საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის XI ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, “არმია” მეორე გუნდი გახდება, რომელიც საჩემპიონო პლეი ოფში თამაშს გაინაღდებს.
დედაქალაქურ დერბიში, არმიელები “აკადემიას”, “შევარდენზე” 17:00 საათიდან ეთამაშებიან და თუ გაიმარჯვეს, რეგულარული პირველობის შედეგად საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა გარანტირებული ექნებათ. შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის შედეგად პირველ-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები, საჩემპიონო ბრძოლას ავსტრალიურ პლეი ოფში განაგრძობენ.
“არმიამ” მე-2 წრე კარგად კი დაიწყო, მაგრამ ამ შემთხვევაში, იოლი გასეირნება არ ელის. საქმე ისაა, რომ “აკადემია” თავად იბრძვის ამ ოთხეულში მოსახვედრად, არცთუ ცუდი შანსები აქვს და იოლად არაფერს დათმობს. აკადემიელები ახლა ამ ოთხეულის ბოლო საფეხურზე იმყოფებიან და ამ ადგილის შენარჩუნებას ყოველნაირად ეცდებიან. პირველ წრეში, ისინი მეტოქეს არ დანებდნენ და ფრეს (22:22) დააჯერეს. მე-2 ადგილზე მყოფ “არმიას” მდევრებთან სოლიდური უპირატესობა აქვს, მაგრამ მისი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა და არავისთან არაფერს დათმობს.
საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა უკვე გაინაღდა ქუთაისის “აიამ”, მაგრამ ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის “ლოკომოტივთან” კიდევ ერთხელ შეეცდება დაამტკიცოს, რომ მისი ამბიცია უსაფუძვლო სულაც არ არის. ქუთაისელებს ისიც ენდომებათ, რომ რეგულარული პირველობა წაუგებლად განვლონ და ათმატჩიანი მოგებათა სერია არ შეწყვიტონ, “ლოკომოტივს” კი, ჯერ ოთხეულში მოხვედრაც არ დაუბევებია და ფოთის მახლობლად, მალთაყვაში, სრული ძალისხმევით ითამაშებს. თბილისში გამართული შეხვედრა ქუთაისელებმა 21:18 მოიგეს და დედაქალაქელებს რევაშის აღებაც სწყურიათ. თამაში 17:00 საათზე დაიწყება.
უძლიერესთა შორის დასარჩენად მებრძოლმა “ყოჩებმა”, წლეულს პირველი გამარჯვება მხოლოდ გასულ ტურში მოიპოვა, როდესაც “ლოკომოტივს” 12:10 სძლია და იგივეს გამეორებას ახლა “ლელოსთან” ეცდება, მით უმეტეს, რომ X ტურში მისმა კონკურენტმაც იმარჯვა და ჩამორჩენა კვლავ სოლიდურად რჩება. “ლელო” ჩემპიონობისთვის იბრძვის, მაგრამ აგერ უკვე ზედიზედ მე-4 თამაშია გამარჯვების გემო არ უგრძვნია. “ლელო” მე-6 პოზიციამდე დაქვეითდა, თუმცა, ოთხეულს სულ რაღაც ქულით ჩამორჩება და “ვისოლზე”, 17:00 საათიდან, სიტუაციის სათავისოდ შეცვლას ეცდება. პირველ წრეში “ლელომ” 36:20 იმარჯვა.
უძლიერესთა შორის დასარჩენად მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი - რუსთავის “ხარები”, საკუთარ ქალაქში, “არმაზს” მასპინძლობს და თუ გამარჯვება მოიპოვა, უძლიერესთა შორის დასარჩენ პლეი ოფამდე ძალიან ცოტაღა დარჩება. მაგრამ “არმაზი” იოლი მეტოქე სულაც არაა. ის საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და ქულები ჰაერივით სჭირდება, თანაც, გასულ წელს, არმაზელებს უძლიერესთა შორის დასარჩენ პლეი ოფში თამაში სწორედ იმის გამო მოუწია, რომ მას “ხარებმა” აჯობა და ახლა ერთგვარი რევანშის აღება შეუძლია. პირველ წრეში ამ გუნდებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა და თბილისელებმა 9:5 იმარჯვეს.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
24 სექტემბერი. XI რაუნდი
თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი
აკადემია (თბილისი) - არმია (თბილისი)
თბილისი. “ვისოლი”. 17:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - ლელო (თბილისი)
ფოთი. მალთაყვა. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
რუსთავი. “ტექნიკუმი”. 17:00 საათი
ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი)
1. აია 10 10 0 0 275-120 20
2. არმია 10 7 1 2 239-162 15
3. ლოკომოტივი 10 5 0 5 188-180 10
4. აკადემია 10 3 3 4 185-204 9
5. არმაზი 10 4 1 5 198-218 9
6. ლელო 10 4 0 6 224-218 8
7. ხარები 10 3 0 7 115-212 6
8. ყოჩები 10 1 1 8 132-242 3
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია