ამბები

12:20 | 23.09.2011 | ნანახია 3808 - ჯერ

ჭეიშვილი და მაისაშვილი მსოფლიო თასზე

საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით, “ბორჯღალოსნების” ყოფილი მწვრთნელი მალხაზ ჭეიშვილი, რომელმაც გუნდი 2007 წლის მსოფლიო თასზე ათამაშა და საქართველოს A ნაკრების თავკაცი ლევან მაისაშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც (ნიკო ჭავჭავაძესთან ერთად) ეროვნულმა ნაკრებმა 2010 წლის IRB-ს ერთა თასზე ტიმ ლეინის წასვლის შემდეგ ორი შეხვედრა ჩაატარა, ჟურნალისტებს “შევარდენის” ბაზაზე შეხვდნენ და ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ესაუბრნენ.
მათ გაგვაცნეს თავიანთი შეხედულებები საქართველოს ნაკრების პირველ ორ შეხვედრაზე (შოტლანდიასთან და ინგლისთან), გაგვანდეს როგორ მოიზცეოდნენ თვითონ რიჩი დიქსონის ადგილზე და დადებითი თუ უარყოფითი მხარეები დაინახეს ჩვენი გუნდის თამაშში.
ლევან მაისაშვილი: “ის, რომ შოტლანდიის დარ ძლიერ გუნდს ლელო არ გავატანინეთ, ბევრ რამეზე მეტყველებს. დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შეტევაში იყო ბევრი წუნი. მეტი შეგვეძლო, მაგრამ კონკრეტულად ამ შეხვედრაში რაღაცეები არ გამოვიდა, თუმცა, სასაყვედუროც არაფერია. მეორე თამაშში შეტევითი მხარე გამოჩნდა, თანაც, ინგლისთან სულ სხვა მსაჯი იყო და მან თამაშის საშუალება მოგვცა. პირველ შეხვედრაში რეფერიმ რამდენიმე მოგონილი ჯარიმა დანიშნა. დარწმუნებული ვარ, რუმინეთთან შეცდომები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, თუმცა, მწვრთნელებს სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ.
6:9-ზე მსაჯმა მოგონილი ჯარიმა დანიშნა, თორემ, შეიძლებოდა ეს თამაში არ წაგვეგო. შოტლანდიასთან საქართველოს ნაკრებმაც ბევრი შეცდომა დაუშვა ფეხით თამაშისას და ტაქტიკური დარტყმებისას. მიუხედავად ამისა, დაცვის ორგანიზაცია საქართველოს ნაკრებში ასეთი მაღალი აქამდე არასოდეს ყოფილა, ოღონდ, აქ ინდივიდუალურ შეცდომებს მხედველობაში არ ვიღებ. ინგლისელებმა ადეკვატურად გამოიყენეს ჩვენი შეცდომები და ამდენი ლელო ამის გამო მივიღეთ, ისინი ჩვენზე უკეთ მომზადებულები არიან. ჩვენ და რუმინეთის ნაკრები ერთი დონის გუნდები ვართ და ის გაიმარჯვებს, ვინც უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.
რეზო გიგაურს ძალიან კარგად ვიცნობ, ახალგაზრდულ და A ნაკრებში ჩემთან თამაშობდა. ის მაღალი დონის პროფესიონალია და თავისი საქმისადმი ფანტასტიური მიდგომა აქვს. თუმცა, 15 ნომრის პოზიცია სპეციფიურია და მისი აქ თამაში ძალიან სახიფათო იყო. პირადად მე, ამ პოზიციაზე მალხაზ ურჯუკაშვილს დავაყენებდი. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ინგლისთან მატჩში, როდესაც მერაბ კვირიკაშვილს დარტყმები არ წაუვიდა, არავინ იყო, ვინც ამ მძიმე ტვირთს გადაიბარებდა, მახო კი, ამას შეძლებდა.
შეიძლება ითქვას, რომ მოსამზადებელი ეტაპი კარგად არ იყო გათვლილი და ორი საკონტროლო თამაშის ჩატარება საკმარისი არ აღმოჩნდა. მსოფლიო თასის პირველ ორ შეხვედრაში, მწვრთნელმა ის ბირთვი ათამაშა, რომელმაც რუმინეთის წინააღმდეგ უნდა ითამაშოს. ჩემი აზრით, შემადგენლობის არშეცვლა გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, მე ასე არ მოვიქცეოდი და თამაშის საშუალებას ყველას მივცემდი, მაგრამ ეს უშუალოდ მწვრთნელის გადასწყვეტია. მინდა ავღნიშნო, რომ ახლა რუმინეთის ნაკრები იმ გუნდზე ბევრად ძლიერი იქნება, ვისაც წელს თბილისში ვეთამაშეთ”.
მალხაზ ჭეიშვილი: “მსოფლიო თასის პირველი ორ შეხვედრა, გუნდმა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განსხვავებულ მდგომარეობებში ჩაატარა. შოტლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით, ინგლისთან მაღალ დონეზე ვითამაშეთ და შევძელით ის, რაც პირველ შეხვედრაში არ გამოგვივიდა, უფრო გახსნილები ვიყავით. ამასთან, ინგლისთან თამაში მსაჯმაც გვაცალა, შოტლანდიასთან კი, ბევრ ისეთ მომანტზე არ დახუჭა თვალი, რომლისთვისაც შეეძლო ყურადღება არ მიექცია.
ოთხი წლის წინანდელი და ახლანდელი ნაკრების, გინდაც მსოფლიო თასების შედარება არასწორია. ეს ორი განსხვავებული პერიოდია, თავისი პლიუსებით და მინუსებით. წელს ნაკრებს მოსამზადებლად უფრო სოლიდური პირობები ჰქონდა და მწამს, მსოფლიო თასს ღირსეულად დაასრულებს. სამწუხაროდ, საქართველოში არაა იმდენი მაღალი დონის მორაგბე, რომ არჩევანი თავისუფლად გააკეთო და ვინ როგორ ფორმაშია, არჩევანი ამის მიხედვით უნდა გააკეთო. თამაშების წინ, გუნდს მოსამზადებლად სულ ერთი კვირა აქვს ხოლმე, ამასთან, ზოგ მორაგბეს ჩამოსვლა უგვიანდება და სულ რამდენიმე ვარჯიშის ჩატარებას ასწრებ. გამიკვირდა რევაზ გიგაურის 15 ნომრად ხილვა, მაგრამ, როგორც ჩანს, მწვრთნელმა ის ამ პოზიციაზე ამხანაგურ შეხვედრებში შეამოწმა და კმაყოფილი დარჩა. რეზოს თავი ნამდვილად არ შეურცხვენია, მაგრამ ეს ერთგვარი რისკი იყო და მე ასე არ მოვიქცეოდი. საერთოდ, კარგია, როდესაც ბევრ საკონტროლო შეხვედრებს ატარებ, მაგრამ ასეთ დროს ტრავმების მიღების ალბათობაც დიდია.
შოტლანდიის ნაკრები წელს ვერაა ფორმაში და ალბათ, მათთან მოგება შეიძლებოდა. მთლიანობაში, წესების ცვლილებამ, მათმა გამკაცრებამ, რაგბის განვითარებას ხელი შეუწყო და ის უფრო შეტევაზე ორიენტირებული გახდა. ბურთი რაქიდან უფრო სწრაფად გამოდის და თამაშის ტემპიც მაღალია”.

ზურა ქსოვრელი 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080207