ამბები

0:10 | 25.09.2011 | ნანახია 4335 - ჯერ

ზელანდიამ საფრანგეთი შეარცხვინა

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო თასის A ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში, მასპინძელი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ძალიან სუსტად ითამაშა და 17:37 დამარცხდა. საქმე მხოლოდ 20 ქულიან სხვაობაში არაა, უბრალოდ, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ “ოლ ბლექსი” მაშინ მოუმატებდა, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლიდა, ფრანგებს კი, უბრალოდ, არაფერი გამსდიოდათ.
ოკლენდი და სრულიად ზელანდია ამ დღეს მთელი ოთხი წელიწადი ელოდა. მათ მწარედ ახსოვდათ 2007 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ფრანგებთან განცდილი მარცხი და რევანში სწყუროდათ. ამასთან, ეს მატჩი ზელანდიელთა კაპიტან რიჩი მაკქოუსთვის მე-100 იყო ეროვნული გუნდის მაისურით და მას იუბილეს გამარჯვებით აღნიშვნა სურდა. 24 სექტემბრის მატჩი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ეს გუნდები ერთმანეთთან 50-ე შეხვედრას მართავდნენ და მართალია, ბალანსი ზელანდიელთა სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ სწორედ საფრანგეთია ის გუნდი, რომელთან თამაშიც, “ოლ ბლექსს” ყველაზე მეტად უჭირს. ფრანგებს სატურნიროს გარდა კიდევ ერთი მოტივაცია ჰქონდათ - გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ზელანდიას მსოფლიო რეიტინგში დააქვეითებდნენ და თავად პირველ საფეხურზე აინაცვლებდნენ, სადაც აქამდე არასდროს ყოფილან.
ლივერმონის გადაწყვეტილებამ, ნახევარდაცვაში ორი ცხრა ნომერი - მორგან პარა და დიმიტრი იაშვილი დაეყენებინა, დიდი გაოცება გამოიწვია, მაგრამ შეხვედრა სწორედ “ლურჯების” აქტიურობით დაიწყო. მე-3 წუთზე პარამ ხელსაყრელი სიტუაციიდან არეკნი დაჰკრა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა. საწყისი შვიდი წუთის უმეტესი დრო, ბურთს ფრანგები ზელანდიელთა ნახევარზე აკონტროლებდნენ, ისინი საკუთარ 22-ში ყავდათ გამოკეტილი და დიმიტრი იაშვილის ფეხით გადაკიდებული დამიენ ტრაილემ ჰაერში დაიჭირა, მაგრამ კორი ჯეინმა იქვე ისე შებოჭა, რომ ბურთი წინ დააგდებინა და სიტუაციაც განიმუხტა. “ოლ ბლექსმა” პირველი იერიში მოიგერია, თავად შეუტია და საფრანგეთი ნაწილებად დაიშალა. მაა ნონუმ ცენტრის სიახლოვეს ხაზი საოცრად გაჭრა, მერე ბოლო მცველსაც გასცდა, მას ორი ფრანგი წამოეწია და ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში წააქცია, თუმცა, შეტევა მარცხენა ფლანგზე გაგრძელდა, დენ კარტერმა ისრაელ დაგს უპასა, მან უფრო მარცხნივ ადამ ტომსონი მოძებნა და ალამთან ლელო გავიდა.  
კარტერს რეალიზაცია კი გაუფუჭდა, მაგრამ ზელანდია თამაშის იშტაზე მოვიდა და ფრანგებს საკუთარი 22-დან ბურთი არ გაატანინა - ფეხით დარტყმული ჯერ იაშვილს, მერე კი პარას დაუფარეს და სტუმრებმა ბურთის გვერდით ხაზს იქით გაგზავნა დიდი გაჭირვებით მოახერხეს. ზელანდიამ დერეფანი მოიგო, ფრანგმა ბურთის ჩაჭრა სცადა და შეცდა, კორი ჯეინმა იქვე ხაზი გაჭრა, ბოლო მცველს გასცდა და მე-17 წუთზე მეორე ლელო გავიდა, ხოლო კარტერმა რეალიზაცია გამოიყენა - 12:0. სამიოდე წუთში ფრანგთა დაცვა კარტერმა პატარა ბავშვებივით გააცურა და ლელო ისრაელ დაგს ძელებსშუა გაატანინა. საფრანგეთმა შესვენებამდე წუთით ადრე იაშვილის ჯარიმით უპასუხა და ტაიმი მასპინძლებმა 19:3 მოიგეს.
დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, ზელანდიამ პრემიალური, მეოთხე ლელო გაიტანა და ფიქრი იმისა, რომ ევროპელები შესვენების შემდეგ რაიმეს შეცვლიდნენ, ფუჭი აღმოჩნდა. იერიში ამჯერადაც კარტერმა წამოიწყო, მას რიჩარდ კაჰუი წამოეშველა, მერე თამაში რაქში გადავიდა, იქიდან გამოტანილი ბურთი დაგმა მიიღო, ხაზი იოლად გაიარა და თავისი მეორე ლელო მიითვალა. ზუსტ რეალიზაციას 48-ე წუთზე მსოფლიოს საუკეთესო დამრტყმელმა ჯარიმა შემატა, მაგრამ 54-ე წუთზე მისი გადაცემა მაქსიმ მერმოზმა ჩაჭრა და ზელანდიელთა ჩათვლის მოედანში შეხტა, იაშვილმა კი, გარდასახვა ზუსტად დაარტყა. კარტერმა შეცდომა 64-ე წუთზე გამოასწორა, როდესაც არეკნი თითქმის იმ ადგილიდან გაიტანა, საიდანაც პირველ ტაიმში პარამ ძელს გაარტყა. “ოლ ბლექსმა” მაყურებელთა გასართობად ითამაშა და 76-ე წუთზე ტრინ-დუკისგან ლელო მიიღო. რეფერიმ ფრანგთა სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა და სანამ ის ზელანდიელებს უხსნიდა, რისთვის დასაჯა, იაშვილმა ბურთი სწრაფად გაითამაშა, ტრინ-დუკს მიაწოდა და მანაც მეტოქეთა უყურადღებობით ისარგებლა. იაშვილმა ეს გარდასახვაც გამოიყენა, მისი საფრანგეთი კი, არარაინდული ქცევისათვის ერთ წუთში დაისაჯა - ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა და სონი ბილი უილიამსმა ზელანდიელთა მეხუთე ლელო მიითვალა - 37:17.

A ჯგუფი
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 37:17 (19:3)


1.    ახალი ზელანდია    3    3    0    0    161-34    15
2.    საფრანგეთი            3    2    0    1    110-77    10
3.    ტონგა                      3    1    0    2    61-84     5
4.    კანადა                     2    1    0    1    44-66     4
5.    იაპონია                   3    0    0    3    46-161    0

27 სექტემბერი. ნეიპირი
კანადა - იაპონია
1 ოქტომბერი. ველინგტონი
საფრანგეთი - ტონგა
2 ოქტომბერი. ველინგტონი
ახალი ზელანდია - კანადა

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104588