ამბები

13:44 | 25.09.2011 | ნანახია 2115 - ჯერ

სამოამ შანსი შეინარჩუნა

სამოას ნაკრებმა ფიჯისთან მატჩის პირველ ტაიმში უდიდესი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე 20:0 დაწინაურდა, ლიდერობა ხელიდან არ გაუშვა, 27:7 იმარჯვა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
ის, რომ სამოელებმა პრემიალური ქულა ვერ აიღეს, შესაძლოა, მათთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს, თუმცა, თუკი მათ დასკვნით მატჩში მსოფლიო ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის დამარცხება მოახერხეს, მაშინ მეოთხედფინალში თამაშის არცთუ ურიგო შანსი გაუჩნდებათ. ამასთან, ისინი მათგანვე ძლეულ ფიჯიზეც არიან დამოკიდებული. ძნელად სავარაუდოა უელსი ნამიბიამ შეაჩერეს, აი დასკვნით ტურში კი, ფიჯის უელსისთვის ბრძოლის გამართვა, მისი უქულოდ დატოვება შეუძლია და ამან შესაძლოა სწორედ სამოას წისქვილზე დაასხას წყალი.
საწყის წუთებში სამოამ ტონგასთან უდიდესი უპირატესობა მოიპოვა. 10 წუთის განმავლობაში, ისინი 95 პროცენტი ბურთს აკონტროლებდნენ და მეტოქის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ტრიალებდნენ. სათამაშო უპირატესობა ტუსი პისიმ მე-6 წუთზე გარდასახულ ჯარიმად და სამ ქულად აქცია. მალე საილოსი ტაგისაკიბაუმ კარგი გარღვევა განახორციელა და ფიქრობდა, რომ ლელოც გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ დააფიქსირა, რომ ბოლო მომენტში მას ნალაგამ ბურთი ხელიდან გააგდებინა და ანგარიში უცვლელი დარჩა. სამაგიეროდ, პისიმ ახლოდან ჯარიმა უპრობლემოდ გაიტანა და ტაბლოზე მე-10 წუთზე 6:0 აენთო. მე-13 წუთზე პისიმ დაახლოებით 38 მეტრიდან არეკნი დაკრა, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და ანგარიში ცხრა ქულამდე გაიზარდა. მალე პისის პირველი დარტყმა გაუფუჭდა, ჯარიმა ვერ გამოიყენა, მერე კი, ალესანა ტუილაგამ შეიგდო ბურთი ფეხით და კარგადაც მიყვა, მაგრამ კვლავ ვიდეორეფერიმ სამოას ლელო გააუქმა. ამის მერე ორივე გუნდმა გახსნილი თამაში გააჩაღა და პისიმ თავისი მესამე ჯარიმა 27-ე წუთზე გამოიყენა, აი სერემაია ბეის კი, 31-ე წუთზე კარის გასწვრივ 40 მეტრიდან დარტყმული ჯარიმა გაუფუჭდა და ანგარიში უცვლელი დარჩა.
ტაიმი 12:0 დასრულდა და პისიმ მეორე ნახევრის დასაწყისში მეოთხე ჯარიმით სამოელთა უპირატესობა კიდევ გაზარდა. მან ჯარიმა 40 მეტრიდან დაარტყა და ძელის გავლით გაიტანა. ფიჯიმ ძალიან მოინდომა და კოიამაიბოლემ კარგი გარღვევა განახორციელა, მას მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს, მაგრამ სამოამ თავი კარგად დაიცვა. მართალია პისის 59-ე წუთზე ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ ორიოდე წუთში მისმა თანაგუნდელებმა მეტოქის 22-ში ფიჯის შერკინება მოიგეს, ბურთი ფოტუალის მიუვიდა, რომელმაც მცველებთან ჭიდილში, ტრიალში ხუთი მეტრი დაფარა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. ფიჯიმ მალევე უპასუხა, კარის გასწვრიდან დაწყებული შეტევა ტალეის ლელოთი დაგვირგვინდა, რეალიზაცია ზუსტი იყო, სხვაობა 13 ქულამდე დავიდა (7:20) და ფიჯელებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ, მაგრამ სამ წუთში, 70-ე წუთზე, პოლ უილიამსმა მეტოქის დაცვის ხაზი ლამაზად გაჭრა და ალამთან ლელო ჯორჯ სტოუერსს გაატანინა. ბოლო წუთებზე ფიჯი დომინირებდა და პრესტიჟის ლელოც გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ დააფიქსირა, რომ დაწოლილმა ფიჯელმა წინ განმეორებითი მოძრაობა გააკეთა და ლელო გაუქმდა.
ამრიგად, სამოას სამი თამაშიდან 10 ქულა აქვს, ჯერჯერობით მეორე ადგილზეა და ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ლიდერ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. ფიჯის უელსთან ელის მატჩი, რომელიც მანამდე ნამიბიას დაუპირისპირდება და თუ ის პრემიალური ქულით დაამარცხა, მეორე საფეხურიდან სამოას ჩააცურებს.

D ჯგუფი
ფიჯი - სამოა 7:27 (0:12)
 

1 სამხრეთ აფრიკა 3 3 0 0 153-19 14
2 სამოა 3 2 0 1 86-36 10
3 უელსი    2 1 0 1 33-27 5
4 ფიჯი 3 1 0 2 59-101 5
5 ნამიბია  3 0 0 3 37-185 0



26 სექტემბერი. ნიუ პლიმუთი
უელსი - ნამიბია
30 სექტემბერი. ოკლენდი
სამხრეთ აფრიკა - სამოა
2 ოქტომბერი. ჰემილტონი
უელსი - ფიჯი
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.117793