სამოას ნაკრებმა ძალიან მოინდომა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ქულა არ ააღებინა, მაგრამ მისი გარჯა მხოლოდ ერთი ლელოთი დაფასდა, ჯამში 5:13 დამარცხდა და მსოფლიო თასს დაემშვიდობა. “სპრინგბოკმა” მეოთხე შეხვედრაც მოიგო, მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა და მეოთხედფინალში D ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.
შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა, მან მაღალ ტემპში ჩაიარა. სამოამ სახელოვან მეტოქეს არაფერი დაუთმო, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მეტოქეს 0:13 ჩამორჩა და მერე მისი აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა. კუნძულელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, რაც ისეთ გუნდთან, რომელსაც ფრანსუა და მორნი სტეინების მსგავსი დამრტყმელები ჰყავს, ხშირ შემთხვევაში, დამღუპველია. ამასთან, სამოელებს საკუთარი შეტევებისას ხშირ შემთხვევებში ბურთი წინ უვარდებოდათ. აფრიკელთა შერკინება და დერეფანი მეტოქისას აშკარად ჯაბნიდა და ამ ყველაფერმა შედეგი პირველ ტაიმში გამოიღო.
თამაში “ბოკეს” იერიშებით დაიწყო და მეორე წუთზევე მორნი სტეინმა ანგარიშის გახსნა არეკნით სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სამოამ საკუთარი 22-დან იერიშის წამოწყება ხელით სცადა და მეტოქის ნახევარზეც გადავიდა, მაგრამ დაჯარიმდა და ფრანსუა სტეინმა კარის გასწვრივ 55 მეტრიდან ჯარიმა კარში დაარტყა, თუმცა, ბურთი ძელმა აისხლიტა. უნდა აღვნიშნოთ, რომ სამოა, მოედნის რომელ ნაწილშიც უნდა ყოფილიყო, ხშირ შემთხვევაში სწორედ ხელით იწყებდა შეტევებს და რომ არა ტექნიკური წუნი, კაცმა არ იცის შეხვედრა როგორ დასრულდებოდა.
აფრიკელთა მიძალებამ შედეგი მე-9 წუთზე გამოიღო, მათ მარცხენა ფლანგზე რიცხვობრივი უპირატესობა შექმნეს და ჰაბანა, მცველის მცდელობის მიუხედავად, სამოას ჩათვლის მოედანში ზედ ალამთან შეხტა, მორნი სტეინმა კი, რთული რეალიზაცია ორ ქულად აქცია. საპასუხოდ კუნძულელებმა კარგი შეტევა წამოიწყეს, ბურთს ხელით, ეფექტურად ათამაშებდნენ, მაგრამ ჩათვლის მოედნიდან ხუთიოდე მეტრში თავადვე დაჯარიმდნენ. 25-ე წუთზე ფრანსუა შტეინმა საკუთარი ნახევრიდან, ოღონდ ამჯერად უფრო ცუდი პოზიციიდან, კარიდან მარჯვნივ, კიდევ ერთი ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და ამჯერად უშეცდომოდ დაარტყა, ხოლო ორიდე წუთში მორნიმ 38 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში 13:0 გახადა. ფრანსუა ისე დადგა, რომ ნახევარი საათის თავზე ჯარიმის გატანა უკვე დაახლოებით 62 მეტრიდან სცადა და მიზანმა ოდნავ უმტყუნა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამოა თამაშის დალაგებას ცდილობდა, მაგრამ უდისციპლინობა და ტექნიკური წუნი ამაში ხელს უშლიდა. ტაიმის მიწურულს, მათ კიდევ ერთი კარგი იერიში წამოიწყეს, თუმცა, წინამორბედების მსგავსად, მისი განვითარება ვერ მოახერხეს.
იმისათვის, რომ სამოას მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეენარჩუნებინა, სამხრეთ აფრიკასთან თუ ვერ მოიგებდა, ერთი პრემიალური ქულა მაინც უნდა აეღო და 2 ოქტომბერს უელსისა და ფიჯის შეხვედრას დალოდებოდა. ჰოდა კუნძულელებმაც მთელი ძალებით შეუტიეს. როგორც იქნა, მათი თამაში დალაგდა და 51-ე წუთზე ჯორჯ სტოუერსმა საპასუხო ლელო გაიტანა. სამოამ შერკინებიდან გატანილი ბურთი ძალიან კარგად გაათამაშა, მასში მთელი უკანა ხაზი ჩაერთო, ფლანგზე პოლ უილიამსმა წინ წაიწია, ის შეაკავეს, მაგრამ სტოუერსმა პისისგან მიიღო გადაცემა, ექვსი მეტრი დაფარა და მცველებთან ჭიდილში მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი დაამიწა. პისის რეალიზაცია გაუცუდდა და სამოელები მეტოქეს რვა ქულით ჩამორჩებოდნენ. ამას მორნი სტეინის აცილებული ჯარიმა მოჰყვა და 57-ე წუთზე კუნძულელებმა კიდევ ერთი კარგი იერიში წამოიწყეს. დევიდ ლემის საოცარი გარღვევა აფრიკელთა ფულბეკმა პეტ ლემბიმ შეაჩერა, თორემ ლელო გარდაუვალი იყო. 61-ე წუთზე უკვე აფრიკამ შეუტია, მოლით მეტოქის ჩათვლის მოედანზეც შეაღწია, მაგრამ ვიდეორეფერიმ ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირა. 67-ე წუთზე უკვე საპოლუმ გაუჭრა აფრიკელებს ხაზი, ის შებოჭეს, დარჩენილი ნახევარი მეტრი, შველგერმა კი გადალახა და ლელო უნდა გაეტანა, მაგრამ ბურთი წინ დაუვარდა. ორ წუთში რაქში ჩაწოლილმა უილიამსმა, ბრუსო მაისურით დაიჭირა და გასვლის საშუალება არ მისცა, მისგან რამდენიმე დარტყმა მიიღო, შედეგად, სამოელი ფეხზე წამოიჭრა და მეტოქეს უთავაზა, რაც მას წითელ ბარათად დაუჯდა - ეს იყო პირველი წითელი ბარათი მიმდინარე მსოფლიო თასზე. რიცხვობრივი თანაფარდობა ორ წუთში აღდგა, ჯონ სმიტმა თამაშგარედან შეგნებულად ითამაშა და სინბინით დაისაჯა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე სწორედ 10 წუთიღა რჩებოდა და მას მოედანზე დაბრუნება აღარ მოუწია. დარჩენილ დროში ინდივიდუალური გარღვევების ხარჯზე, სამოამ კიდევ სცადა პრემიალური ქულის გადარჩენა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და მისთვის მსოფლიო თასი დასრულდა, მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკის მეტოქე კი, C ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება.
D ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - სამოა 13:5 (13:0)
1 | სამხრეთ აფრიკა | 4 | 4 | 0 | 0 | 166-24 | 18 |
2 | უელსი | 3 | 2 | 0 | 1 | 114-34 | 10 |
3 | სამოა | 4 | 2 | 0 | 2 | 91-49 | 10 |
4 | ფიჯი | 3 | 1 | 0 | 2 | 59-101 | 5 |
5 | ნამიბია | 4 | 0 | 0 | 4 | 37-185 | 0 |
2 ოქტომბერი. ჰემილტონი
უელსი - ფიჯი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია