იტალიის მორაგბეთა ნაკრებს, იმისათვის, რომ 2011 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეენარჩუნებინა, აშშ-ის უცილობლად პრემიალური ქულით დამარცხება სურდა და მიზანსაც უწია, მაგრამ ამერიკელებმა არაფერი დათმეს უბრძოლველად, თავისთვის ბოლო ჯახში თავი არ შეირცხვინეს და აპენინელები გვარიანად ანერვიულეს.
იტალიელებმა აქცენტი ფიზიკურ უპირატესობაზე გააკეთეს და არც შემცდარან. ისინი მეტოქეს შერკინებაში აშკარად ჯობდნენ, უპირატესობა ჰქონდათ ინდივიდუალურ სიძლიერეშიც, მაგრამ აშშ-მა გაშლილი, ერთგვარად ავანტურული რაგბი დაუპირისპირა და როცა მეტოქე აიყოლია, შედეგმაც არ დააყოვნა. ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, როდესაც მარცხენა ფრთაზე რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ, კარის გასწვრივ სივრცე გაჩნდა, რითაც სერხიო პარისემ ისარგებლა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, მირკო ბერგამასკომ კი, რეალიზაცია გამოიყენა. ევროპელებმა იერიში განაგრძეს, მაგრამ მეტოქის რუსთა მსგავსად ნოკაუტში ჩაგდება არ გამოუვიდათ და მერე ჩრდილოამერიკელებიც ამოქმედდნენ.
მე-18 წუთზე, სიჩქარეაკრეფილი პოლ ემერიკი ჯიქურ ეკვეთა იტალიელთა ხაზს, სამ კაცში გაძვრა, ბოლო მცველთან კონტაქტში შესვლას პასის გაკეთება ამჯობინა და კრის ვაილსმა საპასუხო ლელო გაიტანა, მერე კი, რეალიზაციით წონასწორობა აღადგინა. 22-ე წუთზე ამერიკელთა შერკინება დაჯარიმდა და ბერგამასკომ ჯარიმის კარში გატანა გადაწყვიტა და 3 ქულაც მიითვალა, მაგრამ 5 წუთში ვაილსმა ჯარიმითვე ანგარიში კვლავ გაათანაბრა. ამის შემდეგ, იტალიელებმა ძალაში უპირატესობის გამოყენება გადაწყვიტეს და ჯარიმა კარში აღარ დაურტყამთ. ძალისმიერმა მიძალებამ შედეგი ნახევარი საათის თავზე გამოიღო, როდესაც ამერიკელთა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში, მათ დაცვაში ხვრელები გამოჩნდა, ამით ლუჩანო ორკუერამ ისარგებლა და ლელო გაიტანა, მაგრამ ბერგამასკოს გასატანი რეალიზაცია გაუფუჭდა.
იმისათვის, რომ იტალიელებს დასკვნით ტურში მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი შეენარჩუნებინათ, აშშ-ს პრემიალური ქულით დამარცხება მართებდათ და რადგან მეტოქე იოლად არ გატყდა, ძალიან მოინდომეს. ტაიმის მიწურულს, მათ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთიოდე მეტრში, დაახლოებით 5-წუთიანი შტურმი მოაწყვეს. ჩრდილოელები თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ როცა ბურთი მარტინ კასტროჯოვანიმ აიტაცა და დამცველებს ჯიქურ ეტაკა, ის ვეღარაფერმა შეაჩერა და მესამე ლელო გავიდა. რეალიზქაცია ისევ არაზუსტი იყო და ტაიმი იტალიამ 20:10 მოიგო.
მეორე ტაიმში იტალიამ ძალიან მოინდომა, მაგრამ ამერიკელთა თავდადებული დაცვის გარღვევა გაუჭირდა. ბევრი ჯარიმის გამო, ამერიკელები სინბინითაც დაისაჯნენ, მაგრამ აბა მათ სხვა რაღა გზა ჰქონდათ და ხშირი დაჯარიმებისთვის საბოლოოდ საჯარიმო ლელოთიც დაისაჯნენ. ბერგამასკომ რეალიზაცია გამოიყენა და 67-ე წუთზე ანგარიში 27:10 გახდა, რის შემდეგაც ის აღარ შეცვლილა და იტალიამ მიზანს დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც უწია, აშშ კი, შინ გაემგზავრა. ახლა იტალიას 2 ოქტომბერს ირლანდიასთან ელის გადამწყვეტი ჯახი და თუ იმარჯვა, მისთვის მეოთხედფინალის გზა ხსნილი იქნება, თუ არა და, მსოფლიო თასს 2015 წლამდე დაემშვიდობება.
C ჯგუფი
იტალია - აშშ 27:10 (20:10)
1 | ირლანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 99-28 | 13 |
2 | ავსტრალია | 3 | 2 | 0 | 1 | 105-26 | 10 |
3 | იტალია | 3 | 2 | 0 | 1 | 86-59 | 10 |
4 | აშშ | 4 | 1 | 0 | 3 | 38-122 | 4 |
5 | რუსეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 35-128 | 1 |
1 ოქტომბერი. ნელსონი
ავსტრალია - რუსეთი
2 ოქტომბერი. დანედინი
ირლანდია - იტალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია