ამბები

18:10 | 2.10.2011 | ნანახია 2905 - ჯერ

ირლანდიამ იტალია მეორე ნახევარში გატეხა

შესვენების შემდეგ, დანედინის მოედანზე სულ სხვა ირლანდიის ნაკრები გავიდა, რომელმაც C ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში იტალიასთან გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, დასკვნით 40 წუთში 27:0 იმარჯვა და მეოთხედფინალში პირველი ადგილიდან გავიდა.
კელტებს უხასიათოდ ყოფნის საფუძველი მაინც დარჩათ. ტრავმა მიიღო და პირდაპირ საავადმყოფიში წასაყვანი გახდა ჰუკერი რორი ბესტი და იმის ფონზე, რომ დაშვებულია მეორე ჰუკერი ჯერი ფლენერი, მათ ამ პოზიციაზე მხოლოდ შონ კრონინის იმედიღა თუ ექნებათ. იტალიელები ამ მატჩის მოსაგებად იყვნენ განწყობილი და ამიტომ, მე-7 წუთზე რონან ოგარამ ჯარიმა კარში დაარტყა და ანგარიში გახსნა. ოთხ წუთში ირლანდიელები შერკინებაში დაჯარიმდნენ და მირკო ბერგამასკომ წონასწორობა აღადგინა. ამას იტალიელთა სალელოვე შეტევა მოყვა, მაგრამ მცველებმა ივარგეს და მომხვდური გვერდით ხაზს იქით გადადენეს. მერე ოგარას ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა, მე-17 წუთზე უკვე ზუსტად დაარტყა და კელტები კვლავ დააწინაურა. “აძურა” მეტოქეს ძალისმიერ თამაშში ჯობდა და მე-20 წუთზე მაგრად შეუტია. ირლანდიამ გაძლო, თუმცა, შეტევის მოგერიება ჯარიმის ხარჯზე მოახერხა და ბერგამასკომ წონასწორობა კვლავ აღადგინა. ტაიმის დასრულებამდე ოგარამ ჯარიმით კვლავ შეძლო თანაგუნდელების დაწინაურება, აი ბერგამასკოს ჯარიმა კი, ძელმა აისხლიტა და პირველი ნახევარი ირლანდიამ 9:6 მოიგო.
მეორე ნახევარის დასაწყისში ოგარამ 38 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ირლანდიელთა უპირატესობა ექვს ქულამდე გაზარდა, მერე მანვე არეკნი ვერ გაიტანა, 47-ე წუთზე კი, ტომი ბოუიმ ხაზი გაჭრა და ბრაიან ოდრისკოლმა შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. ოგარამ რეალიზაცია გამოიყენა, 52-ე წუთზე კი, მას კიდევ ერთი რეალიზაციის გატანამ მოუწია. ამჯერად ირლანდიამ მორკინალებით შეუტია, მეტე ბურთი ფლანგზე ჩათამაშდა, სადაც კეიტ ერლსი უმეთვალყუროდ დარჩა და ანგარიში სოლიდური გახდა. 70-ე წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება ოგარასგან მის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ჯონათან სექსტონმა გადაიბარა და დარტყმა ზუსტად შეასრულა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროზე ერლსი მცველებს ერთხელაც გაექცა მის მიერ დადებული ლელო სექსტონმა გარდასახა.
ამრიგად, მეოთხედფინალში გუნდები ევროპელებად და სამხრეთელებად დაწყვილდნენ და ფინალშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი გუნდები ითამაშებენ. ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ირლანდია უელსს, ხოლო ინგლისი საფრანგეთს ეთამაშება და ამ წყვილს შორის გამარჯვებულები, ნახევარფინალში ითამაშებენ. დანარჩენ ორ მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკა ავსტრალიას, ხოლო ახალი ზელანდია არგენტინას დაუპირისპირდება.

C ჯგუფი
ირლანდია - იტალია 36:6 (9:6)
 

1   ირლანდია 4 4 0 0 135-34 17
2 ავსტრალია 4 3 0 1 173-48 15
3 იტალია 4 2 0 2 92-95 10
4  აშშ 4 1 0 3 38-122 4
5  რუსეთი 4 0 0 4 57-196 1



მეოთხედფინალები
8 ოქტომბერი

ირლანდია - უელსი
ინგლისი - საფრანგეთი
9 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
ახალი ზელანდია - არგენტინა
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076391