ამბები

16:59 | 24.09.2011 | ნანახია 4236 - ჯერ

ინგლისმა “მუხები” ნაფოტებად დაშალა

რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტია, ინგლისის ნაკრებს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ათი ლელო გაუშვა, 3:67 დამარცხდა და სირცხვილი ჭამა.
შესაძლოა, ანგარიში ასეთი შთამბეჭდავი არ ყოფილიყო, რუმინელებს “ვარდების” წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით რომ ეთამაშათ, მაგრამ “მუხების” მთავარმა მწვრთნელმა რომეო გონტინიაკმა გუნდის ლიდერებს საქართველოს ნაკრებთან გასამართი ჯახისთვის (28 სექტემბერს) დასვენების საშუალება მისცა. შედეგად, ინგლისელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და ხასიათი ოდნავ გამოიკეთეს. არგენტინასთან და საქართველოსთან მოპოვებული არცთუ შთამბეჭდავი გამარჯვებების შემდეგ, ბრიტანელებს თავს დიდი კრიტიკა დაატყდათ და ახლა სურდათ, საკუთარი ძალა ეჩვენებინათ. მათ ეს მოახერხეს კიდეც, მაგრამ მარტინ ჯონსონს ჯერ კიდევ ბევრი აქვს საფიქრალი, რადგან მისი შეგირდები ამ ჯერზეც ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ, უბრალოდ, რუმინეთი არ აღმოჩნდა ისეთი კარგი, როგორიც საქართველო იყო და მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა.
ძნელია რუმინელთა თამაშზე ისაუბრო მაშინ, როდესაც ისინი საქართველოსთან თითქმის სახეცვლილი შემადგენლობით ითამაშებენ. კონკრეტულად ამ შეხვედრაში გამოჩნდა ის, რომ მათ ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდათ დერეფანში. თავიანთი 11 მოწოდებიდან მათ მხოლოდ 4 მოიგეს და 7 წააგეს, 9-დან ერთ შემთხვევაში კი, შერკინებაც დათმეს. აღსანიშნავია, რომ დერეფანში ბურთი მხოლოდ ერთ წერტილში არ ვარდებოდა, მოწოდება ხან პირველ კაცზე ხდებოდა, ხან ბოლოზე, ხანაც კი, შუაში. 90 ბოჭვის წილ, რუმინელებს 26 მცდელობა გაუცუდდათ, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და იმედია, 28 სექტემბერსაც ასე იქნება. რუმინელებმა ვერ შეძლეს ფიზიკური ძალის ხარჯზე უპირატესობის მოპოვება, მათ დარტყმებს ინგლისელები ძალიან კარგად დაუდგნენ და რუმინელთა იშვიათი მცდელობები ღირსეულად მოიგერიეს.
ინგლისელთა მიერ 10 გატანილი ლელოდან 9 უკანახაზელებზე მოდის, ამასთან, მარკ კუეტომ და კრის ეშტონმა ჰეთ-თრიქები მიითვალეს. აღსანიშნავია, რომ მესამეხაზელი ტომ კროფტის ლელოც გაშლილი თამაშის შედეგად გავიდა, ასე რომ, ძალისმიერი რაგბის თამაშის მოყვარულ რუმინელებს სწრაფი, გაშლილი თამაშის შემთხვევაში გვარიანი შეცდომები მოსდით და ეგებ “ბორჯღალოსნებსაც” ყველაფერი ისე კარგად გამოუვიდეთ, როგორც დღეს - ინგლისელებს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ რუმინელები კარგად ხედავდნენ მოშიშვლებულ ზურგს და ფეხით სახიფათოდ ურტყამდნენ. ამან მათ ინგლისთან მატჩში ვერაფერი შესძინა, მაგრამ ქართველ უკანახაზელებს მაქსიმალური ყურადღება მართებთ, რათა შემთხვევით სახიფათო იერიში არ გაეპაროთ.
“მუხები” პირველივე წუთზე დაჯარიმდნენ და რადგან შეხვედრა იმ წუთის დაწყებული იყო, ჯონ უილკინსონმა კარის გასწვრივ, დაახლოებით 35 მეტრიდან ამ ჯარიმის გამოყენება გადაწყვიტა. არც შემცდარა - ბურთმა ძელებსშუა გაიარა და რადგან მერე ინგლისელებმა ნახეს, რომ მეტოქისგან ქართველთა დარი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ჯარიმის კარში დარტყმა აღარც უფიქრიათ. საწყისმა ათმა წუთმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, ინგლისი უტევდა, მაგრამ ხშირად ჯარიმდებოდა და ბურთს კარგავდა, უილკინსონი ფეხით არც ისე კარგად კიდებდა, რაზეც ფლორიან ვლაიკუ დახვეწილი დარტყმებით პასუხობდა და მეტოქეს კვლავ თავის ნახევარზე აბრუნებდა. მე-15 წუთიდან 27-ე წუთამდე მარკ კუეტოს პერიოდი იყო. მან 12 წუთში ჰეთ თრიკი შეასრულა, მაგრამ ავსტრალიელი ადამ ეშლი-კუპერის რეკორდი ვერ მოხსნა, რომელმაც გუშინ ამერიკელებს სამი ლელო 7 წუთში გაუტანა. კუეტო სამივეჯერ თავის მარცხენა ფლანგზე გაიქცა. უილკინსონმა სამიდან მხოლოდ ერთი რეალიზაცია გამოიყენა და ანგარიში 20:0 გახდა.
32-ე და 35-ე წუთებზე კრის ეშტონის ჯერი დადგა. პირველ ჯერზე ინგლისელებმა დერეფანი მოიგეს, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, რუმინელები საფრთხეს კვლავ კუეტოსგან ელოდნენ, მაგრამ შეტევის მიმართულება უცებ შეიცვალა, ეშტონმა მაღალი სისწრაფით გაჭრა ხაზი და მეტოქის ჩათვლის მოედანში შესულმა, ბურთი კარსუკან დაამიწა, რათა უილკინსონს რეალიზაცია ზუსტად დაერტყა. სამ წუთში ის უკვე მარჯვენა ფლანგიდან ჩაერთო შეტევაში და იმხელა სისწრაფე განავითარა, რომ დაზღვევაზე გადასული მცველები პირში ჩალაგამოვლებული დატოვა. 38-ე წუთზე მარინ დუმბრავამ დაახლოებით 25 მეტრიდან ჯარიმით ანგარიში დაასველა. შესვენებამდე რუმინელებმა კიდევ ორჯერ მიიღეს ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ ლულიან დუმიტრაშმა და დუმბრავამ მიზანი ვერ გაისწორეს, შედეგად, ტაიმი 34:3 დასრულდა.
განახლდა თუ არა თამაში, ბენ იანგსმა მოლიდან გამოიტანა ბურთი, ცენტრალური ხაზის სიახლოვეს მცველების უყურადღებობით ისარგებლა, მერე ბურთი ტუილაგისთან გაითამაშა და ჩათვლის მოედანზე შეიჭრა. ამას რუმინელთა კიდევ ერთი აცილებული ჯარიმა მოყვა, მერე ტუილაგიმ გაჭრა ხაზი, ბენ ფოდენს დროული გადაცემა გაუკეთა და შეხვედრის მეშვიდე ლელო გავიდა. 61-ე წუთზე თავად მანუ ტუილაგის დრო დადგა, რომელიც ორ მცველს დაუსხლტა, 68-ე წუთზე კროფტი ჩაერთო შეტევაში ფლანგიდან, ხოლო კიდევ ორ წუთში, ეშტონმა ჰეთ-თრიქი მიითვალა.
ამ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა ხვალ გაიმართება და არგენტინა და შოტლანდია ერთმანეთს მეოთხედფინალის საგზურისთვის შეებმებიან. 28 სექტემბერს უკვე რუმინეთი-საქართველოს ჯერია, 1 ოქტომბერს ინგლისს შოტლანდიასთან დაპირისპირება ელის, ხოლო 2 ოქტომბერს ჯგუფური ეტაპი არგენტინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრით დასრულდება.


B ჯგუფი
ინგლისი - რუმინეთი 67:3 (34:3)
ინგლისის ნაკრები: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. მაიკ თინდოლი, 11. მარკ კუეტო, 10. ჯონი უილკინსონი, 9. ბენ იანგზი; 1. ალექს კორბისიერო, 2. სტივ ტომპსონი, 3. დენ კოლე, 4. ლუის დიკონი, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ კროფტი, 7. ლუის მუდი, 8. ჯეიმზ ჰესკელი.
სათადარიგოები: 16. ლი მერსი, 17. დევიდ ვილსონი, 18. საიმონ შოუ, 19. ტომ ვუდი, 20. რიჩარდ ვაიგლესვორტი, 21. ტობი ფლუდი, 22. დელონ არმითიჯი.
რუმინეთის ნაკრები: 15. ფლორინ ვლაიკუ, 14. სტეფან ჩინტუ, 13. იონელ კაზანი, 12. იულიან დუმიტრაში, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. მარინ დუმბრავა, 9. ლუსიან სირბუ; 1. ნიკოლაე ნერე, 2. ბოგდან ზებეგა, 3. სილვიუ ფლორეა, 4. ვალენტინე პოპარლანი, 5. კრისტიან პეტრე, 6. სტელიან ბურკეა, 7. კოზმინ რატიუ, 8. ოვიდიუ ტონიცა.
სათადარიგოები: 16. მარიუს ტინკუ, 17. პაულიკა იონი, 18. მიჰაი მაკოვეი, 19. დანიელ იანუსი, 20. ვალენტინ კალაფეტეანუ, 21. ჩაბა გალი, 22. კატალინ ნიკოლაე.

1.    ინგლისი             3    3    0    0    121-22    14
2.    შოტლანდია      2    2    0    0    49-30       9
3.    არგენტინა         2    1    0    1    52-21       6
4.    საქართველო     2    0    0    2    16-56       0
5.    რუმინეთი      3    0    0    3    35-144     0

25 ოქტომბერი. ველინგტონი
არგენტინა - შოტლანდია
28 ოქტომბერი. პალმერსტონი
საქართველო - რუმინეთი
1 ოქტომბერი. ოკლენდი
ინგლისი - შოტლანდია
2 ოქტომბერი. პალმერსტონი
არგენტინა - საქართველო

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083261