ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, უკანახაზელმა დრიუ მიტჩელმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მეოთხე შეხვედრაში ტრავმა მიიღო და 2011 წლის მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა.
მსოფლიო თასის ოფიციალური საიტის ცნობით, 27 წლის გარემარბმა ტრავმა რუსეთთან 68:22 მოგებული შეხვედრის 55-ე წუთზე მიიღო. მან უწყინარ სიტუაციაში მარცხენა ფეხის მუხლქვეშა მყესები დაიზიანა. აღსანიშნავია, რომ მიტჩელი ტრავმებისგან მსოფლიო თასის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განიკურნა და იმედი ჰქონდა, რომ გუნდს მესამე თასის მოპოვებაში დაეხმარებოდა.
“დრიუ ძალიან იმედგაცრუებულია. მიტჩელს უნდოდა, რომ კარგად დაწყებული საქმე წარმატებით დაგვეგვირგვინებინა”, - თქვა “ვოლაბების” კაპიტანმა ჯეიმს ჰორვილმა.
ეროვნულ გუნდში დრიუ მიტჩელის დებიუტი 2005 წელს შედგა, ხოლო მიმდინარე მსოფლიო თასზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში მან 3 ლელოს გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სახის ტრავმა აშშ-თან 67:5 მოგებულ შეხვედრაში მესამეხაზელმა, 8 ნომერმა ვიკლიფ პელუმაც მიიღო. “კენგურუების” მთავარი მწვრთნელი რობი დინსი იძულებული გახდა, ტრავმირებული მორაგბეების ნაცვლად ახალი მოთამაშეები გამოეძახა. მიტჩელის შემცვლელად მწვრთნელმა 30 წლის მეტ ჰოჯსონს უხმო, რომელიც 7-კაცა ნაკრებში თამაშითაა ცნობილი, ეროვნულ გუნდში კი, გასულ ზაფხულს მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა - სამოასთან და სამხრეთ აფრიკასთან. პელუს 24 წლის ლაჩნერ ტერნერი შეცვლის, რომელსაც სანაკრებო დებიუტი 2008 წელს, საფრანგეთის წინააღმდეგ ჰქონდა და მას შემდეგ ეროვნული გუნდის კვართი 14 შეხვედრაში მოირგო. ორივე ეს მორაგბე იმ 40-კაციან განაცხადში შედიოდა, რომელიც მსოფლიო თასისთვის ემზადებოდა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია