ირლანდიის ნაკრები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სათადარიგო მორაგბეებით თამაშობდა და ძირითად ბირთვს იტალიასთან გასამართი გადამწყვეტი შეხვედრისთვის ინახავდა, უდიდეს სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, პირველ ტაიმში ხუთი უპასუხო ლელო გაიტანა, 36:0 დაწინაურდა და საქმე ნაადრევად მოამთავრა. მეორე ნახევარში ირლანდიელებმა კიდევ ოთხი ლელო გაიტანეს, საპასუხოდ რუსებისგან ორი მიიღეს და ჯამში 62:12 იმარჯვეს.
ანგარიში რონან ოგარამ ჯარიმიდან მე-6 წუთზე გახსნა. კელტებმა შეტევები განაგრძეს და ლელოს გატანასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ კონსტანტინ რაჩკოვმა მათი იერიში განზრახ შეაჩერა, გადაცემა თამაშგარიდან ჩაჭრა და სინბინით დაისაჯა. ორ წუთში ლელო მაინც გავიდა. ირლანდიის შერკინება მეტოქისას აშკარად ჯაბნიდა, ამას თავისუფალი მოყვა, ირლანდიამ ბურთი გაათამაშა, ოგარამ ფეხით მეტოქის ჩათვლის მოედანში ჩაკიდა, სადაც მას ფერგუს მაკფადენი დაუხვდა და პირველი ლელო გავიდა. მე-13 წუთზე სეან ობრაიენმა რუსთა დაცვის ხაზი გაგლიჯა და ცხადი გახდა, რომ ირლანდია იოლ გამარჯვებას მოიხვეჭდა.
მიუხედავად ამისა, მომდევნო ლელო მხოლოდ ტაიმის მიწურულს გავიდა. 38-ე წუთზე, ისააკ ბოსმა ძელებს შორის წარმოქმნილი რაქიდან ბურთი გამოაძრო და ძელის დამცავს მიადო, ეს კი, წესებით ლელოდ ითვლება. განახლდა თუ არა შეხვედრა, გარღვევა ენდრიუ ტრიმბლიმ წამოიწყო, ფლანგზე კეიტ ერლსი მოძებნა და მანაც პრემიის მომტანი მეოთხე ლელო ალამთან გაიტანა. სანამ მსაჯი შესვენებისას ჩასტვენდა, ტრიმბლიმ რუსების შჭეცდომით ისარგებლა, ბურთი ფეხით ჩათვლის მოედანში შეიგდო და მას კარგად შეყვა.
მეორე ნახევარი რუსეთის ნაკრებმა პირველზე უკეთ ჩაატარა, თუმცა, ლელო ჯერ ისევ ირლანდიამ მიითვალა. ერლსმა ხაზი მაღალ სისწფაზე იოლად გაგლიჯა - 43:0. ორიოდე წუთში ალექსანდრ იანუშკინმა ბურთი შერკინებიდან კარგად გაიტანა და წინ წაიწია, მერე შეტევაში ვასილი არტიომოვი ჩართო, რომელმაც ხაზი გაჭრა, ცრუმოძრაობებით მცველები უკან მოიტოვა, 25 მეტრი დაფარა და პირველი საპასუხო ლელო მიითვალა. 59-ე წუთზე დენის სიმპლიკევიჩის ჯერი დადგა, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს თავი თბილისში გამართულ 20-წლამდე მორაგბეთა “ალაფაზე” დაამახსოვრა. მან დროული პაუზით ზედ გვერდით ხაზთან ორი ირლანდიელი გააცურა და ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა - 12:43. რუსებმა ლელოთი გაიხარეს, მაგრამ დარჩენილ დროში ირლანდიისგან კიდევ სამი მიიღეს და 12:62 დამარცხსდნენ.
ირლანდია, რომელმაც სამიდან სამი მატჩი მოიგო, C ჯგუფის სათავეში მოექცა და დასკვნით შეხვედრას იტალიასთა 2 ოქტომბერს გამართავს. მეოთხედფინალის საგზურის მიმღები გუნდების ვინაობა, სწორედ ამ დაპირისპირებაში გაირკვევა. რუსეთი წინა დღეს ავსტრალიას ეთამაშება, ხოლო მანამდე, იტალია აშშ-ს გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.
C ჯგუფი
ირლანდია - რუსეთი 62:12 (36:0)
1 | ირლანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 99-28 | 13 |
2 | ავსტრალია | 3 | 2 | 0 | 1 | 105-26 | 10 |
3 | იტალია | 2 | 1 | 0 | 1 | 59-49 | 5 |
4 | აშშ | 3 | 1 | 0 | 2 | 28-95 | 4 |
5 | რუსეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 35-128 | 1 |
27 სექტემბერი. ნელსონი
იტალია – აშშ
1 ოქტომბერი. ნელსონი
ავსტრალია - რუსეთი
2 ოქტომბერი. დანედინი
ირლანდია - იტალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია