საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასი ისევე ღირსეულად დაასრულა, როგორც დაიწყო. შოტლანდიასთან და ინგლისთან გადატანილი დიდი ბრძოლების შემდეგ, რასაც რუმინეთის ძლევა მოჰყვა, იყო საფრთხე, რომ “ბორჯღალოსნები” მოეშვებოდნენ, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დაღლილობა თავისას იზამდა და არგენტინასთან ბრძოლა არ შედგებოდა.
მაგრამ ასე არ მოხდა. საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქეს პატივს სცემს, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში ბოლომდე იბრძვის. გასული მსოფლიო თასის მესამეადგილოსან არგენტინას, ქართველმა მორაგბეებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, პირველ ტაიმში 7:5 იმარჯვეს და 68-ე წუთამდე, გამარჯვებული გუნდის ვინაობაც გასარკვევი იყო, მაგრამ გამოცდილებამ თავისი გაიტანა და “პუმებმა” 25:7 იმარჯვეს.
არადა, 68-ე წუთამდე და განსაკუთრებით პირველი ტაიმის შემდეგ, “ბორჯღალოსნებს” შოტლანდიელებიც დიდი იმედით შესციცინებდნენ. სწორედ ამ შეხვედრის შედეგზე იყო დამოკიდებული, გავიდოდნენ თუ არა მეოთხედფინალში სქოთები. სამხრეთამერიკელებს ქართველებთან ერთი პრემიალური ქულაც არ უნდა აეღოთ, მაგრამ გამარჯვება მოახერხეს და ერთბაშად 4 ჩაიწერეს, თუმცა, ამისათვის ძალთა სრული მობილიზება დაჭირდათ და კიდევ ერთი, მხოლოდ 3 ლელოს გატანა მოახერხეს, რის გამოც, მათ, “ბორჯღალოსნებთან”, სავარაუდოდ წინდაწინ დაგეგმილი პრემიალური ქულა, ვერ აიღეს.
მთლიანობაში, მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა საოცარი დაცვა აჩვენა და ჯგუფში მეხუთე-მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებთან შედარებით, ყველაზე ცოტა, 90 ქულა გაუშვა. ამ მაჩვენებლით, ქართველებმა მე-3 ადგილზე გასულ იტალიას (95 ქულა) და ტონგასაც (98) აჯობეს და უფრო მეტიც, თვით მეოთხედფინალის საგზურის მომპოვებელმა საფრანგეთმა, ქართველებზე მეტი - 96 ქულა მიიღო!
სამწუხაროდ, იგივე არ ითქმის შეტევაზე. საქართველოს ნაკრების მონაგარი სულ 48 ქულაა და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ რუმინეთს, აშშ-ს და ნამიბიას აჯობა, გატანილი ლელოებით კი, ყველაზე უარესი მაჩვენებლის მქონე რუმინეთს გაუტოლდა (3-3 ლელო).
არგენტინასთან გამართულ შეხვედრაში მამაცად მებრძოლ საქართველოს რეფერიც უტევდა. მართალია, უცხოური სააგენტოები წერენ, რომ ქართველები უდისციპლინობამ დაღუპაო და ფაქტად 17 ჯარიმა მოაქვთ, მაგრამ მათგან ოთხი-ხუთი რეფერის ფანტაზიის ნაყოფი იყო. რეფერი, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, არგენტინელთა დანაშაულსაც ქართველებს აწერდა და შედეგად, შესვენებამდე, სამხრეთამერიკელები სულ ორჯერ, ქართველები კი 11-ჯერ დააჯარიმა. “პუმები” აქტიურობდნენ და უპირატესობას ფლობდნენ, უკანა ხაზი ბურთს კარგად შლიდა, მაგრამ საქართველო თავს იცავდა და ტექნიკური წუნი, ბურთის წინვარდნა და არასწორი გადაწყვეტილებები, მათ იერიშების განვითარების საშუალებას არ აძლევდა.
შეხვედრის დებიუტში ფელიპე კონტეპომს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ორჯერ მიეცა, მაგრამ მე-4 და მე-14 წუთებზე, ხელსაყრელი სიტუაციიდან არაზუსტად დაარტყა. ძირითად შემადგენლობაში პირველად მოთამაშე მალხაზ ურჯუკაშვილი, ფულბეკის პოზიციაზე საიმედოდ გამოიყურებოდა და ფეხით ბურთს ცარიელ სივრცეებში ზუსტად და ისე შორს ჰკიდებდა, რომ მომხვდურს 50-60 მეტრით უკან დახევა და ყველაფრის თავიდან დაწყება უხდებოდა. თუმცა, ურჯუკაშვილი ბოჭვებისას მთლად საიმედო არ იყო და პირველი გაშვებული ლელოც დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა. ეს 32-ე წუთზე მოხდა, მანამდე კი, ტაბლოზე ნულები შენარჩუნდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასზე აქამდე გამართულ ორმოც შეხვედრაში, ნულები ამდენი ხნით არცერთ მატჩში შენარჩუნებულა.
დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ, არგენტინელებმა შეტევა მარცხენა ფრთიდან განავითარეს, იქ ბურთი იმჰოფმა მიიღო, დაზღვევაზე გადასული ურჯუკაშვილი მას კი წაეპოტინა, მაგრამ შეჩერება ვერ მოახერხა, არგენტინელიც გაექცა და ლელოთი ანგარიში გახსნა. მანამდე 2 ხელსაყრელი ჯარიმის გამფუჭებელმა კონტეპომმა, ვერც რეალიზაციიდან იხეირა.
ლელოს გაშვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა შეუტია და ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ ურჯუკაშვილმა ხელსაყრელი სიტუაციიდან არაზუსტად დაარტყა. “ბორჯღალოსნებმა” იერიში განაგრძეს, ლაშა ხმალაძემ ბურთი მარჯვენა ფრთაზე სიჩქარეაკრეფილ ალექსანდრე თოდუას გადააწოდა, მან რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და ფეხით დროულად შეაცურა, ამას ხმალაძის მხრიდან აჩქარება მოჰყვა, მან არგენტინელს დაასწრო და თბილისის “ლელოს” ორმა უკანახაზელმა, არგენტინას “ბორჯღალოსნების” სახელით ლელო გაუტანა. ეს იყო ხმალაძის პირველი ლელო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რასაც ურჯუკაშვილმა ზუსტი რეალიზაცია მიაყოლა და საქართველოს ნაკრებმა ტაიმი 7:5 მოიგო.
ამან შოტლანდიელ მორაგბეებსა და გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა. შეგახსენებთ, რომ ქართველთა მატჩამდე სქოთები არგენტინელებს ქულით უსწრებდნენ და თუ სამხრეთამერიკელები შვიდ ქულაზე მეტი სხვაობით დამარცხდებოდნენ, მეოთხედფინალში ევროპელები გადიოდნენ.
მე-2 ნახევრის პირველი 10 წუთი საქართველოს ნაკრებმა გაძლო, მერე რაქში დაჯარიმდა და კონტეპომმა ხელსაყრელი სიტუაციიდან არგენტინელები დააწინაურა. საათის თავზე, ამოროსინო ლექსო გუგავას გაექცა და საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანს ოც მეტრამდე მიუახლოვდა, იქ “ბორჯღალოსნები” დაჯარიმდნენ და კონტეპომმა უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა - 11:7.
თამაშიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ ქართველებს მატჩის შემოტრიალების ძალა აღარ ჰქონდათ, არგენტინელებმა კი, დამატებითი სიჩქარები ჩართეს, მარჯვენა ფლანგიდან ხელდახელ ბურთაობით 5-მეტრამდე მიაღწიეს, მერე ბურთი მარცხნივ ჩაათამაშეს, სადაც რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ და კონტეპომს ლელოს გატანა აღარ გასჭირვებია. ამჯერად, კონტეპომმა რეალიზაციაც გამოიყენა.
79-ე წუთზე, არგენტინამ ხელდახელ უკვე მარცხენა ფრთიდან, საკუთარი ნახევრიდან შეუტია, იმჰოფმა ბურთი ფეხით შეაცურა, მას შეცვლაზე შესული გროსიო მიჰყვა და ლელო გაიტანა, ბოსხიმ კი, ანგარიში ქართველთათვის ულამაზო გახადა - 7:25.
მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრების თამაში მხოლოდ ქებას იმსახურებს და აკი თქვა კიდევაც ნამატჩევს კონტეპომმა, რომელსაც ერთ ეპიზოდში ვასილ კაკოვინმა ისეთი ჰკრა, რომ გადააყირავა და შესაცვლელი გახდა: “საქართველოს ნაკრებმა მართლაც საუცხოოდ ითამაშა და გზებს ვერ ვპოულობდით, რის ხარჯზეც თამაში უნდა მოგვეგო. მე-2 ნახევარში სრული მობილიზაცია დაგვჭირდა იმისათვის, რომ მეტოქის წინააღმდეგობა გაგვეტეხა”.
ხუან იმჰოფი: “საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა, ჩვენ კი, შეცდომების გამო, ქულები დავკარგეთ”.
“ჩვენმა გუნდმა ამ მსოფლიო თასზე ფანტასტიკური თამაში აჩვენა. არგენტინა ძალიან კარგი გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მატჩის მიწურულს გამოცდილება არ გვეყო და ამით, არგენტინის ნაკრებმა კარგად ისარგებლა. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ჩვენთვის მე-16 მოთამაშის როლს ასრულებდა და კარგად თამაშში მუდამ გვეხმარებოდა” - თქვა ილია ზედგინიძემ.
განხვავებული კომენტარი გააკეთა დავით ქუბრიაშვილმა: “იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად ვიყავით გასული და საბოლოო შედეგი სულაც არ ასახავს იმ რეალობას, რაც უშუალოდ მოედანზე ხდებოდა. მატჩის ბოლოს 2 დასანანი ლელო გავუშვით და შედეგით ძალიან უკმაყოფილო ვარ”. შედეგით უკმაყოფილო დარჩა “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონიც: “ამ შეხვედრის ანგარიშით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რასაც ვიმსახურებდით. უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, თუმცა, ანგარიში არგენტინელთა სასარგებლოდ მეტყველებს”.
B ჯგუფი
პალმერსტონ ნორთი. “არენა მანავატუ”.
საქართველო - არგენტინა 7:25 (7:5)
საქართველო: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი (21. მერაბ კვირიკაშვილი 63), 14. ლექსო გუგავა (22. ლაშა მალაღურაძე 72), 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 68); 1. ვასილ კაკოვინი (17. გოდერძი შველიძე 41), 2. აქვსენტი გიორგაძე (16. ჯაბა ბრეგვაძე 70-75), 3. დავით ქუბრიაშვილი (კაკოვინი 64), 4. ლევან დათუნაშვილი (19. ილია ზედგინიძე 70), 5. ვახტანგ მაისურაძე (18. გიორგი ნემსაძე 70), 6. გიორგი ჩხაიძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
1 ლელო: ხმალაძე
1 გარდასახვა: ურჯუკაშვილი
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
არგენტინა: 15. ლუკას ამოროსინო, 14. ჰორასიო აგულა (22. მარტინ როდრიგესი 66), 13. მარსელო ბოსხი, 12. ფელიპე კონტეპომი (21. ავგუსტინ გოსიო 72), 11. ხუან იმჰოფი, 10. სანტიაგო ფერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო (20. ალფრედო ლალანე 70); 1. მარკოს აიერსა, 2. მარიო ლედესმა (16. ავგუსტინ კრევი 64), 3. ხუან ფიგალო (17. მარტინ სკელსო 65), 4. მარიანო გალარსა (18. ტომას ვალეხოსი 72), 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან ლეგუსამონი, 8. ლეონარდო სენატორე (19. ალეხანდრო კამპოსი 65).
3 ლელო: იმჰოფი, კონტეპომი, გოსიო
2 გარდასახვა: კონტეპომი, ბოსხი
2 ჯარიმა: კონტეპომი
მწვრთნელი: სანტიაგო ფელანი
1 | ინგლისი | 4 | 4 | 0 | 0 | 137-34 | 18 |
2 | არგენტინა | 4 | 3 | 0 | 1 | 90-40 | 14 |
3 | შოტლანდია | 4 | 2 | 0 | 2 | 73-59 | 11 |
4 | საქართველო | 4 | 1 | 0 | 3 | 48-90 | 4 |
5 | რუმინეთი | 4 | 0 | 0 | 4 | 44-180 | 0 |
მეოთხედფინალები
8 ოქტომბერი
ირლანდია - უელსი
ინგლისი - საფრანგეთი
9 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
ახალი ზელანდია - არგენტინა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია