უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, შეცდომებით მოთამაშე ფიჯისთვის ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ევროპელებმა კუნძულელებს ცხრა უპასუხო ლელო გაუტანეს და 66:0 გაანდგურეს, D ჯგუფში 15 ქულით სამხრეთ აფრიკის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს და შესაბამისად მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
მსოფლიო თასზე აქამდე ასეთი გამანადგურებელი მარცხი ფიჯის არასდროს განუცდია, მაგრამ მათ ამ შეხვედრაში აბსოლიტურად არაფერი გამოსდიოდათ და ეს იმიტომ, რომ უცნაური ტაქტიკა აირჩიეს. ისინი თითქოს გასართობად იყვნენ გასული მოედანზე და ამ გართობაში 66 ქულა მიიღეს. ფიჯელების თამაში რაღაცას მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში დაემსგავსა, თუმცა, მათი ეს მცდელობა დიდხანს არ გაგრძელებულა და მალე უელესელებმა კვლავ გაილაღეს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გამანადგურებელი ანგარიშისა, უელსელთა მთავარი მწვრთნელი უორენ გეტლანდი, გარკვეულ ეპიზოდებში საკუთარი შეგირდების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა.
ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, როდესაც ჯეიმ რობერსტმა ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედნამდე 25 მეტრი ირბინა. მე-17 წუთზე მარცხენა ფლანგზე ლეიგ ჰალფპენიმ ითამაშა კარგად, ბურთი სკოტ უილიამსს გადააწოდა, მანაც ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და მეორე ლელო გაიტანა. რის პრისტლენდმა ორივე რეალიზაცია გამოიყენა და 22-ე წუთზე უპირატესობა ჯარიმით კიდევ უფრო გაზარდა. 32-ე წუთზე უელსელებმა ხელით კარგად გაითამაშეს ბურთი, ჯორჯ ნორტმა თავისუფალი სივრცე იპოვნა, სიჩქარე აკრიფა და ანგარიში 22:0 გახადა, რაც ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ტაიმის მიწურულს ჰალფპენიმ ერთხელაც გაჭრა ხაზი და ამჯერად პრემიელური ქულის მომტანი მეოთხე ლელო სემ უორბარტონს გაატანინა, ხოლო პრისტლენდმა ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 31:0.
შემდეგი ლელო 51-ე წუთზე გავიდა, გარღვევა კვლავ ჰალფპენიმ წამოიწყო, პრისტლენდთან ბურთი გაითამაშა და რობერტსმა თავისი მეორე ლელო მიითვალა. პრისტლენდმა ეს რეალიზაციაც ზუსტად დაარტყა, შემდეგი ოთხი გარდასახვა კი, სტეფან ჯონსმა შეასრულა. ძალისმიერი ლელო ლოიდ ბარნსმა მიითვალა, რომელიც მცველს თავით ეკვეთა, სამი-ოთხი ნაბიჯით უკან დაახევინა და ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა. ჰალფპენიმ დამსახურებული ლელო 68-ე წუთზე მიითვალა, ფიჯელთა რბევა კი, ლოიდ უილიამსმა და ჯონათან დევისმა დაასრულეს.
D ჯგუფი
უელსი - ფიჯი 66:0 (31:0)
1 | სამხრეთ აფრიკა | 4 | 4 | 0 | 0 | 166-24 | 18 |
2 | უელსი | 4 | 3 | 0 | 1 | 180-34 | 15 |
3 | სამოა | 4 | 2 | 0 | 2 | 91-49 | 10 |
4 | ფიჯი | 4 | 1 | 0 | 3 | 59-167 | 5 |
5 | ნამიბია | 4 | 0 | 0 | 4 | 44-266 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია