საინტერესო ტაქტიკას მიაგნო რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა ბობოლებთან ღირსეულად სათამაშოდ. იტალიასთან, ირლანდიასთან და ავსტრალიასთან რუსებმა თამაში ძალიან სუსტად დაიწყეს, მეტოქეებმაც უპრობლემოდ გაიტანეს 4-4 ლელო და პრემიალური ქულები გაინაღდეს, მერე კი, რუსები მოდუნებულ მეტოქესთან უკეთ აბურთავდნენ და იტალიას და ავსტრალიას 3-3, ირლანდიას კი, 2 ლელო გაუტანეს.
განა, მსოფლიო თასის ბევრი დებიუტანტი დაიკვეხნის 8 გატანილი ლელოთი? თანაც, როგორ გუნდებთან! მერე რა, რომ “დათვებმა” საპასუხოდ 29 ლელო მიიღეს და უშუალო კონკურენტი აშშ ვერ დაამარცხეს. ისინი ამას გამოუცდელობით ხსნიან და ახალ ზელანდიაში თავისი გამოსვლით კმაყოფილები არიან. აკი, თქვა კიდეც ნამატჩევს ნერუშმა, პირველ ნახევარში მეტოქის ავტორიტეტმა გადაგვსანსლა, მერე კი, გონს მოვედით და დავამტკიცეთ, რომ კარგად თამაში ავსტრალიასთანაც შეგვიძლიაო.
თავის მხრივ, კონკრეტულად რუსეთთან თამაშით კმაყოფილები დარჩნენ ავსტრალიელები, რომლებმაც პრემიის მომტანი ოთხი ლელო სარეკორდო დროში, 15 წუთში გაიტანეს, მაგრამ უკმაყოფილების დიდი მიზეზიც აქვთ. 54-ე წუთზე, უწყინარ სიტუაციაში დაშავდა და შესაცვლელი გახდა “ვოლაბების” ერთ-ერთი ლიდერი, უკანახაზელი დრიუ მიტჩელი. როგორც გაირკვა, მან მუხლქვეშა მყესები დაიზიანა და ითამაშებს თუ არა კიდევ მსოფლიო თასზე, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. აღსანიშნავია, რომ უკანახაზელების პრობლემა რობი დინსს არც მანამდე აკლდა და ამის გამო რუსებთან მატჩში უკანა ხაზის ფლანგზე 1999 წლის შემდეგ პირველად ითამაშა მორკინალმა რადიკ სამომ.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ რუსებმა სათამაშო დროის 52 პროცენტი მეტოქის ნახევარზე გაატარეს, ბურთს კი, 58 პროცენტით აკონტროლებდნენ, მაგრამ ეს მატჩის რეალურ სურათს ნაკლებად ასახავს. “კენგურუებს” მეტოქის პრემიალური ქულით დამარცხება სურდათ, რათა ჯგუფიდან გასვლა განაღდებული ჰქონოდათ და პირველივე წუთებიდან შეუტიეს. თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე მობურთალმა სამომ შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და პირველი ლელო მის ფლანგურ გარღვევას მოყვა. ეს მე-7 წუთზე მოხდა, მერე შეტევა მარცხენა ფლანგიდან განვითარდა, ბერიკ ბერნსმა ბავშვებივით მოატყუა მცველები, ხაზი გაჭრა და ანგარიში გახსნა. ჯეიმს ოკონორს ეს გარდასახვა კი გაუფუჭდა, მაგრამ შემდეგი ცხრა დარტყმა უნაკლოდ შეასრულა.
2 წუთში მიტჩელი კუპერის ფეხით გადაკიდებულ ბურთს აყვა და მსოფლიო თასზე თამაშების ისტორიაში, თავისი მე-9 ლელო გაიტანა. მე-12 წუთზე ქუადე კუპერს თავადაც შეეძლო ლელოს გატანა, მაგრამ ეს პატივი ბენ მაკკელმენს დაუთმო, ხოლო მე-15 წუთზე დევიდ პოკოკმა რუსი მცველი ხელის ოდნავი კვრით ჩამოიშორა და საკუთარ გუნდს მსოფლიო თასზე ყველაზე სწრაფი პრემიალური ქულა მოუტანა. 22-ე წუთზე, ადამ ეშლი-კუპერის კარგი გარღვევის შემდეგ, რუსებმა პოკოკის შეჩერება კვლავ ვერ მოახერხეს და მან თავისი მეორე ლელო მიითვალა, ანგარიში კი, 33:0 გახდა.
33-ე წუთზე ლუკ ბურგესმა საკუთარი ჩათვლის მოედნის ხაზიდან ხელდახელ სცადა შეტევის წამოწყება, მაგრამ 25 მეტრის გავლის შემდეგ, ბურთი ხელიდან გაუვარდა, ის ვლადიმირ ოსტროუშკომ აიტაცა, პასის გაკეთებას ნეითან შარპის ფინტით ჩამოშორობა ამჯობინა და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. ამაზე ავსტრალიამ მალევე უპასუხა, პოკოკმა კარგი გარღვევა განახორციელა და რუსთა ჩათვლის მოედანში ბურთი სტივენ მურს შეაყოლა. შესვენებამდე დარჩენილ დროში, ფეხით შეცურებულ ბურთს ეშლი-კუპერი შეყვა და ტაიმი 47:5 დასრულდა.
განახლდა თუ არა შეხვედრა, თავისი ლელო შეცვლაზე შესულმა მააფუმ მიითვალა, ხოლო 49-ე წუთზე, დუბლი დრიუ მიჩელმა შეასრულა. მანამდე არეკნი ზუსტად კონსტანტინ რაჩკოვმა დაარტყა. მიჩელს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, როდესაც თავისუფალი ბურთი აიტაცა და სიჩქარის ასაკრეფად მის წინ დიდი სივრცე იყო, მაგრამ ტკივილმა შეაწუხა და გვერდით ხაზს იქით გაწვა. ამის შემდეგ ბურთზე კონტროლი რუსებმა დაამყარეს და მეტოქის ნახევარზე გამაგრდნენ. მე-60 წუთზე, კუპერს გრძელი პასი ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დენის სიმპლიკევიჩმა ჩაუჭრა და კარამდე ირბინა. თბილისში ამასწინათ გამართული მსოფლიო თასის ალაფაზე თავგამოჩენილმა “ავჭალის გმირმა”, ზელანდიაში თავისი მეორე ლელო მიითვალა. 68-ე წუთზე “დათვების” მიძალება ლელოთი უკვე რაჩკოვმა დააგვირგვინა და ანგარიში 22:61 გახდა. შეხვედრის ბოლო ლელო იმ ბერიკ ბერნსმა გაიტანა, რომელმაც შეხვედრაში ანგარიში გახსნა. მან მეტოქეს კარგად დაუფარა, ბურთი აიტაცა და თავისი წილი დუბლი მიითვალა.
C ჯგუფი
ავსტრალია - რუსეთი 68:22 (47:5)
1. ავსტრალია 4 3 0 1 173-48 15
2. ირლანდია 3 3 0 0 99-28 13
3. იტალია 3 2 0 1 86-59 10
4. აშშ 4 1 0 3 38-122 4
5. რუსეთი 4 0 0 4 57-196 1
2 ოქტომბერი. დანედინი
ირლანდია - იტალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია