ამბები

14:25 | 3.10.2011 | ნანახია 1905 - ჯერ

კარტერი “ოლ ბლექსს” ვეღარ დაეხმარება

სანაკრებო შეხვედრებში მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირმა, ახალი ზელანდიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დენ კარტერმა საზარდულის ტრავმა მიიღო და მიმდინარე მსოფლიო თასზე “ოლ ბლექსს” ვეღარ დაეხმარება.
29 წლის ნახევარმცველმა ტრავმა კანადასთან მატჩისწინა ვარჯიშზე მიიღო. გუნდის კაპიტნის, რიჩი მაკქოუს ტრავმის ფონზე, კარტერს ზელანდიის ნაკრებისთვის პირველად უნდა ეკაპიტნა. ის ჯარიმების კარში დარტყმებს ხვეწდა, როდესაც მარცხენა ფეხის საზარდულთან აუტანელი ტკივილი იგრძნო. დამატებითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაზიანება სერიოზულია და კარტერი 10-12 კვირა მოედანზე გასვლას ვეღარ მოახერხებს. ექიმები აცხადებენ, რომ კარტერს აქამდე მსგავსი პრობლემა არასდროს ჰქონია და უჭირთ იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია დაზიანება ამჯერად.
“ეს ტრაგედიაა ძალიან ნიჭიერი სპორტსმენისთვის, რომლისთვისაც 2011 წლის მსოფლიო თასი კარიერის პიკი უნდა გამხდარიყო”, - თქვა “ოლ ბლექსის” მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ.
თავად კარტერი ამბობს, რომ როდესაც ტკივილი იგრძნო, მაშინვე მიხვდა, რომ საქმე სერიოზულ დაზიანებასთან ჰქონდა. არადა, იმ დღეს მან ჩვეულებრივზე ნაკლები დარტყმის შესრულება გადაწყვიტა და ტრავმის მიღების მომენტში, ბოლო დარტყმას ასრულებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კარტერმა პრესკონფერენცია მოიწვია და ჟურნალისტებთან მომხდარზე ისაუბრა:
“მაშინვე მივხვდი, რომ სერიოზული დაზიანება მქონდა, რადგან აუტანელი, განსხვავებული ტკივილი ვიგრძენი. ბავშვობიდან მოყოლებული, ათასობით დარტყმა მაქვს შესრულებული და მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. ისეთი შეგრძნობა მქონდა, თითქოს მთელი ფეხი შეირყა. ჩვეულებისამებრ, ვარჯიშებზე ოცამდე დარტყმას ვასრულებ, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ოთხი დარტყმა მქონდა გადაწყვეტილი და ტკივილი ბოლო დარტყმის შესრულებისას ვიგრძენი. მთელი კვირის განმავლობაში თავს კარგად ვგრძნობდი, არანაირ ტკივილს არ შევუწუხებივარ და მიჭირს იმის თქმა, თუ რა დამემართა. ძალიან მძიმე იყო შაბათი დღე. ლოგინში ვიწექი და თამაშს ასე ვუყურებდი, მაშინ, როდესაც იმ დღეს გუნდის კაპიტნის სამკლავური პირველად უნდა მომერგო”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087964