ამბები

12:42 | 2.10.2011 | ნანახია 2690 - ჯერ

“ოლ ბლექსმა” კანადა ლელოებით გააცილა

მიმდინარე მსოფლიო თასზე მამაცად მებრძოლმა კანადამ, ფხის გამოჩენა მასპინძელ ახალ ზელანდიასთანაც სცადა, ოთხი წუთი შეხვედრას იგებდა, მერე ორი ლელოც გაიტანა, მაგრამ “ოლ ბლექსის” სისწრაფეები მისთვის ნამეტანი აღმოჩნდა და საპასუხოდ 12 ლელო გაუშვა. სატურნირო თვალსაზრისით, ამ მატჩის შედეგი პრაქტიკულად არაფერს წყვეტდა, ერთადერთი, კანადა გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილამდე აღზევდებოდა და 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურს ოთხი წლით ადრე დაიბევებდა, მაგრამ ჩრდილოამერიკელები 15:79 დამარცხდნენ და შინ მეოთხე ადგილით გაემგზავრებიან.
 მიუხედავად ასეთი ანგარიშით მარცხისა, გარკვეული მიღწევები კანადელებსაც ჰქონდათ. კონორ ტრეინორი გახდა პირველი კანადელი მორაგბე, რომელმაც ზელანდიელებს ორი ლელო გაუტანა. მთლიანობაში, 80-დან 70 წუთი უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და ველინგტონში შეკრებილი გულშემატკივრები 12 ლელოთი ასიამოვნეს, რომელთაგან ოთხი ზაკ გილდფორდის ანგარიშზეა და ის გახდა პირველი მორაგბე მიმდინარე მსოფლიო თასზე, რომელმაც პოკერი შეასრულა. “ოლ ბლექსმა” ტრავმირებული კაპიტანი რიჩი მაკქოუ და მსოფლიოს საუკეთესო მექულე დენ კარტერი მოისაკლისა. ამ უკანასკნელის ადგილი ძირითად შემადგენლობაში კოლინ სლეიდმა დაიკავა, მაგრამ მოგვიანებით ისიც დაშავდა და ზელანდიელ ექიმებს დამატებითი საქმე გამოუჩნდათ.
 შეხვედრა სწორედ სლეიდის დაჯარიმებით დაიწყო, რომელსაც ფეხით დარტყმული დაუფარეს, შემდეგ კი, მას ნერვებმა უმტყუნა. ანდერ მონრომ კარიდან მარჯვნივ, 25 მეტრიდან დაარტყა და მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა. სლეიდმა შეცდომა მალევე გამოასწორა, კანადელთა დაცვის ხაზი გაკვეთა, მარცხენა ფლანგზე ზაც გილდფორდის მისამართით გრძელი გადაცემა გააკეთა და მანაც ალამთან თავისი და ზელანდიის პირველი ლელო გაიტანა. საქმეში ვიდეორეფერის ჩართვა გახდა საჭირო, მაგრამ ყველაფერი რიგზე იყო და სლეიდმა ზედ რეალიზაციაც დაურთო. მე-11 წუთზე ვიქტორ ვიტომ შერკინებიდან გამოტანილი ბურთი მიიღო და ჩათვლის მოედნის ხაზი ორ მცველთან ჭიდილში გადალახა. სლეიდს გარდასახვა გაუცუდდა, მაგრამ სიტუაცია მე-16 წუთზე გამოასწორა და ჯარიმა სამ ქულად აქცია - 15:3.
 მე-20 წუთზე ისრაელ დაგის ჯერი დადგა. ხელდახელ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში, ბურთი მარჯვენა ფლანგზე გილდფორდმა და დაგმა გაითამაშეს, ეს უკანასკნელი ბოლო მცველს გასცდა და მარჯვენა ალამთან მაღალ სიჩქარეზე შეხტა - ლამაზი ლელო გამოვიდა. 25-ე წუთზე ჯიმი კოუენის ფეხით შეცურებულ ბურთს კანადელი მცველი კი ჩაჰყვა, მაგრამ მისი დამორჩილება ვერ მოახერხა და გილდფორდმა მარტივი ლელო მიითვალა. 29-ე წუთზე ზელანდიელებმა საკუთარი 22-დან სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ბურთი ხელდახელ გაითამაშეს და ლელო მილს მულიაინამ მიითვალა, ხოლო 35-ე წუთზე, სონი ბილი უილიასმა კვლავ საკუთარი ნახევრიდან ხელით შეუტია, ხაზი გაჭრა, მას მულიაინა წამოეშველა, რომელმაც თავის მხრივ გილდფორდს გადაცემა არ დაუგვიანა და მანაც თავისი მესამე ლელო გაიტანა. ტაიმის მიწურულს კანადამ 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია, ბურთი ხაზზე ჩაათამაშა და კონორ ტრეინორმა პირველი საპასუხო ლელო დადო, ტაიმი კი, ზელანდიამ 37:8 მოიგო.
 მეორე ნახევრის დასაწყისში, ზელანდიელებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, უზუსტო გადაცემას ტრეინორი გამოეხმაურა, ბურთი ფეხით გაიგდო, 50 მეტრი ირბინა, ფეხით კიდევ ერთხელ ითამაშა და ზელანდიელთა ჩათვლის მოედანში შესრიალდა. ამაზე კოენმა მალევე ლელოთი უპასუხა, მერე კაინომ შეუტია შერკინებიდან და ბურთი ძელებსშორის დაამიწა. საათის თავზე ზელანდიამ ხელდახელ ჩაათამაშა ბურთი და სონი ბილი უილიამსმა მიზანს ალამთან უწია, 68-ე წუთზე “ოლ ბლექსის” შერკინებამ მეტოქე ძელებსშუა შეათრია და ბურთი კაინომ დაამიწა, 77-ე წუთზე გილდფორდმა ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღო, დაახლოებით 65 მეტრი ირბინა და თავისი მეოთხე - ლამაზი ლელო გაიტანა,  ბოლოს კი, კანადელთა განადგურება ვიტომ დაასრულა.
ამრიგად, “შავებმა” A ჯგუფში ქულათა მაქსიმუმით (20) პირველი ადგილი დაიკავეს. “ოლ ბლექსი” მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება და ახლა მათ მოუწევთ იმაზე ზრუნვა, თუ როგორ შეაჩერონ ზელანდიელები, რომლებსაც, სავარაუდოდ, დენ კარტერი ამ მსოფლიო თასზე ვეღარ დაეხმარება.

A ჯგუფი
ახალი ზელანდია - კანადა 79:15 (37:8)
 

1  ახალი ზელანდია  4 4 0 0 240-49 20
2   საფრანგეთი 4 2 0 2 124-69 11
3 ტონგა    4 2 0 2 80-98 9
4  კანადა   4 1 1 2 82-168 6
5 იაპონია 4 0 1 3 69-184 2



ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078016