შოტლანდიის ნაკრებმა, არგენტინელებთან გამართული შეხვედრის მსგავსად, დასკვნით ათ წუთში ინგლისელებისგანაც გადამწყვეტი ლელო მიიღო და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას გამორჩა. “ვარდებმა” 16:12 იმარჯვეს და მეოთხედფინალში თამაში დაიბევეს, შოტლანდიელები კი, საქართველოსა და არგენტინის დაპირისპირებას ელიან. თუ ქართველმა მორაგბეებმა სამხრეთამერიკელები დაამარცხეს და თანაც ისე, რომ მათ პრემიალური ქულა ვერ აიღეს, სქოთები მეოთხედფინალში გააღწევენ, თუ არა და, ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან.
შოტლანდიელებს უბედურება მე-4 წუთზე ელოდათ. 10-მა ნომერმა ჯექსონმა ტრავმა მიიღო, მან აცრემლებულმა დატოვა მოედანი და ენდი რობინსონი იძულებული გახდა, ის დენ პარქსით შეეცვალა. მიუხედავად ამისა, ინგლისელი რობინსონის შეგირდებმა მისი თანამემამულეების წინააღმდეგ პირველ ტაიმში ძალიან კარგად ითამაშეს. ინგლისელები ხშირად ჯარიმდებოდნენ და მე-9 წუთზე კრის პატერსონმა ანგარიში გახსნა, ხოლო მე-17 წუთზე დენ პარქსმა 42 მეტრიდან დაარტყა და ვიდეორეფერის საქმეში ჩართვა გახდა საჭირო, რათა სქოთთათვის ეს სამი ქულა ჩაეთვალათ - 6:0. მალე ჯარიმის დარტყმის უფლება ინგლისმაც მოიპოვა, ჯონი უილკინსონს 5 წუთის ინტერვალში სამი დარტყმა გაუცუდდა, 34-ე წუთზე კი, როგორც იქნა, მან მიზანი გაისწორა და ჩამორჩენა შეამცირა. მიუხედავად ამისა, ინგლისი შესვენებაზე მაინც 6-ქულიანი დეფიციტით გავიდა. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც პარქსმა 20 მეტრიდან არეკნი უშეცდომოდ დაჰკრა - 9:3.
მეორე ტაიმის დასაწყისში ქულების მოპოვება არეკნით უკვე უილკინსონმა სცადა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანმა უმტყუნა. შოტლანდიამ კარგი სალელოვე შეტევა წამოიწყო, საიმონ დენიელის ფეხით გადაკიდებულ ბურთზე, ბენ ფოდენმა თამაში მოასწრო და იერიში შეაჩერა, მიკ ბლეირს კი, ბურთი აღებისას წინ დაუვარდა და ინგლისი ლელოს გადაურჩა. სამაგიეროდ, კრის პატერსონმა უპირატესობით ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და 56-ე წუთზე ანგარიში 12:3 გახადა. სახიფათო სხვაობა ექვს ქულამდე ერთ წუთში დავიდა. უილკინსონმა აჩვენა, რომ მიუხედავად ამდენი გაფუჭებული დარტყმისა, ფეხით თამაში დიდებულად შეუძლია და შორიდან არეკნი ზუსტად დაჰკრა, 63-ე წუთზე კი, ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა სარაგბო მინიმუმამდე დაიყვანა - 9:12. 69-ე წუთზე ჯონიმ ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა და შოტლანდიას გამარჯვებამდე ბევრი აღარაფერი რჩებოდა, მაგრამ მეტოქის მიძალებას ვეღარ გაუძლო. 78-ე წუთი მიდიოდა, როდესაც კრის ეშტონმა ფლანგზე გრძელი გადაცემა მიიღო, სივრცით ისარგებლა და სანამ მცველი დაზღვევაზე გადასვლას მოასწრებდა, შოტლანდიას იმ მარჯვენა ალამთან დაუდო ლელო, სადაც წინა მატჩში - ამოროსინომ. უილკინსონმა რეალიზაცია ზუსტად შეასრულა, შეხვედრა 16:12 დასრულდა და ახლა მთელი შოტლანდია “ბორჯღალოსნების” დიდი გულშემატკივარია.
B ჯგუფი
ინგლისი - შოტლანდია 16:12 (3:9)
1. ინგლისი 4 4 0 0 137-34 18
2. შოტლანდია 4 2 0 2 73-59 11
3. არგენტინა 3 2 0 1 65-33 10
4. საქართველო 3 1 0 2 41-65 4
5. რუმინეთი 4 0 0 4 44-180 0
2 ოქტომბერი. პალმერსტონ ნორთი
არგენტინა - საქართველო
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია