ამბები

16:20 | 30.09.2011 | ნანახია 2125 - ჯერ

დედაქალაქში ორ სტადიონზე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის XII რაუნდის ოთხივე შეხვედრა დედაქალაქში, ორ სტადიონზე გაიმართება. “შევარდენისა” და “ავჭალის” მოედნები ორ-ორ შეხვედრას უმასპინძლებს. მათი შედეგები დიდწილად განსაზღვრავს იმ გუნდების ვინაობას, რომლებსაც საჩემპიონო პლეი ოფში მოხვედრის შანსი დარჩებათ.
 მართალია, ყველა შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ტურის ცენტრალური მატჩი თბილისის “ლელოსა” და ქუთაისის “აიას” დაპირისპირებაა, რომელიც 16:00 საათზე “ავჭალის” სტადიონზე დაიწყება. წლეულს ყველა თამაშის მომგები “აია”, ამ სერიის გაგრძელებას ეცდება, თუმცა, “ლელოს” საჩემპიონო შანსების შესანარჩუნებლად მისი შეჩერება მართებს და მაყურებელიც დაძაბულ ბრძოლას იხილავს. ქუთაისელებს შანსი ეძლევათ, რომ ერთ-ერთ კონკურენტს მდგომარეობა გაურთულონ და მის გამოყენებას აუცილებლად ეცდებიან. პირველ წრეში ქუთაისელები თბილისელებს ფოთში დაუხვდნენ და მეტოქე 31:25 დაამარცხეს.
ორი საათის შემდეგ, ამავე სტადიონზე, ერთმანეთს ორი განსხვავებული მიზნისთვის მებრძოლი გუნდი დაუპირისპირდება. “არმიას” შანსი აქვს, რომ გამარჯვების შემთხვევაში საჩემპიონო ოთხეულში თამაში რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დაიბევოს, “ყოჩებს” კი, სამივე დარჩენილი მატჩის მოგება მართებთ, რათა  მომავალ წელს უძლიერესთა შორის თამაშის შანსი დაიტოვონ. მოტივაცია ორივე გუნდს საკმაოზე მეტი აქვს და ვნახოთ ვისი აჯობებს. პირველ წრეში “არმიამ” მეტოქე იოლად, 26:6 დაამარცხა.
 “შევარდენზე” პირველ მატჩში ქვეყნის ჩემპიონი “ლოკომოტივი” რუსთავის “ხარებს” ეთამაშება. ზედიზედ ორი თამაშის მოგებამ, რუსთაველებს უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი მოუტანა, ახლა ისინი საუკეთესო ოთხეულისთვის მებრძოლ გუნდებსაც მიუახლოვდნენ და იქ მოხვედრის წინააღმდეგნი ნამდვილად არ იქნებიან. თავის მხრივ, “ლოკომოტივმა” ზედიზედ ორი შეხვედრა დათმო, მდგომარეობა გაირთულა და შეცდომის უფლება აღარ აქვს. პირველ წრეში “ლოკომოტივმა” რუსთავში 22:5 იმარჯვა.
 “შევარდენზე”, 18:00 საათზე, ოთხეულისთვის მებრძოლი “არმაზი” “აკადემიას” დაუპირისპირდება. პირველ წრეში ამ გუნდებმა ფრედ 26:26 ითამაშეს. ახლა ქულები ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება და ბრძოლაც უშეღავათო იქნება.  

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
1 ოქტომბერი. XII რაუნდი

თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
ლელო (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ავჭალა”. 18:00 საათი
არმია (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “შევარდენი”. 18:00 საათი
არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
 

1 აია 11 11 0 0 289-126    22
2 არმია    11 7 1 3 242-168    15
3 აკადემია 11 4 3 4 191-207    11
4  ლელო 11 5 0 6 252-237 10
5 ლოკომოტივი 11 5 0 6 194-194 10
6 არმაზი 11 4 1 6 214-228 9
7  ხარები 11 4 0 7 136-228 8
8  ყოჩები 11 1 1 9 151-270 3



ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08817