საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის XI ტური დაძაბული გამოდგა. მისი შედეგების მიხედვით, რეგულარული პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსს ექვსი გუნდი ინარჩუნებს, ერთს, დაუმარცხებელ ქუთაისის “აიას”, საჩემპიონო ფლეი ოფში თამაში ხომ გარანტირებული ჰქონდა და ახლა, რეგულარული ჩემპიონატის პირველობაც დაიბევა, “ყოჩებს” კი, დაქვეითებისგან სასწაულიღა თუ იხსნის.
ტურის ცენტრალური მატჩი ფოთის მახლობლად, მალთაყვაში გაიმართა. ჯერ კიდევ “უსახლკარო” “აიამ”, ქვეყნის ჩემპიონ “ლოკომოტივს” უმასპინძლა და მიუხედავად წინააღმდეგობისა, მომხვდური 14:6 დაამარცხა. ქუთაისელებისთვის ეს მატჩი, უფრო პრესტიჟის და ღირსებისა იყო, თბილისელებისთვის კი მას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. თემურ ბენდიაშვილის შეგირდებს, ტიტულის შენარჩუნება კი უნდათ, მაგრამ ამ ეტაპზე სფლეიოფო ოთხეულიც არა აქვთ განაღდებული.
დაძაბული თამაშის პირველ ნახევარში, “აიამ” მეტოქეს ორი ჯარიმა გაუტანა და ტაიმი 6:0 მორჩა. მეორე ნახევარში “ლოკომოტივმა” გაიბრძოლა და ეს ორი ჯარიმა კი გააბათილა, მაგრამ თავად ლელო და ჯარიმა გაუშვა და 6:14 დამარცხდა, რის შედეგადაც, მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. ქუთაისელებმა “არმიას” მარცხის შემდეგ რეგულარული პირველობის მოგება დაიბევეს, რადგან ახლა, უახლოეს მდევარს მთელი 7 ქულით უსწრებენ და სამ შეხვედრაში ამ ჰანდიკაპის ამოქაჩვა, უბრალოდ, შეუძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფლეი ოფის პირველ ეტაპზე, “აია” საკუთარი კედლების უპირატესობით ისარგებლებს, სულ მალე კი, ქუთაისელებს საკუთარ ქალაქში მოედანი ექნებათ და მხურვალე მხარდაჭერაც გარანტირებული იქნება.
თბილისში კიდევ ერთი ცენტრალური შეხვედრა “შევარდენზე” გაიმართა. “არმიამ” ლიდერები მოისაკლისა, თუმცა, “აკადემიის” დამარცხების ამბიცია მაინც ჰქონდა და პირველივე წუთებიდან მედგრად შეუტია. აკადემიელებმა პირველი იერიში მოიგერიეს, მერე თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, მაგრამ თავიდანვე გამოჩნდა, რომ არმიელები მეტოქეს ინდივიდუალურად ჯობდნენ და ჯანშიც დიდი უპირატესობა ჰქონდათ. მიუხედავად ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობისა, “არმიას” მორაგბეებმა უამრავი შეცდომები დაუშვეს, ხან ბურთი უვარდებოდათ წინ, ხან შეტევის მიმართულებას არასწორედ ირჩევდნენ, შედეგად, მედგრად მოთამაშე “აკადემიამ” გაძლო და საბოლოოდ გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.
ანგარიში მე-14 წუთზე “არმიამ” გახსნა. ისინი თამაშის გაშლას და ფლანგების გამოყენებას ცდილობდნენ, მაგრამ ლელოს გატანა რომ ვერ შეძლეს, ბახვა კობახიძემ 18 მეტრიდან ჯარიმა კარში დაარტყა - 3:0. “აკადემია”, ბურთს რომ მოიპოვებდა, ძალიან ფრთხილად თამაშობდა, ცდილობდა, ის არ დაეკარგა და იერიში ქულის გარეშე არ დაესრულებინა. ზედ შესვენების წინ, ჯარიმის შესრულების უფლება მათაც მოიპოვეს და შალვა დავითაშვილმა კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 25 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. დაიწყო მეორე ნახევარი და წასიძემ გადაცემა ჩაჭრა, მაგრამ სიჩქარე ვერ აკრიფა, მას არმიელები წამოეწივნენ და ზედ 22-ის ხაზთან დაიჭირეს, იერიში მაინც გაგრძელდა, “არმია” დაჯარიმდა და დავითაშვილმა “აკადემია” 6:3 დააწინაურა.
“არმიას” დაახლოებით 35 წუთი ჰქონდა იმისთვის, რომ სიტუაცია სათავისოდ შემოებრუნებინა. მათ მეტოქის ერთბაშად გატეხვაზე იზრუნეს და ლელოს გატანა მოინდომეს, ძალიან დიდი დრო მეტოქის 22-ში, ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში გაატარეს, მაგრამ “აკადემიამ” თავგანწირული დაცვით იერიშის მოგერიება მოახერხა. ეს კი არა, 57-ე წუთზე, ნიბლაძეს ანგარიშის გაზრდის საშყუალებაც ჰქონდა, მაგრამ მისი შორეული ჯარიმა ქვედა ძელს მოხვდა. როდესაც “არმიამ” შეცვლებით შემადგენლობა გადაახალისა, “აკადემიამ” მეტოქის შეტევების შეჩერება ჯარიმების ხარჯზე მოახერხა, მაგრამ არმიელებმა ლელოს გატანა ისურვეს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც “აკადემიას” ღამბაშიძე გაუსინბინეს, მაგრამ ლელო ლამის თავად მიიღეს. აკადემიელებმა ბურთს ფეხი წაკრეს, მას გოგოლაშვილი გაყვა, მაგრამ ფეხით უხეიროდ ითამაშა და მეტოქემ ფეხითვე ბურთის აუტში გატანა მოახერხა. მიუხედავად ამისა, თამაშმა ცენტრის სიახლოვეს გადაინაცვლა, სამიოდე წუთში მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა და “აკადემია” მესამე საფეხურზე აღზევდა.
ოთხეულში დაბრუნდა “ლელო”, რომელმაც “ყოჩები” პრაქტიკულად გასავარდნად გაწირა. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, “ლელომ” უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის თავგანწირული თამაშის მიუხედავად, 28:19 იმარჯვა. ახლა, “ყოჩები” ბოლოსწინა ადგილს ხუთი ქულით ჩამორჩება და დარჩენილი სამი შეხვედრიდან ყველა უნდა მოიგოს, რუსთავის “ხარებმა” კი, ყველა მატჩი წააგოს და “ყოჩებს” პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან ფლეი ოფის შეხვედრებში თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. ასეთი რამ ძნელად სავარაუდოა, მით უმეტეს, რომ “ხარებმა” თავიანთი ამბიცია “არმაზთან” მატჩში დაამტკიცეს, როდესაც მათ რუსთავში 21:16 გაუსწორდნენ. ახლა, “ხარებს” იმის იმედიც გაუჩნდათ, რომ გადათამაშებას თავი დააღწიონ და ეგ კი არა, მოვლენათა მათთვის სასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის კარგი შანსიც აქვთ.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
24 სექტემბერი. XI რაუნდი
თბილისი. “შევარდენი”.
აკადემია (თბილისი) - არმია (თბილისი) 6:3 (3:3)
აკადემია: 15. ი. დავითაშვილი, 14. ჭუაძე, 13. წასიძე, 12. მოლოდინაშვილი, 11. გოგოლაშვილი, 10. ქოპილაშვილი, 9. შ. დავითაშვილი (მარგიანი); 1. ზაქაშვილი, 2. მაღლაკელიძე (დიაკონიძე), 3. ღამბაშიძე, 4. გაჩეჩილაძე, 5. ნებულიშვილი, 6. ნიბლაძე, 7. გოგოლაძე (ჩაჩუა), 8. ჩხიკვაძე.
2 ჯარიმა: შ. დავითაშვილი
1 სინბინი: ღამბაშიძე
მწვრთნელი: პაატა ნარიმანაშვილი
არმია: 15. ბ. კობახიძე, 14. ნუცუბიძე (შკინინი), 13. მჭედლიძე (გაბროშვილი), 12. გაგოშვილი, 11. ტუჩაშვილი, 10. ნინიძე, 9. ზაბახიძე; 1. კაკოვინი (ქორიძე), 2. მეკოკიშვილი, 3. დონაძე (ერისთავი, ნავროზაშვილი), 4. ჟღენტი (კ. კობახიძე), 5. ცხადაძე, 6. თხილაიშვილი, 7. კალმახელიძე, 8. ბუჯიაშვილი.
1 ჯარიმა: ბ. კობახიძე
მწვრთნელი: ნიკოლოზ ჭავჭავაძე
რეფერი: ჩაჩუა
თბილისი. “ვისოლი”.
ყოჩები (თბილისი) - ლელო (თბილისი) 19:28
ფოთი. მალთაყვა.
აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 14:6
რუსთავი. “ტექნიკუმი”.
ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი) 21:16
1. აია 11 11 0 0 289-126 22
2. არმია 11 7 1 3 242-168 15
3. აკადემია 11 4 3 4 191-207 11
4. ლელო 11 5 0 6 252-237 10
5. ლოკომოტივი 11 5 0 6 194-194 10
6. არმაზი 11 4 1 6 214-228 9
7. ხარები 11 4 0 7 136-228 8
8. ყოჩები 11 1 1 9 151-270 3
მომდევნო ტური
1 ოქტომბერი: არმია - ყოჩები, ლელო - აია, ლოკომოტივი - ხარები, არმაზი - აკადემია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია