ამბები

18:29 | 25.09.2011 | ნანახია 727 - ჯერ

ამოროზინო - არგენტინის გმირი, რომელიც კინაღამ ანტიგმირად იქცა

...შეცვლაზე შესულმა ლუკას ამოროზინომ შეხვედრის მიწურულს განხორციელებული ბრწყინვალე გარღვევა ლელოთი დააგვირგვინა, კონტეპომმა რეალიზაცია გამოიყენა, “პუმები” ერთი ქულით დაწინაურდნენ, დარჩენილი 7 წუთი გაძლეს და შოტლანდიის 13:12 ძლევით, მეოთხედფინალს მიუახლოვდნენ.
არგენტინელებს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი 2 ოქტომბერს, საქართველოსთან ელით და თუ ისე იმარჯვეს, რომ პრემიალური ქულაც მოიპოვეს, პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. ამის შანსს შოტლანდიელებიც ინარჩუნებენ, მაგრამ მათ ბოლო მატჩში ინგლისი ჰყავთ დასამარცხებელი. მოკლედ, B ჯგუფში, იქ სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს, ცხრილის ზედა ნაწილში დიდი დაძაბულობაა და შესაძლოა, საქართველოსთან დაკარგული პრემიალური ქულა, შოტლანდიას, ან იმავე არგენტინას, ძალიან ძვირი დაუჯდეს.
შოტლანდიამ ძალიან კარგად ითამაშა. გასული მსოფლიო თასის მესამეადგილოსანს არაფერში ჩამორჩა, გარკვეულ ეპიზოდებში უპირატესობაც კი მოიპოვა და საცოდაობაა, მარცხი რომ განიცადა. მაგრამ ეს სპორტია და ვერაფერს იზამ - ერთი გუნდი იგებს, მეორე აგებს. ძალისმიერი რაგბით ცნობილმა არგენტინამ, შოტლანდიელებთან ამ კომპონენტში უპირატესობა ვერ მოიპოვა, რაც უდავოდ ევროპელთა კარგი თამაშის დამსახურებაა. როგორც ჩანს, სქოთები ამ მსოფლიო თასისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ და საქართველოს ნაკრებმაც თავის დროზე მეტოქის შერკინებას ძვრა ამის გამო ვერ უყო.
ველინგტონში გამართულმა შეხვედრამ წვიმის ფონზე ჩაიარა, პერიოდულად კოკისპირულადაც წვიმდა (ისევე, როგორც საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა შეხვედრისას) და ამან ორივე გუნდის თამაშში უამრავი წუნი გამოიწვია. არგენტინა ტრადიციულად, რაქიდან მოკლე დარტყმებით ცდილობდა ფონს გასვლას, შოტლანდია თამაშის გაშლას ესწრაფვოდა და უპირატესობის მოპოვებას სისწრაფის ხარჯზე გეგმავდა. ორივე გუნდი ხშირად იყენებდა ფეხით დარტყმებს და მეტოქის შეცდომების იმედად იყო, ასე რომ, გარკვეული პერიოდით, თამაში ერთგვარ პინგ-პონგსაც ემსგავსებოდა. შეხვედრამ ძალიან მაღალ ტემპში ჩაიარა და მიუხედავად ხშირი ორმხრივი შეცდომებისა, კარგი საყურებელი გამოდგა. სამხრეთამერიკელებს რაქებში მცირედი უპირატესობა ჰქონდათ და მეტოქეს დაჯარიმებას აიძულებდნენ, მაგრამ შორიდან ჯარიმები გაუცუდდათ, სქოთებს კი, რამდენჯერმე სალელოვე სიტუაცია შეექმნათ, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილების გამო, ეს მომენტები გამოუყენებელი დარჩა.
თამაში სქოთთა იერიშებით დაიწყო და მე-7 წუთზე, კრის პატერსონმა ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ რთული სიტუაციიდან შორეულ ძელს ოდნავ ააცილა. მე-12 წუთზე, მარტინ როდრიგესმა ანგარიშის გახსნა არეკნით სცადა, მაგრამ 15-ოდე მეტრიდან ძალიან ცუდად დაარტყა. ოთხ წუთში, ფელიპე კონტეპომმა მიიღო შანსი, მაგრამ მის მიერ, დაახლოებით 48 მეტრიდან დარტყმული ჯარიმა ძელის დამცველს მოხვდა. შეტევა მაინც გაგრძელდა, შოტლანდიელებმა ბურთის ფეხით კარგად გატანა ვერ შეძლეს, სანტიაგო ფერნანდესმა ფეხითვე მოკლეზე გადაიკიდა და თავადვე კარგად შეჰყვა, შოტლანდია დაჯარიმდა და კარის გასწვრივ 18 მეტრიდან, კონტეპომს ანგარიშის გახსნა აღარ გასჭირვებია - 3:0. ეს მე-19 წუთზე მოხდა, 24-ე წუთზე კი, ანგარიშის გაზრდის შანსი როდრიგესს მიეცა, მაგრამ 40 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. ტაიმის მიწურულს, “პუმების” ცნობილი შერკინება დაჯარიმდა და კრის პატერსონმა 23 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა, სამიოდე წუთში კი, ჯექსონმა 47 მეტრიდან ურთულესი ჯარიმა სამ ქულად აქცია და სქოთებს ტაიმი 6:3 მოაგებინა.
პირველ ტაიმში საინტერესო კიდევ ის მოხდა, რომ არგენტინელთა მესამეხაზელმა ხუან მარტინ ლობემ, უწყინარ სიტუაციაში ფეხი იტკინა და ათიოდე წუთი კი ითამაშა, მაგრამ მერე შესაცვლელი გახდა და ითამაშებს თუ ვერა საქართველოს წინააღმდეგ, მოგვიანებით გაირკვევა. პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს პირველხაზელი როდრიგო რონსეროც, მაგრამ ეს ტრავმით იყო გამოწვეული თუ არგენტინელთა მხრიდან შერკინებაში ვერმოპოვებული უპირატესობით, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით.  
მე-2 ნახევრის დასაწყისში, როდრიგესმა წონასწორობის აღდგენა შორეული არეკნით სცადა, მაგრამ ბურთმა კარამდე ვერ მიაღწია, ამას შოტლანდიელთა სალელოვე იერიში მოჰყვა. მაქს ევანსმა ფეხით კარგად გადაკიდა ბურთი, თავადვე შეჰყვა და მეტოქის 22-ში მაღალ სიჩქარეზე აიტაცა, მაგრამ დაცვაში დიდებულად ითამაშა როდრიგესმა, შოტლანდიელს თანაგუნდელები წამოეშველნენ, ჩათვლის მოედნამდე ხუთიოდე მეტრიც არ რჩებოდა და რორი ლოუსონმა ლელოს გატანა თავად განიზრახა, მაგრამ კედლად აღმართულ არგენტინელ მცველებს შეასკდა და ბურთიც დაჰკარგა.
57-ე წუთზე, ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი პატერსონს მიეცა, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან მოუმზადებელი დარტყმა შეასრულა და შანსი გაანიავა.
მე-2 ტაიმის ოც წუთში, სათამაშო უპირატესობას სქოთები ფლობდნენ, არგენტინას არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ ქულა ვერ აიღეს და მოგვიანებით ეს ძვირი დაუჯდათ. მართალია, მე-60 წუთზე, კონტეპომმა კარიდან 38 მეტრში, თან მარჯვნივ დანიშნული ჯარიმა არაზუსტად დაარტყა, მაგრამ მალე წონასწორობა მაინც აღადგინა. პატერსონმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ დაიმორჩილა, წინ დაუვარდა, შოტლანდიის შერკინება დაჯარიმდა და არგენტინელთა კაპიტანმა 30 მეტრიდან და წინაზე უკეთესი მდგომარეობიდან, უკვე ზუსტად დაარტყა. საყაიმო ანგარიში სულ რაღაც ერთ წუთს შენარჩუნდა, მერე კი, ჯექსონმა კარის გასწვრივ 35 მეტრიდან არეკნი დიდებულად შეასრულა და შოტლანდია ისევ დააწინაურა. ორ წუთში კონტეპომს ანგარიშის გათანაბრების შანსი კიდევ ერთხელ მიეცა, მაგრამ კარის გასწვრივ 40 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა ძელმა აისხლიტა.
შოტლანდია ფეხით, მეტოქეზე უკეთ თამაშობდა და 70-ე წუთზე, შეცვლაზე იმ წუთას შესულმა დენ პარქსმა, ჯერ ბურთი საკუთარი ნახევრიდან აუტში იდეალურად, მეტოქის ჩათვლის მოედნის ალამთან გადაიტანა, იქიდან გამოტანილი კი, კარში დაჰკრა და არეკნით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა - 12:6.
თამაშის მსვლელობის ფონზე, მაშინ, როდესაც შოტლანდია სიტუაციას აკონტროლებდა და ხიფათს ფეხით კარგად იშორებდა, თითქოს მას გამარჯვებაში ვეღარავინ შეეცილებოდა, მაგრამ ლუკას გონსალეს ამოროზინომ სასწაული ჩაიდინა, გვერდითი ხაზიდან რამდენიმე სანტიმეტრში, ფინტებით 25 მეტრი ისე დაფარა, რომ ხაზს არ გადასცდა, გზად 4 მცველი ისე ჩამოიშორა, რომ ხელის ჩავლება ვერავინ მოახერხა და შეხვედრის ერთადერთი, მაგრამ ულამაზესი და ძალზედ მნიშვნელოვანი ლელო გაიტანა. სხვაობა მინიმუმდე დავიდა და ჯერი კონტეპომზე მიდგა, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში ნერვებმა არ უღალატა, რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და არგენტინა 13:12 დააწინაურა.
შოტლანდიამ ძალები მოიკრიბა და შეუტია. პარქსმა თავისი ნახევრიდან ბურთი აუტში, ზედ მეტოქის ალამთან დაარტყა. მატჩის გმირმა ამოროზინომ ის ხელებში ვერ შეიმაგრა და ლამის ანტიგმირად იქცა. მაგრამ პარქსმა არეკნი ძალიან ცუდად დაარტყა, მიზანს დიდი მანძილით ააცილა.
შოტლანდიამ დარჩენილ სამ წუთში მეტოქის ნახევარზე გადასვლაც ვერ მოახერხა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა, არგენტინამ კი, მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი შეინარჩუნა.
უნდა ითქვას, რომ არგენტინა ისეთი კარგი არაა, როგორიც 2007 წლის მსოფლიო თასზე იყო. მაშინ “ბორჯღალოსნებმა” “პუმებთან” ტაიმი მხოლოდ 3:6 დათმეს, მაგრამ მე-2 ნახევარში მეტოქემ იმძლავრა და 33:3 იმარჯვა, პრემიალური ქულის მომტანი მე-4 ლელო კი, მაშინ გაიტანა, როდესაც მატჩის დრო უკვე ამოწურული იყო. არგენტინელებთან მატჩამდე, ქართველ მორაგბეებს, 28 სექტემბერს, ამ მსოფლიო თასზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით რუმინეთთან, ხოლო 2 ოქტომბერს არგენტინას დაუპირისპირდებიან და მთელი შოტლანდიის მხარდაჭერა (შესაძლოა, ინგლისისაც) გარანტირებული ექნება, ოღონდ, შოტლანდიამ მანამდე ინგლისის დამარცხება თუ ვერ მოახერხა, პრემიალური ქულა მაინც უნდა აიღოს...

B ჯგუფი
არგენტინა - შოტლანდია 13:12 (3:6)
არგენტინა:
15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. ფელიპე კონტეპომი, 11. ორასიო აგულა, 10. სანტიაგო ფერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო; 1. როდრიგო რონსერო, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგუზამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე;
სათადარიგოები: 16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. მარიო გალარსა, 19. გენარო ფესია, 20. ალფრედო ლალანე, 21. ლუკას ამოროზინო, 22. ხუან იმჰოფი.
1 ლელო: ამოროზინო
1 რეალიზაცია: კონტეპომი
2 ჯარიმა: კონტეპომი
შოტლანდია: 15. კრის პატერსონი, 14. მაქსი ევანსი, 13. ნიკ დე ლუკა, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. რუარიდ ჯექსონი, 9. რორი ლაუსონი; 1. ალან იაკობსენი, 2. სკოტ ლაუსონი, 3. ჯოფ გროსი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯიმი ჰამილტონი, 6. ალასდაირ სტროკოში, 7. ჯონ ბარკლი, 8. კელი ბრაუნი.
სათადარიგოები: 16. დაგ ჰალი, 17. ალასდაირ დიკინსონი, 18. ნათან ჰაინსი, 19. რიჩი ვერნონი, 20. მაიკ ბლერი, 21. დენ პარქსი, 22. საიმონ დანიელი.
2 ჯარიმა: პატერსონი, ჯექსონი
2 არეკნი: ჯექსონი, პარქსი
 

1 ინგლისი 3 3 0 0 121-22 14
2 არგენტინა 3 2 0 1 65-33 10
3   შოტლანდია 3 2 0 1 61-43 10
4 საქართველო 2 0 0 2 16-56 0
5 რუმინეთი 3 0 0 3 35-155 0



28 სექტემბერი. პალმერსტონი
საქართველო - რუმინეთი
1 ოქტომბერი. ოკლენდი
ინგლისი - შოტლანდია
2 ოქტომბერი. პალმერსტონი
არგენტინა - საქართველო
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086891