ამბები

15:51 | 1.10.2011 | ნანახია 3973 - ჯერ

პირველი დიდი სენსაცია - ტონგამ საფრანგეთი დაამარცხა!

არა მარტო 2011 წლის, არამედ მსოფლიო თასების ისტორიაში, პირველი დიდი სენსაცია 1 ოქტომბერს, ველინგტონში დაფიქსირდა. ტონგას ნაკრებმა იმდენი მოახერხა, რომ საფრანგეთის ნაკრებს 19:14 სძლია და ახლა რაგბის საერთაშორისო საბჭოს მამებს უფრო მეტი თავსატეხი გაუჩნდებათ – ე. წ. მეორე დონის ნაკრებები გრანდებს მხოლოდ დიდ წინააღმდეგობას კი არ უწევენ, მათთან უკვე გამარჯვებასაც ახერხებენ.
“სამფეროვნებმა” მოახერხეს და შეხვედრის მიწურულს ჩამორჩენა შვიდ ქულაზე ნაკლები გახადეს, რითაც ერთი პრემიალური ქულა მოიპოვეს და მეოთხედფინალში თამაში გაინაღდეს. ეს ოფიციალურად, თორემ, მანამდეც ცხადი იყო, რომ A ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში კანადა ახალი ზელანდიის პრემიით დამარცხებას ვერ შეძლებდა. ფრანგების საქმე იმ შემთხვევაში წავიდოდა უკან, მანამდე ტონგა კანადასთან რომ არ დამარცხებულიყო, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი გარკვეულია და მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტონგას ამ მოგებამ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება და შესაბამისად, 2015 წლის მსოფლიო თასის საგზური თითქმის გაუნაღდა.
საფრანგეთის ნაკრებმა ძალიან ცუდად, უფხოდ ითამაშა. “მამლებმა” არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ შეტევაში და იყვნენ ძალიან ორგანიზებულები დაცვაში. ამის ფონზე, ტონგელთა შეცდომები სათვალავში ჩასაგდებიც არაა და მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს. ახლა კუნძულელები მხოლოდ იმასღა თუ იფიქრებენ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო კანადასთან არწაგების, ანაც, ფრანგებისთვის ოთხი ლელოს გატანის შემთხვევაში. ეს ტონგას პრემიალურ ქულას მოუტანდა და თუ ფრანგებს შვიდ ქულაზე მეტი სხვაობით დაამარცხებდნენ, მაშინ მეოთხედფინალის გზა ხსნილი იქნებოდა. მაგრამ წყნაროკეანელებს ამაზე არც უფიქრიათ. ისინი ისედაც ბედნიერები იყვნენ ფრანგთა დამარცხებით და მატჩის მიწურულს მათ შერკინებას და თამაშს სთავაზობდნენ. მართალია, ამისთვის ლელოთი დაისაჯნენ, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია და დიდად არც უდარდიათ.
იაპონიისა და კანადის დიდი გაჭირვებით დამარცხების და ზელანდიასთან ნაჩვენები უსახური თამაშის შემდეგ, გულშემატკივრები ფრანგებისგან ერთგვარ აფეთქებას ელოდნენ, მაგრამ მოულოდნელად ტონგამ იფეთქა. ევროპელებმა ანგარიში მე-2 წუთზე დიმიტრი იაშვილის ჯარიმით კი გახსნეს, მაგრამ მე-7 წუთზე კურტ მორატიმ ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა. მას გუნდის დაწინაურების შანსი მე-18 წუთზე მიეცა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ამას ფრანგთა მწვავე იერიში მოყვა და 23-ე წუთზე იაშვილმა კვლავ ფრანგები დააწინაურა. 26-ე წუთზე ტონგამ ლელოთი უპასუხა. ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ფრანგთა ხაზი უილიამ მააფუმ გაჭრა და 15-20 მეტრით წინ წაიწია, მას თანაგუნდელები წამოეშველნენ, მერე მორატიმ ბურთი მარჯვენა ფრთაზე ფეხით გადაკიდა, იქ ჰუფანგამ იმარჯვა, ჟულიენ ბონარი გზიდან ჩამოიშორა და ლელო გაიტანა, ხოლო მორატიმ რთული რეალიზაცია ზუსტად შეასრულა. მანვე 36-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ტონგელთა უპირატესობა შვიდ ქულამდე გაზარდა და ტაიმი 13:6 დასრულდა.
ზედ შესვენების წინ, კუნძულელები სინბინით დაისაჯნენ, ჰუფანგამ ვენსან კლერი შებოჭა და თავით დაარჭო, რაც რეფერიმ არ აპატია. კაცნაკლულმა ტონგამ გაძლო კი არა და, თავად შეუტია და 43-ე წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ მორატიმ არაზუსტად დაარტყა. აღსანიშნავია, რომ ტონგელებმა მეორე ნახევარში რამდენიმე კარგი სალელოვე იერიში წამოიწყეს, მაგრამ ვერ იხეირეს. იაშვილმა 50-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენის შემცირება მოახერხა, მაგრამ ინიციატივას მაინც მეტოქე ფლობდა და საათის თავზე მორატის მორიგი ჯარიმა გაუფუჭდა. ამას პიუტაუს კარგი გარღვევა მოყვა და ლონგის ლელოს გატანა მართებდა, მაგრამ მცველებმა მისი შებოჭვა მოახერხეს. 65-ე წუთზე ყვითელი ბარათით უკვე ფრანგი ესტებანიესი დაისაჯა და მორატიმ ამჯერად ზუსტად დაარტყა, ხოლო 72-ე წუთზე ჯარიმითვე ანგარიში 19:9 გახადა. მანამდე მან არეკნიც დაჰკრა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა. ტონგელებმა რამდენიმე კარგი გარღვევა კიდევ განახორციელეს, ვერ იხეირეს, მერე მათმა მორკინალებმა ფრანგები გამოიწვიეს, ევროპელებიც აყვნენ და 82-ე წუთზე კლერმა საპასუხო ლელო გაიტანა. ეს ფრანგებს სულაც არ გახარებიათ, სამაგიეროდ, კვლავ ხარობდნენ ტონგელები, რომლებმაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, საფრანგეთის ნაკრებს კი, სასწრაფოდ ცვლილებები ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მეოთხედფინალში თავის მოჭრას ვერ ასცდებიან.

A ჯგუფი
საფრანგეთი - ტონგა 14:19 (6:13)

1.    ახალი ზელანდია         3    3    0    0    161-34   15
2.    საფრანგეთი                 4    2    0    2    124-96    11
3.    ტონგა                           4    2    0    2    80-98      9
4.    კანადა                          3    1    1    1    67-89      6
5.    იაპონია                        4    0    1    3    69-184    2

2 ოქტომბერი. ველინგტონი
ახალი ზელანდია - კანადა

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083408