საფრანგეთი პრო დ2

19:53 | 4.03.2016 | ნანახია 968 - ჯერ

პრო დ2 - თებერვლის მონაგარი მხოლოდ სინბინია

ტოპ-14-ის გათამაშების მსგავსად, სანაკრებო თამაშების გამო გასულ თვეში ქართველ ლეგიონერებს პრო დ2-შიც ნაკლებად მოუწიათ თამაში. თებერვალში პრო დ2-ში სამი ტურის შეხვედრები გაიმართა.

სამივე შეხვედრაში ძირითადში იყო „ორიაკის“ მეორე ხაზელი ლევან დათუნაშვილი, მან საერთო ჯამში მოედანზე 211 წუთი გაატარა, ხოლო „ლიონთან“ შეხვედრაში მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. მისი თანაგუნდელებიდან თებერვალში მხოლოდ მერაბ შარიქაძემ ითამაშა - „ნარბონთან“ მატჩი სასტარტოში დაიწყო და შესვენებაზე შეცვალეს (ჯამში 40 წუთი).

ასევე სამი თამაში (ორი სასტარტოში, ერთი მარქაფში) ითამაშა „ექსის“ ბურჯმა გიორგი ზაქაშვილმა, მან მოედანზე 132 წუთი გაატარა, მაგრამ მისმა გუნდმა ბოლო ორი შეხვედრა დათმო, მათ შორის უშუალო კონკურენტ „დაქსთან“ და ფედერალ 1-ში დაქვეითების მთავარი კანდიდატია.

ამდენივე შეხვედრა ჩაატარა „ალბის“ ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა (ერთი სასტარტო, ორი მარქაფი). ჯამში ნათამაშევი 122 წუთით მან თავისი გუნდის ორ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა და „ალბი“ ტოპ-14-ში გადასასვლელ პლეიოფში მოსახვედრი ადგილისთვის იბრძვის. მეორე ხაზელმა ვახტანგ მაისურაძემ კი, მხოლოდ ერთ თამაშში მიიღო მონაეილეობა, „ნარბონთან“ ძირითადში დაიწყო და 43-ე წუთზე შეცვალეს.

25 ოქტომრბის, თითქმის 4-თვიანი უქმობის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა მესამე ხაზელი დიმიტრი ბასილაია. იგი 21 თებერვალს „ბიარიცის“ წინააღმდეგ სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 13 წუთით ადრე შევიდა, ხოლო „კასკარონთან“ შეხვედრა ძირითადში დაიწყო, მაგრამ 31-ე წუთზე შეცვალეს. მას ორი მატჩის ჯამში 44 წუთი მოუგროვდა.

სამი თამაში (ერთი სასტარტო, ორი მარქაფი) ჩაატარა „ტარბის“ ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ და ჯამში მოედანზე 91 წუთი გაატარა. სანაკრებო თამაშების გამო გიორგი ნემსაძემ მხოლოდ „მონ-დე-მარსანთან“ შეხვედრაში მოხვდა განაცხადში, ის სათადარიგო იყო და მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა.

თებერვალში ვეტერანი ბურჯი ტარიელ რატიანიძე მოედანზე 97 წუთის განმავლობაში იღწვოდა. ის „ნარბონთან“ შეხვედრაში ძირითადში იყო, ხოლო ორი შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

მხოლოდ ერთი შეხვედრა ითამაშა „დაქსის“ ბურჯმა ელიზბარ ყუფარაძემ, „ბეიონთან“ სათადარიგო იყო და მოედანზე 37 წუთი გაატარა.

პრო დ2-ის ლეგიონერები სრულად (ძირითადი გუნდი+ესპუარები)

ალბი: ბექა შეყლაშვილი (ბურჯი), ვახტანგ მაისურაძე (მეორე ხაზი);

ბეიონ: ანტონ ფეიქრიშვილი (ბურჯი);

ბეზიე: ლაშა ლომიძე (მესამე ხაზი);

დაქსი: ელიზბარ ყუფარაძე (ბურჯი);

ექს: გიორგი ზაქაშვილი (ბურჯი), ნიკოლოზ პატარაია (ბურჯი);

ლიონი: ზაზა ნავროზაშვილი (ბურჯი), გიორგი ჯავახია* (მეორე ხაზი), ლუკა იურინი* (ფულბექი);

მონ-დე-მარსანი: ბექა გორგაძე (მესამე ხაზი);

ნარბონი: ტარიელ რატიანიძე (ბურჯი), ასტამურ იოსელიანი (ბურჯი);

ორიაკი: ლევან დათუნაშვილი (მეორე ხაზი), მერაბ შარიქაძე (შუამარბი), გიორგი შარაშიძე (ბურჯი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ბურჯი);

პერპინიენი: დიმიტრი ბასილაია (მესამე ხაზი), გიორგი მჭედლიშვილი (ბურჯი);

ტარბი: კახა კობერიძე (ბურჯი), ირაკლი მირცხულავა (ბურჯი), გიორგი ნემსაძე (მეორე ხაზი), ბესო გოგოლაძე*(მეორე ხაზი).

შენიშვნა: მოთამშის გვარის ბოლოს * მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოთამაშე ესპუარების გუნდშია.

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:11 | 04.03.2016
GiorgiG83 (525)

საჭირო და კეთილშობილი საქმეა, ვიდრე უბრალოდ სტატისტიკა

0.087504