ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ირლანდიასთან განცდილი 6:15 მარცხის შემდეგ, გონს მოსვლა მოასწრო და ამერიკელებს პატარა სარაგბო გაკვეთილი ჩაუტარა. იმავე ირლანდიასთან თავდადებული თამაშისა და რუსეთის ძლევის შემდეგ, აშშ-ს ნაკრებმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა, სათადარიგოებმა კი, “კენგურუებს” წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.
არადა, საწყისმა ნახევარმა საათმა ისე განვლო, რომ მსგავსს ვერავინ წარმოიდგენდა. ეგ კი არა და პირველ ათ წუთში ამერიკელები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაცვაში გადაწყობა ვეღარ მოახერხეს და მე-8 და მე-11 წუთებზე, შესაბამისად, რობერტ ჰორნიმ და როკი ელსოლმმა ლელოები გაიტანეს. ტაიმის შუაწელს, 23-ე წუთზე, გაგიანომ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა და თითქოს დაძაბული თამაშის მომსწრენი უნდა გავმხდარიყავით, მაგრამ 31-ე და 35-ე წუთებზე, კურტლი ბეილმა და ენტონი ფაინგამ კიდევ 2 ლელო დადეს და ტაიმი 22:5 დასრულდა. ეს იმიტომ, რომ კუპერს გარდასახვები არ წაუვიდა და მე-2 ნახევარში რეალიზაციების შესრულება ბარნსმა ითავა.
მე-2 ნახევრის დასაწყისში, ლელოები დრიუ მიჩელმა და პეტ მაკკეიბიმ მიითვალეს, 59-ე წუთიდან კი, ადამ ეშლი-კუპერმა აიწყვიტა. მან 66-ე წუთამდე 3 ლელო გაიტანა, ჰეთ თრიკი შვიდ წუთში შეასრულა და მსოფლიო თასზე დროის მცირე მონაკვეთში შესრულებული ჰეთ თრიკების რეკორდი მოხსნა. შეხვედრის დასრულებამდე ფაინგამ და რადიკ სამომ თითო-თითო ლელოც მიითვალეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. ცნობისათვის, ამერიკელები მეტოქის ნახევარზე სათამაშო დროის 53 პროცენტი იმყოფებოდნენ და ბურთსაც 54 პროცენტი აკონტროლებდნენ, მაგრამ მიიღეს 11 ლელო და თავად მხოლოდ ერთი გაიტანეს.
ამრიგად, ავსტრალიამ C ჯგუფში ლიდერის პოზიცია დროებით დაიბრუნა, მისი ჯგუფიდან გასვლა-არგასვლის ბედი კი, მომდევნო შეხვედრებში გაირკვევა. ახლა ავსტრალიელებს მხოლოდ რუსეთთან მატჩი დარჩათ ჩასატარებელი, ირლანდია რუსეთის გარდა იტალიას ეთამაშება, რომელსაც მანამდე აშშ-სთან უწევს ჯახი და ამ მატჩების შედეგები მეოთხედფინალისტის ვინაობას საბოლოოდ გამოარკვევს.
C ჯგუფი
ავსტრალია - აშშ 67:5 (22:5)
1 | ავსტრალია | 3 | 2 | 0 | 1 | 103-26 | 10 |
2 | ირლანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 37-16 | 8 |
3 | იტალია | 2 | 1 | 0 | 1 | 59-49 | 5 |
4 | აშშ | 3 | 1 | 0 | 2 | 28-93 | 4 |
5 | რუსეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 23-66 | 1 |
25 სექტემბერი. როტორუა
ირლანდია - რუსეთი
27 სექტემბერი. ნელსონი
იტალია - აშშ
1 ოქტომბერი. ნელსონი
ავსტრალია - რუსეთი
2 ოქტომბერი. დანედინი
ირლანდია - იტალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია