ამბები

23:27 | 4.10.2011 | ნანახია 5876 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” 2015 წლისთვის დარაზმულები არიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთი ნაწილი, ხელმძღვანელობასთან ერთად, საქართველოს საღამოს დაუბრუნდა, დანარჩენები შუაღამისას ჩამოვლენ. უკვე ჩამოსულები  - სპორტის მინისტრიდან დაწყებული, მორაგბეებით დასრულებული - ამტკიცებენ, რომ 2015 წლის მსოფლიო თასი საქართველოსთვის უკეთესი იქნება!
ლადო ვარძელაშვილი: “ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ შედეგით, რაც მსოფლიოს თასზე ვაჩვენეთ. საქართველოს მთავრობა, მინიმუმ, განაგრძობს იმ პროგრამას, რასაც რაგბის განვითარება ჰქვია და შესაძლოა, ეს პროგრამა უფრო მასშტაბური გახდეს. მსოფლიოს თასზე აუცილებლად მოსაგები თამაში მოვიგეთ, დანარჩენ შეხვედრებშიც ძალები არ დავზოგეთ. მეტი წარმატებისათვის აუცილებელია, რომ მეტი გამოცდილება მივიღოთ”.
ლაშა ხმალაძე: “ყველა კმაყოფილი ვართ იმ შედეგით, რაც ზელანდიაში ვაჩვენეთ. მეტის მიღწევა გვსურდა,  შოტლანდიასთან ან თუნდაც არგენტინასთან, მაგრამ არ გამოვიდა. გამოცდილება დაგვაკლდა იმისათვის, რომ ისინი დაგვემარცხებინა და კიდევ, არ გვეყო პროფესიონალი მორაგბეები. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ჯერ მათი დონის პროფესიონალები არ ვართ... ალბათ, ყველამ დაინახა და კომენტარი ზედმეტია, თუ რა დამემართა  არგენტინასთან გატანილი პირველი სანაკრებო ლელოს დროს. ტაიმის ბოლოს გატანილი ეს ლელო მთელი გუნდის დამსახურება იყო. იმედი გაგვიჩნდა, რომ მეორე ნახევარში უკეთესი შედეგი გვექნებოდა, მაგრამ...  მე პირადად, ჩემთვის ახალ, 15 ნომრის პოზიციაზე თამაშისას, ბევრს ვნერვიულობდი, მაგრამ მგონი არამიშავდა...”
ალექსანდრე თოდუა: “ჩვენი თამაში ყველა სპეციალისტმა ძალიან კარგად შეაფასა. ვფიქრობ, სამომავლოდ მეტი პოტენციალი გვაქვს და ამაზე ვიმუშავებთ. ექიმებმა სწორად შეაფასეს სიტუაცია და ინგლისთან მატჩში თამაშის გაგრძელების უფლება არ მომცეს, მაგრამ შემდეგ მოედანზე ვიყავი და მგონი, თავი არ შემირცხვენია. გუნდს ვჭირდებოდი, თავსაც კარგად ვგრძნობდი და მოედანზე გასვლაზე უარს როგორ ვიტყოდი. თუმცა ეტყობა, ძალიან კარგად ვერ ვითამაშე და უცხოური კლუბებიდან წინადადებებიც ამის გამო არ მიმიღია”.
ლაშა (ბაჩო) ხურციძე: “საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მსოფლიოსთვის თავი გაეცნო. ჩვენ ვიყავით ყველაზე აქტიურები, მოვინახულეთ საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები და ყველამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები ამ კუთხით იყო ლიდერი - ყველაზე თბილი და მეგობრული გუნდი. ამასთან, საქართველოს ნაკრებმა აჩვენა ძალიან კარგი თამაში და რომ არა ცუდი მსაჯობა პირველ (შოტლანდიასთან) და ბოლო (არგენტინასთან) თამაშში, შედეგიც უკეთესი იქნებოდა. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ საქართველო არის ყველაზე პროგრესირებადი გუნდი და 2015 წელს, ინგლისის მსოფლიოს თასზე, მხოლოდ ღირსეულად წასაგებად აღარ ჩავალთ. ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით და უკვე არის საუბარი, რომ ჩვენი ევროპის “ერთა თასის” ამარა დატოვება აღარ შეიძლება. გვექნება ტესტები კანადასთან, ამერიკასთან, ტონგასთან, ასევე იაპონიასთან”.
ირაკლი ჩხიკვაძე, გივი ბერიშვილი, ლევან დათუნაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, დავით კაჭარავა, დავით ხინჩაგიშვილი, ლექსო გუგავა და ვასილ კაკოვინი თბილისში 5 ოქტომბერს ჩამოვლენ.
 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.11072