ამბები

18:47 | 27.09.2011 | ნანახია 8220 - ჯერ

სამი იძულებითი ცვლილება და კიდევ ერთი ექსპერიმენტი სარუმინეთოდ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა 2011 წლის მსოფლიო თასზე 28 სექტემბერს რუმინეთთან გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის ტრავმების გამო სამი იძულებითი ცვლილება და ერთიც გადაადგილება განახორციელა.
შერკინების პირველხაზელმა დავით ქუბრიაშვილმა ინგლისთან მატჩში ტვინის შერყევა მიიღო და მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში დავით ზირაქაშვილი ითამაშებს, რომელმაც გასულ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა. შოტლანდიასთან და ინგლისთან ეს მორაგბეები ერთმანეთს ცვლიდნენ, ახლა კი, “კლერმონის” მორკინალის შემცვლელად სათადარიგოთა სკამზე ვასილ კაკოვინი გამოჩნდა. შერკინების მესამე ხაზში ძირითად შემადგენლობაში იქნება გიორგი ჩხაიძე, რომელიც წინა ორივე შემთხვევაში შალვა სუთიაშვილის შემცვლელი იყო, მაგრამ სუთიაშვილს მყესი აქვს გაჭიმული და ის განაცხადში ვერ მოხვდა. სათადარიგოთა შორისაა გივი ბერიშვილი, რომელმაც ინგლისის წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა.
კიდევ ერთი ცვლილება და ექსპერიმენტი უკანა ხაზზე მოდის. ირაკლი მაჩხანელმა ინგლისელებთან ჯახში მუხლი დაიზიანა და მისთვის ეს მსოფლიო თასი დასრულდა. გარემარბის პოზიციაზე მის ადგილს რევაზ გიგაური დაიკავებს, რომელმაც ინგლისისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ფულბეკის პოზიციაზე (15 ნომრად) ითამაშა. ეს ორი მატჩი გიგაურისთვის სადებიუტო იყო ბოლო მცველის პოზიციაზე. სამაგიეროდ, ფულბეკის ადგილს ლაშა ხმალაძე დაიკავებს, რომელიც ამპლუით 10 ნომერია, ხოლო მალხაზ ურჯუკაშვილი, რომელიც ინგლისთან მატჩში განაცხადშიც არ იყო, ამჯერად სათადარიგოთა შორისაა, ისევე, როგორც შოტლანდიასთან შეხვედრაში. მწყობრშია და კვლავ ძირითად შემადგენლობაშია ალექსანდრე თოდუა, რომელმაც ათი დღის წინ ტვინის შერყევა მიიღო და ინგლისთან მატჩში მოედანზე გონებაც კი დაკარგა, მაგრამ, როგორც ჩანს, განკურნება მოასწრო. ამ მსოფლიო თასზე განაცხადში პირველად მოხვდა ქუთაისის “აიას” გარემარბი ირაკლი ჩხიკვაძე.
ხმალაძის 15 ნომრად დაყენებასთან დაკავშირებით, “მსოფლიო სპორტი” თბილისის “ლელოში” მის მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს დაეკითხა, რომელიც ამავდროულად საქართველოს A ნაკრების მთავარი მწვრთნელიცაა და 2010 წელს ბუქარესტში გამართულ IღB-ს ერთა თასზე, ორ შეხვედრაში ეროვნული გუნდიც გაწვრთნა. 23 წლის ხმალაძემ ჯერ კიდევ ექვსი-შვიდი წლის ასაკში, რაგბის თამაში მაისაშვილის მეთვალყურეობით დაიწყო და აბა, ვის ეცოდინება მისი შესაძლებლობები ამ სპეციალისტზე უკეთ...
“თავის დროზე, როდესაც ნაკრებში 15 ნომრის პოზიციაზე პრობლემა გაჩნდა, ეროვნული გუნდის თავკაცებთან ხმალაძეს რეკომენდაცია მე გავუწიე. “ლელოში” არა, მაგრამ ამ ბიჭს ფულბეკად 18-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები. სპეციფიკიდან გამომდინარე, 10 ნომერს ფულბეკის უნარჩვევებიც აქვს და ამ პოზიციას ფარავს. ხმალაძე ძალიან კარგია ჰაერში თამაშისას, ბურთს კარგად იჭერს, ფეხსაც კარგად ხმარობს და ე.წ. პინგ პონგის დროს შეუძლია თამაში მეტოქის ნახევარზე, შორს გადაიტანოს. ის ფანტასტიკური მცველია და ძალიან ეფექტური, ჭკვიანია შეტევების დროს. დიდი შანსია, ლაშა ამ პოზიციას მოერგოს. რადგან ის ამპლუით 10 ნომერია, თამაშის მსვლელობისას შეუძლია მერაბ კვირიკაშვილთან ადგილი გაცვალოს. ჩემი აზრით, ჯობდა პირველ ორ თამაშშიც 15 ნომრის პოზიციაზე ხმალაძეს ეთამაშა, მეტ გამოცდილებას შეიძენდა და ახლა უფრო მომზადებული იქნებოდა. ამასთან, სათადარიგოთა შორის მალხაზ ურჯუკაშვილიცაა, რომელსაც, თუ რაიმე კარგად არ აეწყო, თამაშში ჩართვის საშუალება ექნება. ურჯუკაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა და მიკვირს, ის აქამდე უფრო მეტად რატომ არ გამოიყენეს. ხმალაძე ჯარიმების შესრულებისას ცოტა მოიკოჭლებს, თუმცა, ბოლო პერიოდში ამ კომპონენტის დახვეწაზე ბევრს მუშაობდა და საჭიროებისას, კარში დარტყმაც შეუძლია”, - გვითხრა მაისაშვილმა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში “ბორჯღალოსნებმა” დაცვაში ისე ითამაშეს, რომ შოტლანდიას ლელო არ გაატანინეს, მაგრამ ხშირად ჯარიმდებოდნენ და საბოლოოდ 6:15 დამარცხდნენ. სამწუხაროდ, ამ თამაშში მათ შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. სამაგიეროდ, შეტევა მთელი საათის განმავლობაში ძალიან კარგი იყო ინგლისთან მატჩში. მე-60 წუთისთვის ანგარიში მხოლოდ 10:22 იყო, არადა, კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციებიდან 5 ჯარიმა ვერ გამოიყენა, არადა, დარტყმები ზუსტად რომ შეესრულებინა... საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები 10:41 დამარცხდა და ახლა 2011 წლის მსოფლიო თასზე თავისი პირველი გამარჯვების მოპოვებას მისთვის კარგად ნაცნობ რუმინეთთან ეცდება, რომელსაც ქალაქ პამერსტონ ნორთში 28 სექტემბერს, თბილისის დროით 10:30 საათიდან დაუპირისპირდება, ხოლო 2 ოქტომბერს, იმავე “არენა მანავატუზე” არგენტინის წინაშე წარსდგება.
“28 სექტემბრის მატჩი ორივე გუნდისთვის საკმაოდ მძიმე იქნება. რუმინეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ და ანგარიშს ვუწევთ მის ძალას. შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებთან შეხვედრებში, დავამტკიცეთ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია და იგივე უნდა გავაკეთოთ რუმინელებთანაც. რთული საშეჯიბრო განრიგის გამო, ტრავმებმა შეგვაწუხა. გათამაშებას გამოაკლდა ირაკლი მაჩხანელი, რომელიც დიდი ძალა იყო ჩვენთვის. რუმინეთთან ვერ ითამაშებს პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი. დანარჩენები ბრძოლისთვის მზად არიან. ბიჭებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი წინა შეხვედრებში და ამიტომ, გუნდის ბირთვი იგივე დავტოვე. მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩში უძლიერესი შემადგენლობით გამოვდივართ, რითაც პატივისცემას გამოვხატავთ მეტოქეებისა და ამ ტურნირის მიმართ. რუმინელებმა ინგლისთან მატჩში ძირითადი შემადგენლობის მორაგბეები დაასვენეს, მაგრამ ეს მათი საქმეა და როგორც სურდათ, ისე მოიქცნენ”, - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა.
“ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ მატჩის მოგებას. რუმინელებს ერთა თასზე სისტემატურად ვეთამაშებით და მათ კარგად ვიცნობთ. 2007 წლის მსოფლიო თასზე ნამიბიას მოვუგეთ. ამ ტურნირში თამაშის მოგება დიდებული განცდაა და ახლაც მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ”, - დაამატა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ნაცნობობა სათავეს 1998 წლიდან იღებს. 13 წლის წინ, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, “ბორჯღალოსნებმა” “მუხების” წინააღმდეგ ირლანდიაში, დუბლინში ითამაშეს და დაძაბულ ბრძოლაში 23:27 დამარცხდნენ. აქედან მოყოლებული, რუმინეთის და საქართველოს ნაკრებების მნიშვნელოვან დაპირისპირებათა მთელი სერიალი დაიწყო. საქართველო ევროპის ერთა თასის უმაღლეს დონეზე აღზევდა და რუმინეთს ყოველწლიურად მინიმუმ ერთხელ ეთამაშება. 2000 წელს რუმინეთმა თბილისში 23:20 იმარჯვა, რევანში მომდევნო წელს ბუქარესტში შედგა - 31:20 ქართველთა სასარგებლოდ, მომდევნო სამი მატჩი რუმინეთისა იყო - 31:23 და 19:6 თბილისში, 25:18 რუმინეთში. 2005 წელს თბილისში ქართველებმა კარპატელები 20:13 დაამარცხეს, მერე გასვლაზე რუმინელებმა 35:10 იმარჯვეს და იმავე წელს მსოფლიოს თასის შესარჩევში 20:8 დაგვამწუხრეს, თუმცა, 2007 წლის ერთა თასის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტში 20:17 იმძლავრა.
2008 წელს საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან დღემდე ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა და ვაკეში მეტოქე 22:7 დაამარცხა, მომდევნო წელს ის “ეროვნულზე” 28:23 დასცა, შარშან ბუქარესტში 10:22 დამარცხდა, წელს კი, მეტოქე “მიხეილ მესხზე” 18:11 დაამარცხა. სულ საქართველოს ნაკრებს რუმინელთა წინააღმდეგ 14 თამაში აქვს გამართული, 8 რუმინელებმა მოიგეს, 6 კი, ქართველებმა, თუმცა, ბოლო 5 დაპირისპირებიდან 4-ჯერ “ბორჯღალოსნებმა” იმარჯვეს. ახლა ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იმართება და იმედია, საქართველო რუმინეთთან თავის უპირატესობას მთელი მსოფლიოს წინაშე დაამტკიცებს. ქართველთა თაოსნობით, რუმინეთისა და საქართველოს ნაკრების, 2002 წლიდან მოყოლებული, ანთიმოზ ივერიელის სახელობის საცილო თასიც თამაშდება. ამ პერიოდში გამართული ათი შეხვედრიდან, გუნდებმა 5-5 გამარჯვება მოიპოვეს. ახალ ზელანდიაში ანთიმოზ ივერიელის თასი არ გათამაშდება, რადგან მსოფლიო თასზე მსგავსი საცილო თასების გათამაშება ნებადართული არაა.
ახლა რუმინელებზაც ვთქვათ. საქართველოსთან მატჩში კარპატელებისთვის ზელანდიაში უკანასკნელი იქნება და მისი დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებიან. ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, სქოთებთან ჯახში “მუხებმა” მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს, ორი ლელო გაიტანეს და 24:21 დაწინაურდნენ, მაგრამ შოტლანდიამ დასკვნით ათ წუთში ძალები მოიკრობა, ჯერ ჯარიმით აღადგინა წონოსწორობა, მერე კი, ორი ლელო მიითვალა და 34:24 იმარჯვა. არგენტინას რუმინელებმა ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 8:43 დამარცხდნენ, ისევე, როგორც ოთხი დღის წინ ინგლისს და ამ უკანასკნელ მატჩში 3:67 შერცხვნენ. აღსანიშნავია, რომ რუმინელთა თავკაცმა რომეო გონტინიაკმა ინგლისელთა წინააღმდეგ ძირითადი გუნდის 11 მორაგბეს დასვენების საშუალება მისცა და ისინი საქართველოსთან 28 სექტემბერს გასამართი ჯახისთვის შემოინახა. ამ ჯერზე რუმინელები სრული საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებენ, ძირითად შემადგენლობაში კი, რვა დასვენებული მოთამაშე მოხვდა.

B ჯგუფი
პამერსტონ ნორთი. “არენა მანავატუ”. 10:30 (თბილისის დროით)
საქართველო - რუმინეთი
საქართველო:
15. ლაშა ხმალაძე, 14. რევაზ გიგაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე, 17. ვასილ კაკოვონი, 18. ლევან დათუნაშვილი, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. სტეფან ჩინტუ, 13. ჩობა გალი, 12. იონუც დიმოფტე, 11. მედელინ ლემნარუ, 10. დენუც დუმბრავა, 9. ფლორინ სურუჯიუ; 1. მიხაიცა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ ურსაჩე, 5. კრისტიან პეტრე, 6. მიხაი მაკოვეი, 7. ოვიდიუ ტონიცა, 8. დანიელ კარპო.
სათადარიგოები: 16. ბოგდან ზებეგა, 17. სილვიუ ფლორეა, 18. ვალენტინ პოპირლანი, 19. დანიელ იანუსი, 20. ვალენტინ კალაფეტეანუ, 21. კონსტანტინ გეარა, 22. ფლორინ ვლაიკი.
მწვრთნელი: რომეო გონტინეაკი
 

1  ინგლისი 3 3 0 0 121-22 14
2  არგენტინა  3 2 0 1 65-33 10
3   შოტლანდია 3 2 0 1 61-43 10
4 საქართველო 2 0 0 2 16-56 0
5 რუმინეთი  3 0 0 3 35-155 0



1 ოქტომბერი. ოკლენდი
ინგლისი - შოტლანდია
2 ოქტომბერი. პალმერსტონი
არგენტინა - საქართველო
 

 

ზურა ქსოვრელი

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082401