ამბები

13:57 | 26.09.2011 | ნანახია 4527 - ჯერ

ნამიბიამ აფრიკაში 36 ლელო გაიყოლა

2011 წლის მსოფლიო თასზე აფრიკის მეორე გუნდმა - ნამიბიამ ახალ ზელანდიაში თავისი გამოსვლა დაასრულა. მან ყველა თამაში დიდი ანგარიშით წააგო და ჯამში 36 ლელო გაუშვა - 6-6 სამოასა და ფიჯისგან, 12-12 კი, სამხრეთ აფრიკისა და უელსისგან, ხოლო თავად მხოლოდ 5 ლელოს გატანა მოახერხა.
ტურნირის დასკვნითი მატჩი ნამიბიელებმა უელსის წინააღმდეგ გამართეს, რომელიც ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძვის. აფრიკელებმა ევროპელ მეტოქეს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწიეს, მეოთხე ლელო მხოლოდ მეორე ნახევრის დასაწყისში მიიღეს, დასკვნით 20 წუთში კი, სამხრეთაფრიკელებთან მატჩის მსგავსად, სრულიად მოიშალნენ და შვიდი ლელო მიიღეს. უელსმა გადამწყვეტი მატჩის წინ, რომელსაც 2 ოქტომბერს ფიჯის წინააღმდეგ გამართავს, კარგად გაივარჯიშა და ჯგუფის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდა.
მსოფლიო თასის დებიუტანტმა სკოტ უილიამსმა უელსის მიერ 81:7 მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო სტივენ ჯონსმა ნაკრების შემადგენლობაში თავისი 101-ე შეხვედრა ჩაატარა. ანგარიში მე-3 წუთზე სწორედ მან გახსნა, როდესაც ნამიბიელები შერკინებაში დაჯარიმდნენ და ჯონსმა 35 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. მე-8 წუთზე უილიამსმა თავისი და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, როდესაც ცენტრალურ ხაზთან ჰალფპენიმ მეტოქის დაცვა გაგლიჯა, სკოტი კი მას ფლანგიდან კარგად მიყვა. ჯონსმა რეალიზაცია ძელს გაარტყა. მე-14 წუთზე აფრიკელთა ხაზი ბრედლი დევისმა გაჭრა და ლელო ბრიუსს გაატანინა, ხოლო ოთხიოდე წუთში ორ მცველს შორის უკვე ტობი ფალეტაუ გაძვრა და ბურთიც თავადვე დაამიწა. ჯონსმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 22:0 გახდა. შესვენებამდე ევროპელებმა ქულის აღება ვეღარ მოახერხეს, ნამიბიელებს კი, არ გაუმართლა და მათი ჯარიმა ძელმა აისხლიტა.
პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელო სკოტ უილიამსმა 47-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ბურთიანად მეტოქის რამდენიმე მცველს დაეჯახა, მაგრამ არ დაწვა, აფრიკელებმა კი, მას თავი ანებეს და სკოტმაც თავისი მეორე ლელო მიითვალა. ორიოდე წუთში პირველხაზელმა ჯენკინსმა საოცარი გარღვევა განახორციელა, დაახლოებით 35 მეტრი ირბინა, მაგრამ მისი წაქცევა ვერცერთმა ნამიბიელმა ვერ მოახერხა. ნამიბიამ ერთადერთი საპასუხო ლელო 53-ე წუთზე გაიტანა. ჯონსის გადაცემა მეორეხაზელმა ესტერჰიუზმა ჩაჭრა, მას მეორე მეორეხაზელი კოლი წამოეშველა და ჩათვლის მოედნამდე დაახლოებით 40 მეტრი ირბინა, ხოლო კოტცემ რეალიზაცია გამოიყენა - 7:36.
59-ე წუთზე აფრიკელებს რეფერიმ ლარსონი გაუსინბინა და დასკვნით მეოთხედში უელსმა შვიდი ლელო გაიტანა. ჯერ ნორტმა გაჭრა სუფთა ხაზი, მერე საკუთარი ნახევრიდან მისი წამოწყებული კარგი კომბინაცია ჯონათან დევისმა დაასრულა, ხოლო 66-ე წუთზე უელსელთა კიდევ ერთი სწრაფი გარღვევა კვლავ ნორტმა დააგვირგვინა. 70-ე წუთზე სკოტ უილიამსმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო დასკვნით 5 წუთში ლელოები ლოიდ უილიამსმა, ლი ბერნიმ და ალუნ ვუნ ჯონსმა მიითვალეს.

D ჯგუფი
უელსი - ნამიბია 81:7 (22:0)

1.    სამხრეთ აფრიკა     3    3    0    0    153-19     14
2.    უელსი                        3    2    0    1    114-34     10
3.    სამოა                          3    2    0    1    86-36       10
4.    ფიჯი                          3    1    0    2    59-101       5
5.    ნამიბია                     4    0    0    4    44-266       0

30 სექტემბერი. ოკლენდი
სამხრეთ აფრიკა - სამოა
2 ოქტომბერი. ჰემილტონი
უელსი - ფიჯი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100255