ამბები

21:43 | 1.10.2011 | ნანახია 3790 - ჯერ

“ლელომ” “აია” შეაჩერა, “ყოჩები” უმაღლესს დაემშვიდობა

 

საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატის XII ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც თბილისის “ლელო” ქუთაისის “აიას” მასპინძლობდა, დაძაბული გამოდგა და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მარცხი ქუთათურებს ვერაფერს დააკლებს, ისინი რეგულარულ პირველობას ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებენ, აი ნამატჩევს მომხდარი უსიამოვნო ინციდენტი კი...
“აია” გულშემატკივრების მხრიდან მსაჯის გინებისთვის არაერთხელ დასჯილა. დიდი ხნის განმავლობაში, ამ ფაქტის გამო გუნდს საკუთარ ქალაქში თამაშიც ჰქონდა აკრძალული. შემდეგ, ამას ქუთაისში სარაგბო სტადიონის არარსებობა დაემატა, ახლა, ყინული დაიძრა და სულ მალე ამ გუნდს თავისი სტადიონიც ექნება, მაგრამ რას გადაწყვეტს საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისია? “ლელოსთან” გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც გამარჯვება თბილისელებმა ბოლო წამზე გატანილი ჯარიმით მოიპოვეს, რეფერი გია ამირხანაშვილი მოედანს ტოვებდა, როდესაც მას ტრიბუნიდან შეაგინეს. მსაჯმა არც აცია არც აცხელა, დამელოდეო და ტრიბუნაზე მაგინებლების საცემად აიჭრა. მას ორივე გუნდის მორაგბეები მიყვნენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სიტუაცია დაეწყნარებინათ და მოჩხუბრები გაეშველებინათ. განსაკუთრებით ბესიკ ხამაშურიძე აქტიურობდა და საცოდაობა იქნება, მაყურებლისა და მსაჯის კონფლიქტის გამო მის გუნდს სასჯელი თუ დაეკისრება. ეს ლამაზად მობურთალი გუნდი, მართლაც იმსახურებს ქუთაისში თამაშს და იმედია, ასეც იქნება, მაგრამ დაფიქრება გულშემატკივრებსაც მართებთ, რათა მათი ქცევის გამო გუნდი არ დაზარალდეს.
“აია” თბილისში დაუმარცხებელი ჩამოვიდა და მატჩის მსვლელობიდან, უფრო სწორედ მისი პირველი ტაიმიდან გამომდინარე, ამ სერიის გაგრძელების იმედიც ჰქონდათ. შეხვედრამ ძლიერი ქარის ფონზე ჩაიარა და ამინდმა მის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. პირველ ნახევარში ქუთაისელებს მხარს ზურგის ქარი უბამდა. ქარი “ლელოს” გეგმებს შლიდა და რამდენჯერმე ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმიდან ბურთის აუტში გადატანაც კი ვერ მოახერხა, თამაშის ფეხით ქუთაისელთა ნახევარზე გადატანაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. “აია” გაგა სინაურიძეს ჯარიმით დაწინაურდა, მალე კი ზურაბ ძნელაძემ ლელო გაიტანა. სინაურიძეს რეალიზაცია გაუფუჭდა, თუმცა, შესვენებამდე ორიდე წუთით ადრე, ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმა სამ ქულად აქცია და ტაიმი 11:0 დასრულდა. 
მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა, ახლა ზურგქარი “ლელოს” მხარეს იყო და ტაქტიკაც შეიცვალა. თბილისელებმა ნებისმიერი ჯარიმის კარში დარტყმაზე აიღეს აქცენტი და გაუმართლათ კიდეც. მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ყიასაშვილმა თავისი პირველი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა. ჯარიმის დარტყმა სინაურიძემაც სცადა, მაგრამ ამჯერად ქარმა მას შეუშალა ხელი. 53-ე წუთზე ყიასაშვილმა კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა, მაგრამ ორიოდე წუთში, ბესიკ ხამაშურიძემ ცენტრის სიახლოვეს დაცვის ხაზი გაჭრა, ბურთი მარჯვნივ ძნელაძეს მიუვიდა და მანაც მეორე ლელო გაიტანა. სინაურიძეს რეალიზაცია გაუფუჭდა, მაგრამ “აია” ათი ქულით დაწინაურდა და თითქოს, ეს გარდამტეხი უნდა ყოფილიყო, მაგრამ “ლელო” არ გატყდა. 
“აია” ხშირად ჯარიმდებოდა და ყიასაშვილმა 45 მეტრიდან ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა. მერე მან ჯარიმა საკუთარი ნახევრიდან დაარტყა, მიზანმა უმტყუნა, 69-ე წუთზე კი, 40 მეტრიდან შესრულებული არეკნი ძელმა აისხლიტა. მალე მან 40 მეტრიდან უკვე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა, მერე კი, საკუთარი ნახევრიდან, კარიდან მარჯვნივ დაახლოებით 53 მეტრიდანაც ზუსტად დაჰკრა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა - 15:16. “აია” მეორე ნახევარში ჯარიმას კარში აღარ ურტყამდა და ხელდახელ თამაშს ცდილობდა, მაგრამ თბილისელთა 22-ში ბურთი დაკარგა, ყიასაშვილმა კარგი კონტრშეტევა წამოიწყო და ხელით გათამაშებით “ლელო” მეტოქის ათმეტრიან ხაზამდე მივიდა, სადაც ქუთაისელები დაჯარიმდნენ. შეხვედრის დასრულებამდე ორიოდე წუთიღა რჩებოდა, ყიასაშვილმა დაარტყა და დაახლოებით 41 მეტრიდან კარს ოდნავ ააცილა. “აიამ” დარჩენილი დრო კი გაიყვანა, მაგრამ ბურთი აუტში არ გაიტანა, მერე ის დაკარგა და საპასუხო იერიშისას დაჯარიმდა. დრო უკვე ამოწურული იყო, ყიასაშვილმა კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 40 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა და “ლელოს” დრამატულ შეხვედრაში 18:16 მოაგებინა. სანამ “ლელო” გამარჯვებას ზეიმობდა, ქუთაისელი მორაგბეებისგან მილოცვებს იღებდა და “აიასთვის” დერეფანს აწყობდა, ტრიბუნიდან ამირხანაშვილის მისამართით გინება გაისმა...
მოგებამ “ლელოს” საფლეიოფო ოთხეულში მოხვედრის კარგი შანსი შეუნარჩუნა, “აიას” კი, ზემოთაც ვთქვით, რეგულარული პირველობის პირველ საფეხურს, ვეღარავინ შეეცილება მთავარი შეხვედრები ფლეი ოფებში ელის. “შევარდენზე” მიმდინარე პარალელუ მატჩში, ოთხეულში მებრძოლი თბილისის “ლოკომოტივი” რუსთავის “ხარებს” მასპინძლობდა. ჩემპიონმა ტაიმი 12:0 მოიგო, ჯამში კი, 20:3 იმარჯვა. “ლოკომოტივმა” ოთხეულისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა და თბილისის “ყოჩებსაც” გაუჩნდა თეორიული შანსი, რომ “ხარების” გადასწრებას მოახერხებდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან ფლეი ოფში თამაშის უფლებას მიიღებდა. 
მაგრამ “ყოჩებს” ეს უფლება “არმიამ” რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოუსპო. ქარმა ამ შეხვედრის მსვლელობაზეც მოახდინა გავლენა, მაგრამ ძალთა თანაფარდობა იმდენად დიდი იყო, რომ არმიელებს ორივე ნახევარი პირქარში რომ ეთამაშათ, ალბათ გამარჯვებას მაინც იზეიმებდნენ, ოღონდ, უფრო მოკრძალებული ანგარიშით. ასე კი, პირველ ნახევარში მათ ზურგქარით ისარგებლეს, ბახვა კობახიძემ ხუთი ჯარიმა გაიტანა, მათ შორის ერთი საკუთარი ნახევრიდან, მეკოკიშვილმა, მჭედლიძემ და ზაბახიძემ ლელოები მიითვალეს, სამიდან ორ რეალიზაცია კი, კვლავ კობახიძემ გამოიყენა. მეორე ნახევარში მანვე ერთი ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და “არმიამ” 37:0 იმარჯვა, რითაც მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა და მეორე ადგილი ნაადრევად დაიბევა. ამრიგად, უკვე ცნობილია, რომ ავსტრალიური ფლეი ოფის პირველ ეტაპზე, “აია” “არმიას” უმასპინძლებს და ამ წყვილის გამარჯვებული პირდაპირ ფინალში ითამაშებს, ხოლო დამარცხებულს იქ მოხვედრის შანსი კიდევ ექნება. 
დანარჩენი ორი საგზურისთვის, “ლელოსა” და “ლოკომოტივის” გარდა, “არმაზი” და “აკადემია” იბრძვიან. სწორედ ამ გუნდების დაპირისპირება გაიმართა XII რაუნდში “შევარდენზე” და მასში გამარჯვება “არმაზს” დარჩა - 18:12. ახლა ორივე ამ გუნდს 11-11 ქულა აქვს, კონკურენტებს მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან და დასკვნით ორ ტურში ურთიერთობის გარკვევა მათთან მოუწევთ.      
 
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
1 ოქტომბერი. XII რაუნდი
თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - აია (ქუთაისი) 18:16 (0:11)
ლელო: 15. ჯოგლიძე (კოპაძე), 14. ხეცოიძე (მჭედლიშვილი), 13. ანდღულაძე, 12. ხუციშვილი, 11. ზაალიშვილი, 10. ყიასაშვილი, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე (კვერნაძე), 2. ჭყონია, 3. სუჯაშვილი, 4. ქოიავა, 5. დაუშვილი (ხიპაშვილი), 6. მძინარიშვილი, 7. კოლელიშვილი (სურგულაძე), 8. აზალაძე.
6 ჯარიმა: ყიასაშვილი
აია: 15. ხამაშურიძე, 14. ძნელაძე, 13. კუხიანიძე (აბრამიძე), 12. გიორგაძე (ზვიადაძე), 11. გოშაძე, 10. სინაურიძე, 9. გოგია; 1. ლომიძე (სულუხია), 2. გურეშიძე, 3. ჩხიკვაძე (მატკავა), 4. მეტრეველი (არაბიძე), 5. ჩიტაიშვილი, 6. რევიშვილი, 7. დგებუაძე (ცირეკიძე), 8. ძაგნიძე (თხელიძე).
2 ლელო: ძნელაძე
2 ჯარიმა: სინაურიძე
მსაჯი: ამირხანაშვილი
 
თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი
არმია (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 37:0 (34:0)
არმია (ძირითადი შემადგენლობა): 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. მჭედლიძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ელიზბარაშვილი, 9. ზაბახიძე; 1. კაკოვინი, 2. მეკოკიშვილი, 3. დონაძე, 4. ჟღენტი, 5. ბიწაძე, 6. თხილაიშვილი, 7. დარასელია, 8. ბუჯიაშვილი.
3 ლელო: მეკოკიშვილი, მჭედლიშვილი, ზაბახიძე
2 გარდასახვა: კობახიძე
6 ჯარიმა: კობახიძე
ყოჩები (ძირითადი შემადგენლობა): 15. კვარაცხელია, 14. ხარშილავა, 13. მაისურაძე, 12. გარუჩავა, 11. კობერიძე, 10. გაბუნია, 9. ჯაფარიძე; 1. ბეჟიაშვილი, 2. გოგიშვილი, 3. შენგელია, 4. ბუღაშვილი, 5. არჩუაშვილი, 6. მალაღურაძე, 7. ცხვედიანი, 8. ცუცქირიძე.
 
თბილისი. “შევარდენი”. 
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 20:3 (12:0)
თბილისი. “შევარდენი”. 
არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 18:12
 
1. აია                   12  11  305-144  22
2. არმია               12   8  279-168  17
3. ლელო             12   6  270-253  12
4. ლოკომოტივი 12   6  214-197  12
5. არმაზი            12   5  232-251  11
6. აკადემია         12   4  203-225  11
7. ხარები            12   4  139-248   8
8. ყოჩები           12   1  10  151-307  3
 
მომდევნო ტური
8 ოქტომბერი: არმაზი - არმია, აია - ყოჩები, ხარები - ლელო, აკადემია - ლოკომოტივი
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109701