ზე-18

22:55 | 4.03.2016 | ნანახია 1043 - ჯერ

„ბრამბისმა“ რევანში აიღო [+ვიდეო]

კანბერაში რევანში შედგა - „ბრამბისმა“ შარშანდელი მარცხისთვის „ვარატასს“ სამაგიერო დამაჯერებლად გადაუხადა. ეს კანბერელების მეორე სოლიდური გამარჯვებაა ზე რაგბის მიმდინარე სეზონის სტარტზე. პირველ მატჩში მათ შარშანდელი ფინალისტი „ჰარიქეინსი“ 52:10 გაანადგურეს, ახლა კი, ავსტრალიურ დერბიში 32:15 იმარჯვეს.

დღევანდელი მატჩის პირველ ტაიმი ფრედ 8:8 დამთავრდა. ანგარიში მასპინძელთა ათიანმა კრისტიან ლილიფანომ საჯარიმო დარტყმის შედეგად მე-2 წუთზე გახსნა და მანვე ხუთიოდე წუთში ლელო მიითვალა - 12-ფაზიანი შეტევის შემდეგ, ბურთი მგეზავს გადააწოდეს, მანაც ადგილზე ლამაზად დაფინტა, ორი მეტოქე ჩამოიშორა და ჩათვლის მოედნამდე უწია, თუმცა გარდასახვის წარმატებით შესრულება აღარ გამოუვიდა - 8:0.

21-ე წუთზე კი „კანბერა სტედიუმზე“ შეკრებილმა 20 ათასმა ქომაგმა ისრაელ ფოლაუს შესრულებით საკმაოდ ლამაზი ლელო იხილა - ფულბეკმა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით მიიღო, ორი მეტოქე ცრუ მოძრაობით ლამაზად ჩამოიცილა, ლელომდე ირბინა და სუპერ რაგბიში თავისი 26-ე ლელოც ჩაიწერა. გარდასახვა ქერთლი ბილმა გააცუდა, მაგრამ 34-ე წუთზე მისი ჯარიმა ზუსტი იყო და წონასწორობა აღდგა. პირველი ტაიმის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ვარატასს“ ორივე მეორეხაზელი გაუსინბინეს, ჯერ მე-4 წუთზე სკელტონმა მიიღო ყვითელი ბარათი, ხოლო შემდეგ მამმა 20 წუთი ნაკლულად თამაშის მიუხედავად, სტუმრებმა ფრეს მაინც გამოკრეს ხელი.

მეორე ტაიმი ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო და ლილიფანომ მასპინძლებს ჯარიმით უპირატესობა დაუბრუნა, ცოტა ხანში კი, მოედანზე სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ „ვარატასის“ ჩათვლის მოედანთან მუშტი-კრივი გაიმართა. ცხელ გულზე გუნდებმა ორი წუთის ინტერვალში ლელოები გაცვალეს, დასკვნით 10 წუთში კი, „ბრამბისმა“ მატჩის ბედი გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა შერკინება სტუმრებისას სრულად ჩაგრავდა და 69-ე წუთზე „ბრამბისს“ საჯარიმო ლელო სწორედ მორკინალთა სიყოჩაღემ მოუტანა. უკვე ამოწურულ დროზე მათ „ვარატასი“ კონტრშეტევაზე მეოთხედაც დაალელოვეს და დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს.

ბრამბისი - ვარატასი 32:15

ბრამბისი: 4 ლელო - ლილიფანო, ტომანე, საჯარიმო, ვონგი; 3 გარდასახვა - ლილიფანო (2), ტოომუა; 2 ჯარიმა - ლილიფანო

ვარატასი: 2 ლელო - ფოლაუ, ფიფსი; გარდასახვა - ბილი; ჯარიმა - ბილი; 2 სინბინი - სკელტონი, მამი

სრული მატჩი

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:02 | 05.03.2016
BEERTRANCE (1073)

მაგარი თამაში იყო

0.080423