ამბები

14:06 | 27.09.2011 | ნანახია 4294 - ჯერ

პირველი ფრე მსოფლიოზე კანადის სასარგებლოდ

ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2011 წლის მსოფლიო თასის 30-ე შეხვედრაში, გათამაშების პირველი ფრე დაფიქსირდა. 1987 წლიდან, ანუ მსოფლიო თასის დაარსებიდან დღემდე, ჯგუფურ ეტაპზე სულ მესამე მატჩი დამთავრდა ფრედ. 2007 წელს კანადისა და იაპონიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა 12:12 დასრულდა და მაშინ ჩრდილოამერიკელები ბოლო ადგილზე დარჩნენ, ახლა კი, საყაიმო შედეგი მათ წისქვილზე ასხამს წყალს.
საქმე ისაა, რომ ტონგის მძლეველი კანადა ამ შედეგით მესამე საფეხურამდე აღზევდა და თუ A ჯგუფის მომდევნო მატჩში ტონგელებმა ფრანგებთან ორი ქულა არ აიღეს, ამ პოზიციას შეინარჩუნებენ და 2015 წლის მსოფლიო თასის საგზური გარანტირებული ექნებათ. ტონგელებს ბოლო მატჩში ერთი პრემიალური ქულის აღება არ ეყოფათ, რადგან ამ შემთხვევაში კუნძულელები კანადელებს ქულებით კი გაუთანაბრდებიან, მაგრამ დებულების პირველი პუნქტის თანახმად, ისინი მეტოქეს ურთიერთშეხვედრაში განცდილი მარცხის გამო ცხრილში მაინც ჩამორჩებიან.
თანაც, კანადა, რომელმაც აზიელებს ორის წილ სამი ლელო გაუტანა, შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მეტოქეს 8 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ დეფიციტის აღმოფხვრა მოახერხა და ამრიგად, ორი ქულის მოპოვება ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებად უნდა ჩაითვალოს.
თამაში საყურებლადაც საინტერესო გამოდგა. მე-5 წუთზე ცენტრალურ ხაზთან იაპონიამ საკუთარი აუტი წააგო, რაიან სმიტი სიტუაციაში კარგად გაერკვა, ბურთს დაეუფლა და სიჩქარეაკრეფილ ვან დერ მერვეს გაატანა, რომელმაც ხაზი გაჭრა და თითქოს ლელოც გარდაუვალი იყო, მაგრამ უკანასკნელ მომენტში თავგანწირვით ითამაშა ალისი ტუპუაილაიმ, რომელმაც მას ვარდნაში ტერფში ხელი წაკრა, წონასწორობა დააკარგვინა და დარჩენილი სამიოდე მეტრის გადალახვის საშუალება არ მისცა. ორიოდე წუთში ვან დერ მერვემ ლელო მაინც გაიტანა. მან 5-მეტრა შერკინებიდან გამოტანილი ბურთი მიიღო, ხაზი გაჭრა და მიზანს უწია, ჯეიმს პრიტჩარდმა კი, რეალიზაცია გამოიყენა.
ამას იაპონელთა მიძალება მოყვა და ლისი ტუპუაილას ლელო ვიდეორეფერიმ გააუქმა, მაგრამ იერიში მაინც გაგრძელდა და შოტა ჰორიმ საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ჯეიმს ერლიჯმა რეალიზაციით წონასწორობა აღადგინა. ერლიჯმა მეორე შანსი 24-ე წუთზე მიიღო, როდესაც ჯარიმა ზუსტად შეასრულა და აზიელები დააწინაურა. კანადელებს გათანაბრების შანსი ორ წუთში მიეცათ, მაგრამ ანდერ მონროს დარტყმა გაუფუჭდა. მან ჯარიმა იმიტომ დაარტყა, რომ პრიტჩარდმა ტრავმა მიიღო და ამან ჩრდილოამერიკლთა მდგომარეობა გაართულა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ზედ შესვენების წინ კუსუკო ენდოსგან კიდევ ერთი ლელო მიიღეს და ერლიჯმა ზუსტი გარდასახვით აზიელთა უპირატესობა ათ ქულამდე გაზარდა - 17:7.
კანადამ სიტუაცია მეორე ნახევრის დასაწყისშივე გამოასწორა, როდესაც ფილ მაკკენზიმ ლელო გაიტანა, მაგრამ მონრომ რეალიზაცია არაზუსტად შეასრულა. მოგვიანებით, 64-ე წუთზე, მან ჯარიმიდან სხვაობა 2 ქულამდე კი დაიყვანა, მაგრამ 66-ე და 73-ე წუთებზე ერლიჯმა ორი ჯარიმა გამოიყენა და კანადელები კვლავ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ძალიან ახლოს იყო იაპონია, რომ 1991 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიო თასზე გამარჯვება ეზეიმა, მაგრამ კანადელთა იერიშებს ვეღარ გაუძლო. ფეხით არცთუ კარგად მოთამაშე მონრომ, 75-ე წუთზე ლელო გიტანა და მართალია, რეალიზაცია ვერ გამოიყენა, მაგრამ ბოლო წუთზე ნერვები მოთოკა, ჯარიმა ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში ერლიჯმა გამარჯვების გამოგლეჯა არეკნით სცადა, თუმცა, მიზანმა უმტყუნა და მატჩიც 23:23 დასრულდა. მართალია, ბევრი დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაინც მონრო დასახელდა, რომელმაც კანადელებს დასკვნით ხუთ წუთში ის 8 ქულა შესძინა, რომელმაც დიდი შანსია, მათ 2015 წლის მსოფლიო თასის საგზური აქედანვე დაუბევოს.

A ჯგუფი
კანადა - იაპონია 23:23 (7:17)

1.    ახალი ზელანდია      3    3    0    0    161-34    15
2.    საფრანგეთი               3    2    0    1    110-77    10
3.    კანადა                        3    1    1    1    67-89       6
4.    ტონგა                         3    1    0    2    61-84       5
5.    იაპონია                      4    0    1    3    69-184    2

1 ოქტომბერი. ველნგტონი
საფრანგეთი - ტონგა
2 ოქტომბერი. ველინგტონი
ახალი ზელანდია - კანადა

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077733