ამბები

17:34 | 28.09.2011 | ნანახია 16094 - ჯერ

“მაგრად დაჰკარი” ზელანდიიდან

როგორც კი პალმერსტონ ნორთის “არენა მანავატუზე” 28 სექტემბერს გამართული შეხვედრა დასრულდა, ტრიბუნებზე “ბორჯღალოსნებისთვის”, ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის, მთელი საქართველოსთვის და ალბათ, უკვე რუმინელებისთვის კარგად ნაცნობი სიმღერის ჰანგები გაჟღერდა - “მაგრად დაჰკარი” და ეს იმიტომ, რომ ქართველმა მორაგბეებმა რუმინელებს მართლაც მაგრად დაჰკრეს და 14-მატჩიანი ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, “მუხებს” მთელი მსოფლიოს თვალწინ ყველაზე დიდი სხვაობით - 16 ქულით აჯობეს!
დიახ, საქართველოს ნაკრებმა “უებ ელისის თასის” თავისთვის მესამე, მსოფლიოსთვის კი, მეშვიდე გათამაშებაში პროგრამა მინიმუმი უკვე შეასრულა და შოტლანდიასთან და ინგლისთან კარგი თამაშის ფონზე, რუმინეთთან დაგეგმილი გამარჯვებაც მოიპოვა. დაგეგმილიო, ვამბობთ, მაგრამ ეს არ იყო წინასწარ გარანტირებული, იოლად მოსაპოვებელი გამარჯვება. ჩვენი არ იყოს, რუმინელებიც ამ მსოფლიო თასზე ერთი შეხვედრის მოგებას გეგმავდნენ და მათი მსხვერპლი საქართველო უნდა გამხდარიყო, თუმცა, ყველაფერი პირიქით კი მოხდა. 22-ვე “ბორჯღალოსანმა”, რომლებიც მოედანზე გავიდნენ, მათაც, ვინც განაცხადში ვერ მოხვდნენ, სამწვრთნელო შტაბმა და ქართული დელეგაციის სხვა წევრებმა ამ შეხვედრაში სული და გული ჩადეს და საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვება აჩუქეს.
ეს არც საუცხოო და არც კარგი თამაში იყო, მაგრამ იყო უმთავრესი - შედეგი, რომელსაც ქართველი ერი ამ დღეს ახალი ზელანდიიდან ელოდა. რაღა თქმა უნდა, იყო შეცდომები, ოღონდ იმაზე მეტი არა, რაც მოწინააღმდეგემ დაუშვა თუ დავაშვებინეთ, მაგრამ იყო მეტოქეზე მეტი ჟინი, ბრძოლა და თავდადება, გამარჯვების მეტი წყურვილი, ოპონენტებზე უკეთესი თამაში და შედეგმაც არ დააყოვნა. საქართველოს ნაკრებმა 25:9 იმარჯვა და მსოფლიოს დაანახა, რომ მხოლოდ კარგი თამაში კი არა, შედეგის მიღწევაც შეუძლია. ყველას აჩვენა, რომ ევროპის ერთა თასზე ჩვენი დარი მოწინააღმდეგეები არ არიან და მეტი განვითარების პერსპექტივა გვაქვს, ოღონდ, ამისთვის საჭიროა, ძალების მოსინჯვის საშუალება უფრო ძლიერ მეტოქეებთან მოგვეცეს და აჩვენა ისიც, რომ ქართველებმა მეტოქის პატივისცემა კარგად იციან, რაც რაგბიში ასე დასაფასებელია.
მერაბ კვირიკაშვილმა, რომელმაც ინგლისთან მატჩში რამდენიმე გასატანი ჯარიმა ვერ აქცია ქულებად, ახლა აჩვენა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია. მან ყველა დარტყმა ვერ გამოიყენა, მაგრამ 5 ზუსტი ჯარიმით და 1 რეალიზაციით, ასევე, ბურთის აუტებში ძალიან კარგი გადატანით და ტაქტიკური დარტყმებით, ბიჭებს გარჯა არ დაუკარგა და მეტოქე მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფა. გიორგი ჩხაიძემ საუცხოო მატჩი ჩაატარა და ფრანგულ კლუბებს დაანახა, რომ მისი საქართველოში გამოსტუმრება ჯერ ძალიან ნაადრევია და უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შეუძლია. შეცვლაზე შესულმა მალხაზ ურჯუკაშვილმა თავისი ერთადერთი შანსით ბრწყინვალედ ისარგებლა - ზუსტი ჯარიმით მეტოქეს იმედები საბოლოოდ გადაუწურა და 323 სანაკრებო ქულით, ეროვნული გუნდის ბომბარდირებში ერთპიროვნულად დაწინაურდა.
ალბათ ნერვიულობას უნდა დავაბრალოთ ის, რომ ორივე გუნდის მორაგბეებმა ელემენტარულ სიტუაციებში ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვეს. საქართველოს ნაკრების მორაგბეებს ბევრი შეცდომა მოსდიოდათ ხელით გრძელი გადაცემებისას, ტრადიციულად, იყო წინ ვარდნებიც. სამწუხაროდ, ქართველთა შერკინებამ ვერ დაჯაბნა რუმინეთისა, მაგრამ თავდადების ხარჯზე, ჩვენი 9 შეგდებიდან ერთადერთი წავაგეთ. სამაგიეროდ, ქართველმა მორკინალებმა ძალიან კარგად ითამაშეს ღია თამაშში, მეტოქეებს სისწრაფეებში და გადაწყვეტილებების მიღებაში აშკარად აჯობეს. არ ვარგოდა დერეფანი, ჩვენი 9 მოწოდებიდან, მეტოქემ 4 მოიგო, თუმცა, ამ კომპონენტში რუმინელებმაც ვერ ივარგეს და 10 შემთხვევიდან 3-ჯერ ბურთი ქართველებს დარჩათ. თითქმის თანაბარი იყო სხვა სახის შეცდომები. ბურთს რუმინელები ჩვენზე ოდნავ მეტხანს აკონტროლებდნენ (52 პროცენტი), სამაგიეროდ, სათამაშო დროის 56 პროცენტი მათ ნახევარზე მიმდინარეობდა და ამაში უპირატესობა ქართველებისა იყო.
საქართველოს ნაკრებმა თამაში, ცოტა არ იყოს, არეულად დაიწყო. რუმინელებმა თავიდანვე ფეხით გადაკიდებას მიმართეს და პირველ ჯერზე დიმიტრი ბასილაია გვერდით ხაზს იქით გადავიდა, მეორე შემთხვევაში კი, ალექსანდრე თოდუამ და ირაკლი აბუსერიძემ ერთმანეთს ვერ გაუგეს. რუმინელებმა კარგად იცოდნენ, რომ თოდუამ ინგლისთან მატჩში ტვინის შერყევა მიიღო და ბურთს ხშირ შემთხვევაში მისი მისამართით კიდებდნენ, იმ იმედით, რომ ქართველი მბოჭავს შეუშინდებოდა და შეცდომას დაუშვებდა, მაგრამ კარპატელების გათვლა წარმატებული არ გამოდგა. არეულობას შედეგად ის მოყვა, რომ შერკინებაში დავჯარიმდით და დენუც დუმბრავამ მე-4 წუთზე 30 მეტრიდან, თითქმის კარის გასწვრიდან ჯარიმა დაარტყა, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მიზანმა უმტყუნა და გასატანი ჯარიმა ვერ გამოიყენა.
ფეხით თამაშში მეტოქეს ქართველებიც აყვნენ, დარტყმებს ხან ირაკლი აბუსერიძე ასრულებდა, ხან კვირიკაშვილი. მე-8 წუთზე ამ უკანასკნელის გადაკიდებულზე მეტოქემ ცენტრალური ხაზის მახლობლად თამაშგარიდან ითამაშა. “მეკომ” კარის გასწვრივ დაახლოებით 47-48 მეტრიდან დარტყმა გადაწყვიტა და არც შემცდარა. მისი შესრულება უზადო იყო და ქართველებმა ანგარიში გახსნეს - 3:0. მიუხედავად ამისა, გარკვეული პერიოდით ქაოსური თამაში გაგრძელდა, რასაც რაქში ქართველთა დაჯარიმება მოყვა და დუმბრავამ პირველზე ოდენ უარესი პოზიციიდან, ამჯერად ზუსტად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.
23-ე წუთზე, საქართველოს ნაკრებმა საკუთარი დერეფანი წააგო, მაგრამ რუმინელებმა ამით ვერ ისარგებლეს, ფეხით გადაკიდებულ ბურთს თამაშგარეში მყოფი მორაგბე აყვა და დაჯარიმდა. კვირიკაშვილმა კარის გასწვრივ დაახლოებით 23 მეტრიდან შანსი ხელიდან არ გაუშვა და საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა. დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ მამუკა გორგოძე, რომლისგანაც მეტოქეები დარტყმებს ელოდნენ, ძალიან ჭკვიანურად თამაშობდა და თანაგუნდელებს გადაცემებით ამარაგებდა, რამაც რუმინელთა დაბნევა გამოიწვია. ამასთან, ზედიზედ ორჯერ, კვირიკაშვილმა მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში, ზედიზედ ორჯერ ბურთი აუტში ძალიან კარგად გადაიტანა და საქართველომ მოკლე დარტყმებით შეუტია, რუმინეთი დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა კარიდან მარჯვნივ, 22-მეტრიანი ხაზიდან უშეცდომოდ დაარტყა - 9:3. ორიოდე წუთში, დუმბრავამ ჯარიმითვე ჩამორჩენის შემცირების შანსი მიიღო და გასატანი ჯარიმა სამ ქულად აქცია, საპასუხოდ კი, კვირიკაშვილმა ძალიან კარგი შეტევა წამოიწყო, მის გარღვევას მხარი თანაგუნდელებმა აუბეს, რუმინელებმა იერიში ჯარიმის ხარჯზე შეამცირეს და კარის გასწვრივ 15 მეტრიდან კვირიკაშვილმა პირველი ტაიმის შედეგი დააფიქსირა - 12:6. სანამ მსაჯი შესვენებისას ჩასტვენდა, მან აბუსერიძე გააფრთხილა, ხშირად ნუ ჯარიმდებით, თორემ სინბინით დაისჯებითო, მერე დუმიტრაში თავისსავე გადაკიდებულს კარგად მიყვა, მაგრამ მარტივ სიტუაციაში ბურთი ვერ დაიმორჩილა და სახიფათო შეტევა აღარ შედგა.
მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად, არეულად დაიწყო, მაგრამ ახლა რუმინელები ჩვენზე მეტ შეცდომებს უშვებდნენ. 48-ე წუთზე ისინი თითქმის კარის გასწვრივ, 28 მეტრში დაჯარიმდნენ, მაგრამ კვირიკაშვილმა გასატანი ჯარიმა ვერ გამოიყენა. მალე იმავე კვირიკაშვილმა ძალიან ცუდად ითამაშა, ბურთის ფეხით მოკლეზე გადაკიდება სურდა, მაგრამ ის დაკარგა და სახიფათო იერიში ჯარიმის ხარჯზე შეჩერდა. დუმბრავამ 48 მეტრიდან გატანა სცადა, მაგრამ ის, რაც პირველ ტაიმში კვირიკაშვილმა გააკეთა, მას არ გამოუვიდა. მალე საქართველოს ნაკრებმა საკუთარი დერეფანი ძალიან იოლად დათმო, მაგრამ გამოცდილმა ილია ზედგინიძემ დიდებულად ითამაშა და რაქში ეს ბურთი უკან დაიბრუნა. ამას ქართველთა მიერ უკვე მეტოქის დერეფნის მოგება მოყვა, კვირიკაშვილმა კარგი გარღვევა წამოიწყო, მას თედო ზიბზიბაძე წამოეშველა, მეტოქის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს რამდენიმე დარტყმის შემდეგ, 17-ფაზიანი შეტევა, რომელშიც თითქმის მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მამუკა გორგოძემ დააგვირგვინა, რომელსაც ბურთი რაქიდან მიუვიდა, ორი მცველის წინააღმდეგობას ყურადღება არ მიაქცია და მათთან ჭიდილში შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა, კვირიკაშვილმა კი, რეალიზაცია გამოიყენა - 19:6.
საათის თავზე კვირიკაშვილმა დაახლოებით 40 მეტრიდან, მარცხენა კიდიდან, ანგარიშის გაზრდის საშუალება მიიღო, მაგრამ ჯარიმა ვერ გამოიყენა. რუმინეთმა გაიბრძოლა, ქართველების შერკინება მოიგო და შეტევა სცადა, მაგრამ დაცვამ კარგად ითამაშა, 69-ე წუთზე კი, კვირიკაშვილმა ახლა უკვე კარიდან მარჯვნივ, დაახლოებით 43 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 22:6 გახადა. განახლდა თუ არა შეხვედრა, ჯარიმის შესრულების უფლება უკვე რუმინელებმა მიიღეს, ფლორინ ვლაიკუმ დაახლოებით 25 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და რუმინელებს იმედი დაუბრუნა, რომ დარჩენილ დროში მატჩის გადარჩენას მოახერხებდნენ. მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი წუთები ბრწყინვალედ ჩაატარა, მეტოქის ნახევარზე კარგი დაცვა ითამაშა, 76-ე წუთზე რუმინელებს დაჯარიმება აიძულა და შეცვლაზე შესულმა მალხაზ ურჯუკაშვილმა ხელსაყრელი სიტუაციიდან პირადი და რუმინეთთან ყველაზე დიდი სხვაობით მოგების რეკორდი დაამყარა. შეხვედრის მიწურულს საქართველოს ნაკრებს მეორე ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა მიეცა - ვასილ კაკოვინმა დაახლოებით 20 მეტრით წაიწია წინ და მეტოქის 22-ში შევიდა, მაგრამ ბოჭვისას ბურთი წინ დაუვარდა და შეხვედრაც 25:9 დასრულდა.
მაშ ასე, საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში თავისი უმთავრესი მეტოქე დაამარცხა და გაიტანა ექვსი ჯარიმა, რაც მიმდინარე მსოფლიო თასზე აქამდე ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი, სულ კი, მეორე გამარჯვება მიითვალა (პირველი 2007 წელს ნამიბიასთან 30:0) და 2 ოქტომბერს იმავე პალმერსტონ ნორთში, “არენა მანავატუზე” არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
“ვფიქრობდით, რომ წინ მივიწევდით და წინა შეხვედრებზე უკეთ ვითამაშებდით, მაგრამ როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ვთამაშობთ, ნათლად ვხედავთ, თუ რა კუთხით გვაქვს სამუშაო. მხოლოდ მაღალ დონეზე ხშირი თამაშით თუ შეძლებ უკეთესი რაგბის ჩვენებას. პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ მისი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენი და ევროპის “ექვსი ერის” ნაკრებებს შორის”, - თქვა რუმინელთა თავკაცმა რომეო გონტინიაკმა.
“ჩვენთვის მსოფლიო თასი დასრულდა. ვიმედოვნებ, რომ მასზე ოთხი წლის შემდეგ კიდევ ვითამაშებთ. დღეს საუკეთესომ იმარჯვა. ჩვენ ოთხი დღის წინ ვითამაშეთ, დაღლილები ვიყავით და საქართველომ ფიზიკურად დაგვჯაბნა”, - დაამატა რუმინელთა კაპიტანმა მარიუს ტინკუმ.
ილია ზედგინიძის სიტყვებს, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და ტრიბუნებზე შექმნილი სარაგბო განწყობისთვის მადლობა გადაუხადა, მაყურებელი ოვაციით შეხვდა (მორაგბეების და მწვრთნელების ინტერვიუები სტადიონის ტრიბუნებზე მყოფთაც ესმით): “ძალიან გვსურდა ამ თამაშის მოგება და მიზანს მივაღწიეთ. მადლობა ყველას, ვინც მხარში გვედგა. სამშობლოდან მხარდამჭერ შეტყობინებებს ვიღებდით და ეს ძლიერ დაგვეხმარა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ზელანდიელ გულშემატკივარს, რომელმაც ბრწყინვალე განწყობა შექმნა ტრიბუნებზე. რუმინეთს კარგი გუნდი ყავს, უბრალოდ, მეორე ტაიმში მათ დაღლა დაეტყოთ და ამით კარგად ვისარგებლეთ”.
“ეს გუნდები დიდი ხანია, ერთმანეთთან თამაშობენ და ერთმანეთს კარგად იცნობენ. ვფიქრობ, დღეს ჩვენი შესაძლებლობები კარგად წარმოვაჩინეთ. პირველი ტაიმის შედეგით უკმაყოფილო ვიყავი, ამიტომ, მეორე ნახევარში მაქსიმუმი გავაკეთეთ და სასურველი შედეგი მივიღეთ. ლელოს შემდეგ გამარჯვება ეჭვქვეშ აღარ დამდგარა”, - თქვა დიქსონმა.
“პირველი ტაიმი ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ნერვიულობა ჩვენს თამაშზეც აისახა. მეორე ტაიმში ჭკვიანურად ვითამაშეთ და უპირატესობაც ნათელი გახდა”, - დაამატა მალხაზ ურჯუკაშვილმა.

B ჯგუფი
პალმერსტონ ნორთი. “არენა მანავატუ”.
საქართველო - რუმინეთი 25:9 (12:6)
საქართველო:
15. ლაშა ხმალაძე, 14. რევაზ გიგაური (21. ირაკლი ჩხიკვაძე 72), 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი (22. მალხაზ ურჯუკაშვილი 75), 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 75); 1. დავით ხინჩაგიშვილი (17. ვასილ კაკოვონი 68), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. გოდერძი შველიძე 67), 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ილია ზედგინიძე (18. ლევან დათუნაშვილი 67), 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. მამუკა გორგოძე (19. გივი ბერიშვილი 74), 8. დიმიტრი ბასილაია.
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
1 ლელო: გორგოძე
1 რეალიზაცია: კვირიკაშვილი
6 ჯარიმა: კვირიკაშვილი (5), ურჯუკაშვილი
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში (22. ფლორინ ვლაიკუ 58), 14. სტეფან ჩინტუ (21. კონსტანტინ გეარა 41), 13. ჩობა გალი, 12. იონუც დიმოფტე, 11. მედელინ ლემნარუ, 10. დენუც დუმბრავა (20. ვალენტინ კალაფეტეანუ 69), 9. ფლორინ სურუჯიუ; 1. მიხაიცა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. პაულიკა იონი (17. სილვიუ ფლორეა 68), 4. ვალენტინ ურსაჩე, 5. კრისტიან პეტრე (18. ვალენტინ პოპირლანი 68), 6. მიხაი მაკოვეი, 7. ოვიდიუ ტონიცა (19. დანიელ იანუსი 68), 8. დანიელ კარპო.
სათადარიგო: 16. ბოგდან ზებეგა.
მწვრთნელი: რომეო გონტინიაკი
3 ჯარიმა: დუმბრავა (2), ვლაიკუ
 

 

1  ინგლისი 3 3 0 0 121-22 14
2  არგენტინა 3 2 0 1 65-33 10
3 შოტლანდია    3 2 0 1 61-43 10
4   საქართველო 3 1 0 2 41-65 4
5 რუმინეთი  4 0 0 4 44-180 0



1 ოქტომბერი. ოკლენდი
ინგლისი - შოტლანდია
2 ოქტომბერი. პალმერსტონ ნორთი
არგენტინა - საქართველო
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102188