, მეორე ტაიმის საწყის წუთებში წონასწორობა აღადგინეს, მერე დაწინაურდნენ და რადგან ორი არეკნი გაუცუდდათ, საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დაყაბულდნენ.

ირლანდიელებს დასაწყისი ძალიან კარგი გამოუვიდათ და სექსტონმა ანგარიში მე-6 წუთზე ჯარიმით გახსნა. სტუმრებს დაცვაში ხშირად რომ უწევდათ თამაში, ბოჭვების სიხშირის ფონზე დაჯარიმებაც უწევდათ და სექსტონმა მე-15 წუთზე მეორე ჯარიმა გაიტანა, ხოლო 27-ე წუთზე ასეთი თამაშის ლოგიკურ დასასრულად მარეის ლელო იქცა, რომელიც სექსტონმა ზუსტად გარდასახა. მაგრამ უელსი სულაც არ გატყდა და 32-ე წუთზე ერლსი გადარჩა, სინბინით რომ არ დაისაჯა, მაგრამ ტრავმირებული ბიგარის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა პრისტლენდმა ეს ეპიზოდი „დრაკონების“ პირველ 3 ქულაში გარდასახა.

ამან სტუმრებს თავდაჯერებულობა შემატა, ტაიმის მიწურულს თითქოს ირლანდიაც დაიღალა და ტაულუპე ფალეტაუს ახლოდან მიძალება სექსტონმა ვეღარ შეაჩერა. ლელო პრისტლენდმა გარდასახა და ტაიმი 13:3 დასრულდა. დაიწყო მეორე ტაიმი და თანაგუნდელებმა პრისტლენდისთვის ორი ჯარიმა გამოიმუშავეს - უელსელს პირველი დარტყმა გაუცუდდა, 47-ე წუთზე კი, წონასწორობა აღადგინა.

ამის შემდეგ მოედანზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და ორთაბრძოლები გახშირდა. იმატა შეცდომებმაც და „ავივაზე“ შეკრებილი პუბლიკა აღფრთოვანდა, როდესაც სექსტონმა ხაზი სუფთად გაჭრა, მაგრამ ტრიმბლი აუტში გადაიყვანეს. სტუმრები ინიციატივას მაინც ფლობდნენ და მათი ფაზების სიმრავლემ და ტერიტორიულმა უპირატესობამ, საბოლოოდ რაქში ჯარიმა გამოიწვია, რომელიც პრისტლენდმა 3 ქულად აქცია და „დრაკონები“ პირველად დააწინაურა. მაგრამ მალევე ჯარიმის შანსი სექსტონმაც მიიღო, 75-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და რადგან ბოლო წუთებში უელსელთა მონდომება უქულოდ დასრულდა, რეფერის საფინალო სასტვენმა ფრე 16:16 დააფიქსირა.

მეორე ტურში, 13 თებერვალს, ირლანდია საფრანგეთს პარიზში ეწვევა, ხოლო უელსი შოტლანდიას უმასპინძლებს.

2016 წლის ექვსი ერი. პირველი რაუნდი

საფრანგეთი - იტალია 23:21

შოტლანდია - ინგლისი 9:15

ირლანდია - უელსი 16:16

1.

ინგლისი

1

1

0

0

15:9

2

2.

საფრანგეთი

1

1

0

0

23:21

2

3.

უელსი

1

0

1

0

16:16

1

4.

ირლანდია

1

0

1

0

16:16

1

5.

იტალია

1

0

0

1

21:23

0

6.

შოტლანდია

1

0

0

1

9:15

0

მეორე რაუნდი. 13-14 თებერვალი

საფრანგეთი - ირლანდია

უელსი - შოტლანდია

იტალია - ინგლისი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080324