20-წლამდელები

11:36 | 5.03.2016 | ნანახია 1025 - ჯერ

სასარგებლო ტურნე

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში არგენტინასთან და ურუგვაისთან ორ-ირი მატჩი გამართა. „პუმიტასთან“ 17:36 და 11:49 მარცხის შემდეგ, ურუგვაელებმა პირველ მატჩში 21:19 იმარჯვეს, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ რევანში აიღეს - 22:11.

რაღა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ტურნე და განსაკუთრებით მაღალი დონის არგენტინასთან გამართული შეხვედრები, გუნდს, რომელიც ასაკობრივი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, დადებითად წაადგება. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტთან საუბარში, „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთმა მწვრთნელმა ზურა ამონაშვილმა განაცხადა, რომ სერია ძალზე მნიშვნელოვანი იყო გუნდის მშენებლობისათვის:

„მთლიანობაში, ძალიან სასარგებლო და საჭირო ტურნე იყო. ფაქტობრივად, ეს იყო ორი თაობის გაერთიანებული გუნდი (1996-97 წელს დაბადებულები), რომელთაც აქამდე ერთად არასდროს უთამაშიათ. არ ვამბობთ, რომ რომელიმე მორაგბე ვინმეზე წინ, ან უკანაა, მაგრამ ფაქტია, ის ნაკრები, რომელმაც შარშან მსოფლიო თასის „ალაფა“ მოიგო, უკეთ შეთამაშებული და ჩამოყალიბებული გუნდი იყო. ეს ტურნე სწორედ ახალი გუნდის მშენებლობას ისახავდა მიზნად.

ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლასა და წნეხში მოხდა, როგორც ინდივიდუალური, ასე გუნდური სისტემების გამოცდა. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული თუ რისთვის ვემზადებით - მსოფლიოზე სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს. შესაბამისად, ძლიერ მეტოქეებთან ყველაფრის გამოცდა ძალიან სასარგებლოა. ჩვენ ყველა მოთამაშეს მივეცით თამაშისა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა. გვინდა ვნახოთ რა „მასალისგან“ ვაშენებთ გუნდს“.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ქომაგობა და გვერდში დგომა, რაც ჩვენმა ბიჭებმა მთელი ვოიაჟის განმავლობაში არგენტინაში საქართველოს საელჩოსგან იგრძნეს. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო არგენტინაში საქართველოს საელჩოს - ელჩს, ბატონ გელა სეხნიაშვილს, მრჩეველს, ქალბატონ ქეთი საბაურსა და საელჩოს ყველა თანამშრომელს დიდი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის. მთელი ტურნეს მსვლელობისას ისინი გვერდში გვედგნენ და უამრავი საორგანიზაციო საკითხის უმტკინვეულოდ გადაწყვეტაში დაგვეხმარნენ“ - ამბობს ამონაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საელჩოს წარმომადგენლებმა გუნდი არც მეზობელ ურუგვაიში მიატოვეს და მონტევიდეოს ტრიბუნებიდან ქომაგობდნენ „უმცროს ბორჯღალოსნებს“.

ამრიგად, ტურნე დასრულდა და წინაა წინა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 5-25 ივნისს მანჩესტერში გაიმათება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს 7 ივნისს ახალი ზელანდის, 11 ივნისს უელსის და 15 ივნისს ირლანდიოს ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს თამაში. მანჩესტერში გამგზავრებამდე სამწვრთნელო შტაბი გუნდს გენერალურ შეკრებაზე უხმობს, რომელზეც ნაკრების ოპტიმიზაციაზე იმუშავებს. აქ „უმცროს ბორჯღალოსნებს“ უკვე ლეგიონერები და ეროვნულ ნაკრებში მოასპარეზე 20-წლამდელებიც დაემატებიან.

rugby.ge-ს მიხედვით


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:01 | 05.03.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია სათანადო დასკვნებიც გაკეთდა და მსოფლიოსთვის ხარვეზებიც აღმოიფხვრება. აბა თქვენ იცით.

0.082117