სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ფრანსუა სტეინს სამშობლოში დაბრუნება და მხრის ოპერაციის გაკეთება მოუწევს. ამრიგად, მისთვის ეს მსოფლიო თასი უკვე დასრულდა და პიტერ დე ვილერსმა შემცვლელად 27 წლის ზეინ კირხნერს უხმო.
24 წლის მორაგბემ დაზიანება სამოასთან 13:5 მოგებული შეხვედრის მიწურულს მიიღო. თავდაპირველად, ექიმებს ჰქონდათ მცირე იმედი, რომ ის მსოფლიო თასზე თამაშს კიდევ მოახერხებდა, მაგრამ განმეორებითმა, სრულფასოვანმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ სტეინს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.
“იმედგაცრუებული ვარ. არც კი ვიცი, დაზიანება როდის მივიღე. სავარაუდოდ, ეს რაქში თამაშისას მოხდა, როდესაც მის გასუფთავებას ვცდილობდი. ისღა დამრჩენია, დარჩენილ შეხვედრებში ჩვენს გუნდს წარმატება ვუსურო”, - თქვა სტეინმა, რომელმაც ქულების მოგროვება ოთხივე შეხვედრაში მოახერხა. პირველ სამ მატჩში მან თითო ლელო გაიტანა, ორჯერ კი, შორეული ჯარიმები ზუსტად შეასრულა და ჯამში 21 ქულა მოაგროვა.
სტეინისთვის ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასი მეორე იყო. 4 წლის წინათ, როდესაც სტეინი მხოლოდ 20 წლის იყო, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც მსოფლიო თასის ოქროს მედალი მოიპოვა. “სპრინგბოკის” მთავარი მწვრთნელი პიტერ დე ვილერსი ამბობს, რომ ახლა მას ტაქტიკის შეცვლა მოუწევს, რადგან მოწინააღმდეგეები ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დაჯარიმებას აღარ მოერიდებიან.
რაც შეეხება კირხნერს, მას სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის მაისური 14 შეხვედრაში აქვს მორგებული, უკანასკნელად კი, გასული წლის ნოემბერში ინგლისის წინააღმდეგ ითამაშა. წლევანდელი “სამი ერი” მან ტრავმის გამო გამოტოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია