ამბები

10:17 | 1.10.2011 | ნანახია 5175 - ჯერ

ღირსეული დასასრულის მოლოდინით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა, წინა სამი შეხვედრისგან განსხვავებით, არგენტინასთან გასამართი მატჩისთვის, რომელიც საქართველოსთვის 2011 წლის მსოფლიო თასზე ბოლო იქნება, 22-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილება განახორციელა.
2 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე, პალმერსტონ ნორთის “არენა მანავატუზე” თამაშის საშუალება იმ ორ მორაგბესაც ექნება, რომლებიც აქამდე განაცხადში ვერ ხვდებოდნენ. უკანახაზელი ლექსო გუგავა ძირითად შემადგენლობაში, ხოლო შუამარბი და 10 ნომერი ლაშა მალაღურაძე სათადარიგოთა შორის მოხვდნენ. მთლიანობაში, წინა მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ექვსი ახალი მორაგბე გამოჩნდა და გარკვეული გადაადგილებებიც მოხდა.
ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ შერკინების პირველხაზელები ვასილ კაკოვინი და აქვსენტი გიორგაძე. შესაბამისად, მათ დავით ხინჩაგიშვილი და ჯაბა ბრეგვაძე შეცვალეს - პირველი განაცხადში არაა, მეორე კი, სათადარიგოთა შორისაა. ამჯერადაც სათადარიგოთა შორის მოხვდა გოდერძი შველიძე, ხოლო დავით ქუბრიაშვილი, რომელმაც ინგლისელებთან მატჩში ტვინის შერყევა მიიღო, განაცხადშიც არაა. შერკინების მეორე ხაზში, ვახტანგ მაისურაძეს ილია ზედგინიძის ნაცვლად ლევან დათუნაშვილი შეუწყვილდება. მესამე ხაზში რვა ნომრად ითამაშებს მამუკა გორგოძე, რომელმაც დიმიტრი ბასილაიას ადგილი დაიკავა, ხოლო ვიქტორ კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა. აქამდე მან შოტლანდიასთან მატჩში შეცვლაზე ითამაშა, სხვა შემთხვევებში კი, განაცხადში არ იყო.
10 ნომრის პოზიციაზე მერაბ კვირიკაშვილის ნაცვლად ლაშა ხმალაძე ითამაშებს, რომელმაც რუმინეთთან მატჩი 15 ნომრად, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მანამდე კი, ინგლისთან მატჩში შეცვლაზე ითამაშა. განაცხადში პირველად მოხვდა გარემარბი ლექსო გუგავა, ხოლო 15 ნომერი მალხაზ ურჯუკაშვილი ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს - ის შოტლანდიასთან და რუმინეთთან მატჩში სათადარიგო იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განაცხადში პირველად მოხვდა ლაშა მალაღურაძე. ამჯერად განაცხადში არაა რევაზ გიგაური, რომელმაც წინა სამი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. განაცხადში არ არიან ირაკლი მაჩხანელი და შალვა სუთიაშვილი, რომელთაც ტრავმები აწუხებთ. ორივე მათგანმა ინდივიდუალურად კი ივარჯიშა, მაგრამ მწვრთნელბმა აღარ გარისკეს. განაცხადს მიღმა დარჩნენ ირაკლი ჩხიკვაძე და გივი ბერიშვილი.
მწვრთნელები და მორაგბეები ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ არგენტინას იოლი გასეირნება არ ექნება და როგორც მეტოქეს, ასევე რაგბის გულშემატკივრებს, დიდ ბრძოლას პირდებიან.
რიჩი დიქსონი: “საქართველოს ნაკრებმა სამივე მატჩი სტაბილურად ჩაატარა. გუნდი თამაშიდან თამაშამდე ამცირებს შეცდომებს, რაც წარმატების შანსებს ზრდის. არგენტინა ფავორიტია და რა თქმა უნდა, მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები მზად არის, რომ სამხრეთ ამერიკის უძლიერეს გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს. რუმინეთთან მოპოვებული ძალიან საჭირო გამარჯვების შემდეგ, ნაკრებში რამდენიმე ცვლილება მოხდა. არგენტინის წინააღმდეგ შეხვედრაში იმ მორაგბეებს მივცემთ თავის გამოჩენის შანსს, რომელთაც აქამდე ჯერ არ უთამაშიათ.
ძირითად 10 ნომრად ლაშა ხმალაძეს გამოვცდით. მან წინა შეხვედრებში ნამდვილად კარგად ითამაშა, ოღონდ, სხვა პოზიციაზე. ასევე, შანსს ვაძლევთ ლაშა მალაღურაძეს, რომელიც სათადარიგოებს შორის იქნება. რაც შეეხება ირაკლი მაჩხანელს, მართალია, ის სავარჯიშო პროცესში იღებს მონაწილეობას, მაგრამ მისი ტრავმა ბოლომდე მოშიშებული არ არის და შემადგენლობაში ამიტომ არ დავაყენეთ.
არგენტინის წინააღმდეგ ძალიან საინტერესო მატჩი გველის. საქართველოს ნაკრების მიმართ ინტერესი ნამდვილად არის და ბიჭებს კიდევ ერთხელ ექნებათ საშუალება, მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ მაღალი დონის რაგბის თამაში შეგვიძლია”.
ირაკლი აბუსერიძე: “მთელი სერიოზულობით ვემზადებით ამ თამაშისთვის. როგორც ღირსეულად დავიწყეთ წლევანდელი მსოფლიო თასი, ასევე ღირსეულად უნდა დავამთავროთ ჩვენი გამოსვლა. რუმინეთის დამარცხებით პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ და ვეცდებით, რომ არგენტინასთანაც ლამაზი და ძლიერი თამაში ვაჩვენოთ”.
ლექსო გუგავა: “რაგბის საერთაშორისო საბჭოს მაღალჩინოსნები ჩვენ თამაშს აკვირდებიან და ქართული რაგბის მომავლი ამ მატჩის შედეგზე დიდად იქნება დამოკიდებული”.
მერაბ კვირიკაშვილი: “ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ არგენტინის გუნდს ძლიერი წინააღმდეგობა გავუწიოთ. ამისათვის მზად ვართ. ვეცდებით, გამარჯვება მოვუპოვოთ საქართველოს და სრული თავდადებით ვითამაშოთ”.
შოტლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით, არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა ძირითად შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორციელა. გასული ჯახის მთავარი გმირი ლუკას ამოროსინო, რომელმაც შეხვედრის მიწურულს საოცარი გარღვევა განახორციელა და გადამწყვეტი ლელო გაიტანა, ამჯერად ძირითად შემადგენლობაშია. ჯგუფიდან გასვლის მხრივ, არგენტინელთათვის ამ მატჩის შედეგს მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მანამდე შოტლანდიამ ინგლისის ნაკრები დაამარცხა, ან თუნდაც ერთი პრემიალური ქულა აიღო. ეს შეხვედრა 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე იწყება.
საქართველოსა და არგენტინის ეროვნულმა ნაკრებებმა ერთმანეთში აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე ითამაშეს. ოთხი წლის წინ, “ბორჯღალოსნებმა” “პუმებს” გვარიანი ბრძოლა გაუმართეს და 35-ე წუთამდე ანგარიში 3:3 იყო, ტაიმი კი, მხოლოდ 3:6 დათმეს. ვერ ვიტყვით, რომ მეორე ნახევარში ქართველები გატყდნენ, მაგრამ გამოცდილებამ და მაღალმა სათამაშო კლასმა თავისი გააკეთა - არგენტინამ 33:3 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთამერიკელებმა პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელო მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და შვებით ამოისუნთქეს. მას შემდეგ ქართველებისა და არგენტინელების გზები კიდევ ორჯერ გადაიკვეთა. 2009 წელს, ქართული რაგბის 50 წლისთავის აღსანიშნავად, თბილისს არგენტინის A ნაკრები ეწვია, რომელსაც “იაგურები” ეწოდება. პირველ ტაიმში მასპინძლებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მნიშვნელოვანი ფორა მოიპოვეს, მეორე ნახევარში არგენტინელებმა იმძლავრეს, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვება ქართველებს დარჩათ - 24:22. წელს საქართველოს ნაკრები “იაგუარებს” ბუქარესტში, IRB-ს ერთა თასზე შეხვდა, ბრძოლა ამჯერადაც დაძაბული გამოდგა, მაგრამ “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე ამჯერადაც დაამარცხეს - 14:13.

B ჯგუფი
პალმერსტონ ნორთი. “არენა მანავატუ”. 04:00 საათი (თბილისის დროით)
საქართველო - არგენტინა
საქართველოს ნაკრები: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ლექსო გუგავა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. ვასილ კაკოვინი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გოდერძი შველიძე, 18. გიორგი ნემსაძე, 19. ილია ზედგინიძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. მერაბ კვირიკაშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე.
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
არგენტინის ნაკრები: 15. ლუკას ამოროსინო, 14. ჰორასიო აგულა, 13. მარსელო ბოსხი, 12. ფელიპე კონტეპომი, 11. ხუან იმჰოფი, 10. სანტიაგო ფერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო; 1. მარკოს აიერსა, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მარიანო გალარსა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან ლეგუსამონი, 8. ლეონარდო სენატორე.
სათადარიგოები: 16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. ტომას ვალეხოსი, 19. ალეხანდრო კამპოსი, 20. ალფრედო ლალანე, 21. ავგუსტინ გოსიო, 22. მარტინ როდრიგესი.
მწვრთნელი: სანტიაგო ფელანი


1.    ინგლისი            3    3    0    0    121-22     14
2.    არგენტინა         3    2    0    1    65-33       10
3.    შოტლანდია      3    2    0    1    61-43       10
4.    საქართველო     3    1    0    2    41-65        4
5.    რუმინეთი         4    0    0    4    44-180      0

ზურა ქსოვრელი





 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088686